"ადრე თუ ჭექა-ქუხილით იმუქრებოდნენ, ახლა ცხელ შემოდგომაზე ლაპარაკობენ" - კვირის პალიტრა

"ადრე თუ ჭექა-ქუხილით იმუქრებოდნენ, ახლა ცხელ შემოდგომაზე ლაპარაკობენ"

აგვისტოს ომიდან 2 წელი გავიდა. ეს ომი საქართველოს ასზე მეტ დაკარგულ სოფლად და რამდენიმე ასეული მოქალაქის სიცოცხლედ დაუჯდა. ექსპერტების აზრით, ამ ომის შედეგების გამოსწორებას, ტერიტორიების დაბრუნებას არაერთი წელი დასჭირდება, მაგრამ ვინ დააბრუნებს "ჩიტივით გაფრენილ სიცოცხლეს"? აგვისტოს ომზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან:

- დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის გამო საქართველოს დასჯა რუსეთმა 90-იანი წლების დასაწყისში გადაწყვიტა. მერე იყო დსთ-ში საქართველოს ძალით შეყვანა. რუსეთი განსაკუთრებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გავერაგდა, როდესაც აჭარაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გავლენა აღდგა.

პუტინის ხელისუფლება საქართველოში გავლენის შესანარჩუნებლად რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ძალისმიერ ვარიანტზე შეჩერდა, რათა მეტი ტკივილი მიეყენებინა საქართველოსთვის და ომის ავანტიურაში ჩავეთრიეთ.

ამას ემსახურებოდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რეფერენდუმების ჩატარებაც. რუსეთის ხელისუფლება მიხვდა, თუ ომის პროვოცირებას გადადებდა, ამ ტერიტორიებს დაკარგავდა. ამიტომაც შემოვიდნენ რუსეთის ჯარები და იძულებული გაგვხადეს, ქვეყანაში შემოჭრილი უცხო ქვეყნის ჯარებისთვის პასუხი გაგვეცა.

- ოპოზიციას უკვირს, რომ აგვისტოს ამ ტკივილიან დღეებში მიხეილ სააკაშვილმა კოლუმბიაში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე წასვლა გადაწყვიტა. - წასულიყო თუ არა სააკაშვილი 7 აგვისტოს კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ამაზე სახელისუფლებო გუნდშიც იმსჯელეს და გადაწყდა მისი კოლუმბიაში გამგზავრება, რადგანაც იქ მსოფლიოს ბევრი ლიდერი ჩავიდა. სამი ლათინურამერიკული ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ დიდი მნიშვნელობა შესძინა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობას.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მიტაცებული ტერიტორია არ დავაკანონებინოთ ოკუპანტებს. ვენესუელისა და ნიკარაგუის ნაბიჯი, ფაქტობრივად, ხომ მოსყიდვა იყო. ეს არც უგო ჩავესს დაუმალავს და თქვა, რამდენიც (400 მილიონი) გადაუხადეს. რუსებს გაცილებით იაფი დაუჯდათ ნიკარაგუა. არც ლუკაშენკოს დაუმალავს, რომ ფულს სთავაზობდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ.

- NDI-ის კვლევებით სააკაშვილს უგულავა უსწრებს წინ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდში ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე გამოიკვეთა?

- ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რომ მეორეზე უგულავაა და მესამეზე - სააკაშვილი. ამ კვლევით კეთილგანწყობის რეიტინგი შემოწმდა. უგულავას მაღალი ნდობა იმის ნიშანია, რომ სახელისუფლებო გუნდმა კონცენტრირებული საარჩევნო კამპანია ჩაატარა. თბილისის მერიასაც რომ ენდობიან, იმის მანიშნებელია, რომ თბილისის პრობლემებს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ მოსახლეობას ხელისუფლების იმედი აქვს და ეს იმედი არ უნდა გავუცრუოთ.

- NDI-ის კვლევების თანახმად, მხოლოდ 26%-მა დაუჭირა მხარი სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებას.

- NDI-ის ხელმძღვანელ ლუის ნავაროს ვუთხარი კიდეც, რომ ამ კითხვის დასმა არაკორექტული  იყო. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვუყურებთ როგორც ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისათვის გადადგმულ ნაბიჯს და არა რომელიმე სახელისუფლებო შტოს დაუძლურებისათვის. კონსტიტუციის ახალი ვარიანტი ევროპული დონისაა და ხელისუფლების გადანაწილების უკეთეს საშუალებას იძლევა. ვინ იქნება პრემიერი, 2012 წლის არჩევნები განსაზღვრავს.

ვინც უფრო წარმატებული იქნება, ის წარადგენს პრემიერის კანდიდატურას. თუ ჩვენი გუნდი ოპოზიციაზე უკეთეს პროგრამას შესთავაზებს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ აგვირჩევენ.

რადიკალებს, რომლებიც დღეს ქრისტიანდემოკრატებსა და "ალიანსს" აკრიტიკებენ, გარე ძალის იმედი აქვთ, ტანკებით შემოვა და ხელისუფლებას შეცვლისო. იმიტომ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვთ. ეს NDI -ის კვლევებმაც აჩვენა.

პირები, ვისაც არჩევნებში გამარჯვების იმედი არა აქვთ, ადრე ჭექა-ქუხილით იმუქრებოდნენ, ახლა ცხელ შემოდგომაზე ლაპარაკობენ. ვისაც კარგი მოსავალი მოსდის, მას ცხელი კი არა, თბილი შემოდგომა ექნება. ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, "ნაციონალური მოძრაობა" იმაზე მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე.