"მარგველაშვილს ექნება გამარჯვების დიდი შანსი, თუ "ოცნებამ" მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი" - კვირის პალიტრა

"მარგველაშვილს ექნება გამარჯვების დიდი შანსი, თუ "ოცნებამ" მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი"

საპრეზიდენტო არჩევნები და მისი მთავარი ინტრიგა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ვის შორის გაიმართება მთავარი ორთაბრძოლა. მმართველი ძალა კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. დიდი ალბათობით, "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებაზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება. შეგახსენებთ, 2016 საპარლამენტო არჩევნებისასაც თბილისის ერთ-ერთ ოლქში სწორედ ის გახლდათ "ქართული ოცნების" ფავორიტი.

ის ვარაუდი, რომ მმართველ ძალას არ ჰყავდეს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი, კიდევ უფრო გაამყარა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებმა.

"ნამდვილად არ გვაქვს დასრულებული ამ საკითხზე ბჭობა. მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი. იქ ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიცია პირველსავე დღიდან, რაც მსჯელობა დაიწყო, იყო განსხვავებული. თავშივე გულწრფელად გეტყვით, რომ არავინ დამიჭირა მხარი. დროში მხრდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად ("ქართული ოცნების" წევრებს ველაპარაკები, ვინც დღესაც წინააღმდეგია და არ იზიარებს ჩემს პოზიციას) გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით განვითარდეს, გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის არის საჭირო. მართალია ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მისი პოზიციაა და გუნდს შეუძლია არ გაიზიაროს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის გარეშე ერთ ნაბიჯს არ გადადგამს.

თუ ვინ იქნება სახელისუფლებლო გუნდის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე ჯერ რთული სათქმელია. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ კი დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი, მაგრამ ყველა მაინც ამჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია - გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებასთან ჭიდილს პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისთანავე დაასრულებს თუ ახალი ვადისთვის იბრძოლებს.

9 ოპოზიციური პარტიის მცდელობამ კი, როგორც ჩანს, ჩანასახშივე განიცადა კრახი. ანალიტიკოსების აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს იმხელა რეიტინგი, რომ სახელისუფლებო კანდიდატს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით თუ ვიმსჯელებთ ვაშაძეზე დიდი რეიტიგნი "ევროპული საქართველოს" კანდიდატს დავით ბაქრაძეს აქვს, რომელიც საარჩევნო მარათონში უკვე ჩაერთო. მაგრამ ბაქრაძის მცდელობაც ამაო აღმოჩნდება, თუ საბოლოოდ გაირკვევა უსუფაშვილისა და მარგველაშვილის ტანდემის ბედი.

როგორც ცნობილია, უსუფაშვილის მიმართვის შემდეგ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე და ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. თუმცა მოხდება თუ არა მათი გაერთიანება და ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი უცნობია.

შეხვედრის დეტალებს ორივე მხარე ასაიდუმლოებს, თუმცა უსუფაშვილი ზომიერად ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ მარგველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს. თავად პრეზიდენტი კი როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ელოდება და შემდეგ თვითონ ჩამოყალიბდება რას აპირებს.

"ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ ამ კვირაში კიდევ ერთხელ შედგება შეხვედრა. ღია წერილშიც აღვნიშნე და ვუთხარი, რომ ქვეყნის გადარჩენისთვის, რაღაც გზაა მოსაძებნი. მე მას ასევე ვუთხარი, რომ მზად ვარ გადავხედო ჩემს შემოთვაზებას თუ მას სხვა იდეა ექნება. თუ არა და მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა.

სრული თავდაჯერებულობით ვამბობ, მე ვიქნები თუ გიორგი იქნება კანდიდატი ორივე ვიქნებოდით ღირსეული და სერიოზული ალტერნატივა სხვა კანდიდატის. დარწმუნებული ვარ, საინტერესო საარჩევნო კამპანია გვექნება. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება მართლა არჩევანი გააკეთონ.

ამ ბრძოლაში ვიქნებით ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი კანდიდატი და წარმატებას მივაღწევთ და ჩვენს სიტყვას ვიტყვით.

ამ პროცესმა ერის კონსოლიდაციის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი და არა დაყოფის", - უთხრა "კვირის პალიტრას" უსუფაშვილმა.

ალბათ ტრადიციულად, ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც, თუმცა ეს იქნება მხოლოდ ბრძოლა ბრძოლისთვის.

"თუ მარგველაშვილი და უსუფაშვილი ერთად გამოვლენ სერიოზული ძალა ჩამოყალიბდება. თუმცა მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით სახელისუფებლო კანდიდატი გაიმარჯვებს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. ოპოზიციას რეალური შანსი რომ იბრძოლოს პრეზიდენტის სავარძლისთვის, ექნება მაშინ, როცა ერთ კანდიდატზე შეჯერდებიან. დღეს ოპოზიცია იბრძვის არა პრეზიდნეტის სკამისთვის არამედ იმისთვის თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა", - გვითხრა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, მისი აზრით, კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებები იმდენად შეზღუდულია, რომ "ოცნებას" ვერანაირ პრობლემებს ვერ შეუქმნის და გიორგი მარგველაშვილივით "თავის ტკივილად" არ ექცევა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი განსხვავებულად ფიქრობს. მისი თქმით, "სალომე ზურაბიშვილი კონფლიქტური ადამიანია, "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მიიღოს იმაზე უარესი, რაც მარგველაშვილში არ მოსწონდა".

ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით კი: "მარგველაშვილს აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, თუ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი. ჩემთვის წარმოუდგენელია გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა, თუნდაც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, მაშინ, როდესაც ქართულად გამართულად ვერ ლაპარაკობს და დღესაც პენსიას საფრანგეთიდან იღებს. მას გაცილებით დიდი ღვაწლი აქვს გაწეული უცხო ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ დიდი შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობისას, როდესაც რუსული ბაზების გაყვანა უხაროდა და მომავალი ომი ვერ განჭვრიტა".

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი: "უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს"

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)