"ბევრს დაუფარავად გაუხარდა ჟვანიას გარდაცვალება" - კვირის პალიტრა

"ბევრს დაუფარავად გაუხარდა ჟვანიას გარდაცვალება"

"ლუკა კურტანიძე ჩემთან მეგობრობის გამო იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო"

- თვე-ნახევრის წინ ჩვენს პარტიაში შემოვიდა მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომლის სპორტული მიღწევები ყველამ იცის. სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ დაიბარა და უთხრა, ან ბურჯანაძესთან იმეგობრებ, ან სამსახურში ივლიო. კურტანიძის არგუმენტზე, რა შუაშია ბურჯანაძე, მე ხომ ჩემს საქმეს გულწრფელად ვემსახურებიო, უთხრეს, არავის სჭირდება შენი გულწრფელი სამსახური, თუკი იმ პირებთან იმეგობრებ, რომლებიც არ მოგვწონსო.

ლუკა კურტანიძეს პოლიტიკური განცხადებაც კი გაუკეთებია, ისე წამოვიდა სამსახურიდან. ეს ამბავი ორი კვირის შემდეგ გავიგეთ და ამას პირველად თქვენ გეუბნებით", - განგვიცხადა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის პოლიტიკური გუნდი სახალხო კრების იდეის მხარდამჭერია.

- თავის დროზე სახალხო კრებას "დაიცავი საქართველო" და "ეროვნული ფორუმი" შეუერთდნენ, რამდენად იაქტიურებენ, დრო გამოაჩენს. ვინც რეალურად იბრძვის ხელისუფლების შეცვლისა და არა ფასადური ცვლილებებისთვის, მონაწილეობას მიიღებს სახალხო კრების მუშაობაში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ხალხმა თავისი დამოკიდებულება გამოხატოს ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ. 29 სექტემბერს გაიმართება მხარდამჭერთა დარბაზის გაფართოებული სხდომა, სადაც გამოცხადდება სახალხო კრების გამართვის თარიღი.

კრების ერთ-ერთ ინიციატორ, ბატონ ლუკა კურტანიძისთვის ოპოზიციაში წამოსვლამდე ხელისუფლებასა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას უთხოვია, მონაწილეობა მიეღო სპორტის ახალ სახეობაში (ჭიდაობა პლაჟზე) გამართულ შეჯიბრებაში, თან იქნებ შენი კავშირები გამოიყენო, რომ მომავალ წელს ფილამ (ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციამ) პლაჟზე ჭიდაობაში ჩემპიონატი ბათუმში ჩაატაროსო.

სპორტის ამ სახეობაში ლუკა კურტანიძემ ვერცხლის მედალი აიღო. მისი კავშირების წყალობით ფილამ გადაწყვიტა, მომავალ წელს  ბათუმში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი პლაჟზე ჭიდაობაში. ლუკა კურტანიძე აგვისტოშიც უნდა წასულიყო შეჯიბრებაზე, მაგრამ ორი კვირის წინ უთხრეს, ოპოზიციონერი სპორტსმენებისთვის ფული არა გვაქვსო.

იგივე ხდება ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებაში. ჩემი შვილი 53-ე სკოლაში სწავლობს და მის კლასს არ მისცეს წარმატებული კლასის სიგელი (მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური მოსწრებისა და დასწრების საუკეთესო შედეგი ჰქონდათ).

მასწავლებელს პედსაბჭოზე გამოუცხადეს, შენს კლასს სიგელს არ მივცემთ, რადგან მასწავლებლიან-მოსწავლეებიანად ოპოზიციონერები ხართო.

ჩემთვის გაუგებარია ხელისუფლების დემაგოგიური განცხადებები, რუსეთის არსებობა რამდენიმე წლით დავივიწყოთო. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. ეს აფხაზეთისა და ოსეთის დაკარგვასთან შეგუებაა და სწორედ ეს არის ხელისუფლების მიზანიც.

ხელისუფლება გვეუბნება, გერმანიამ 50 წელი მოანდომა გაერთიანებას, საქართველოს მეფეები კი ათწლეულებსა და    საუკუნეებს ანდომებდნენ ქვეყნის გამთლიანებასო, ამით აღიარებს, რომ არა აქვს პრობლემის მოგვარების უნარი.

- რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი შეხვდა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ არც პრეტენზია და არც კითხვები ჰქონიათ სააკაშვილთან.

- სააკაშვილმა 3 აგვისტოს აღნიშნა აგვისტოს ომის მეორე წლისთავი, რადგან 8 აგვისტოს, ომის დაწყების Dდღეს, კოლუმბიაში გასეირნება მოუნდა, პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო.

რუსეთის ხელისუფლებას იმისთვის ველაპარაკები, რომ ომი აღარ განმეორდეს,  დაღუპულებს კიდევ არ მიემატონ სხვები, კიდევ არ დაიკარგოს მიწა. ამის გამო მაკრიტიკებენ დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრები და კითხვას არ სვამენ, რა ეზეიმებოდა სააკაშვილს 8 აგვისტოს, ომის მეორე წლისთავზე? ჩანს, გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლების ნაწილს ინფორმაცია არა აქვს. გარდა ამისა, მშობლისთვის ნაკლებად მტკივნეულია იფიქროს, რომ მისი შვილი სამშობლოს შეეწირა (და ეს ასეც არის), ვიდრე სააკაშვილის ამბიციას.

სააკაშვილსა და მის რამდენიმე თანამებრძოლს არაერთხელ უთქვამთ, ქართველ ხალხზე გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვსო. სხვათა შორის, საზოგადოების ერთი ნაწილის შემგუებლობა მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი გარკვეულწილად მართალი იყო, მაგრამ ისინი საზოგადოების მცირე ნაწილია. ჩვენ გაცილებით უკეთესები ვართ, ვიდრე სააკაშვილსა და მის გარემოცვას წარმოუდგენიათ. ჩვენ გაცილებით ღირსეულ ხელისუფლებას ვიმსახურებთ. მთელი მსოფლიო დასცინის სააკაშვილს, მსოფლიო პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის ის ანეკდოტური სიტუაციები, რომელიც ჩვენს ხელისუფლებაში ხდება.

- გულისხმობთ ვერა ქობალიას სკანდალურ ფოტოებსა და ბიოგრაფიის გაყალბებას?

- მთელ მსოფლიოში სტაჟსა და გამოცდილებას ანიჭებენ უპირატესობას. შეიძლება მინისტრად დანიშნო პირი, ვისაც ორი კაცის უფროსადაც არასოდეს უმუშავია? მაგრამ ნიშნავენ. სააკაშვილი ამბობს, დასავლური ფასეულობების მატარებელი ვარო, სინამდვილეში იმ საბჭოთა ლიდერივით აზროვნებს, რომელიც ამბობდა, სახელმწიფოს მართვა მზარეულ ქალსაც შეუძლიაო.

ეს არის მინიდიქტატორული სახელმწიფო, სადაც შეიძლება ნებისმიერი ისე დასვა თანამდებობაზე, არც იკითხო მისი განათლება, კვალიფიკაცია, მორალსა და სხვა "არქაულ გადმონაშთებზე" ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

შეადარეთ სააკაშვილისა და შევარდნაძის ხარჯები, შეადარეთ მათი მინისტრების ქონება, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ცალ-ცალი ჩექმა ეცვათ. სააკაშვილი ზრუნავს, რომ გარემოცვა დაპურებული ჰყავდეს და ამით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

კრიმინალური და უკანონო ბიზნესი არის ის სადავე, რომლითაც სააკაშვილს უჭირავს უმრავლესობის წევრების დიდი ნაწილი და თანამდებობის პირები, რომელთა ერთ წარმომადგენელს ისიც უთქვამს, მზად ვარ "კამაზზე" დავჯდე და ბურჯანაძეს დავაჯახოო. ამით ვერ შემაშინებენ და ისიც იცოდნენ, ვიცი, ჩემზე რასაც ლაპარაკობენ.

- რას გულისხმობთ კრიმინალურ ბიზნესში?

- ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობას. საქართველოში, სადაც ყველა და ყველაფერი ისმინება, შეუძლებელია ნარკოტიკების ასეთი ბრუნვა იყოს. ქვეყანაში ამდენი ნარკომანი იყოს და ქმედითი ღონისძიებები არ ტარდებოდეს. ჩვენ მხოლოდ ერთი ანტინარკოტიკული ოპერაცია და ფული (ისიც გასარკვევია, რა ფული იყო) გვაჩვენეს, მაგრამ არ უჩვენებიათ ნარკოტიკი. აღარაფერს ვამბობ უმრავლესობის წევრებისა და მინისტრების ბიზნესზე უკრაინაში, რომლის გადატანასაც ახლა ბელორუსიაში ცდილობენ. ამ ყველაფრის დაკარგვისა და დანაშაულის ამოტივტივების ეშინიათ.

კარგია, ანაკლიაში სასტუმრო და მესტიაში სათხილამურო კურორტი რომ შენდება, მაგრამ ცუდია, როდესაც ავადმყოფები დიალიზის აპარატის ნაკლებობის გამო იხოცებიან. როდესაც არჩევანია გასაკეთებელი, ანაკლიაში სასტუმრო გახსნა, ბათუმში სტრიპტიზბარი (სადაც პრეზიდენტმა და მისი მთავრობის წვერებმა უნდა იარონ) თუ დიალიზის აპარატი იყიდო, მესამე უნდა აირჩიო. სააკაშვილი უწინ    წინააღმდეგი იყო, რომ ჩვენს ჯარისკაცებს უცხოეთში ემსახურათ.

ლაპარაკი იყო კოსოვოდან ჩვენი კონტინგენტის გამოყვანაზეც, სხვაგან დასახოცი ჯარისკაცები არ გვყავს, ისინი საქართველოს სჭირდებიანო, ამბობდა, მაგრამ როდესაც პოლიტიკური შეცდომების ჩამორეცხვა დასჭირდა, კარგად გამოიყენა ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში.

- თქვენმა მეუღლემ ამას წინათ ბრძანა, კიდევ 6 თვე რომ ეცოცხლა ზურაბ ჟვანიას, სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნებოდაო.

- სააკაშვილი ხედავდა, რომ ზურაბ ჟვანიამ გაძლიერება დაიწყო, ყველა სამინისტროსა და დეპარტამენტში თავისი კადრის დანიშვნას ახერხებდა. ეს ძალიან აღიზიანებდა სააკაშვილის გარემოცვას. ბევრს დაუფარავად გაუხარდა ჟვანიას გარდაცვალება. ხელისუფლებაში ბევრს აძლევდა ხელს ჟვანიას სიკვდილი და ამას სიცოცხლეშიც ეუბნებოდნენ ხუმრობით.

როდესაც სამაჩაბლოში ჟვანიას კორტეჟი დაცხრილეს, მაშინ ბატონმა ზურაბმა (სააკაშვილის კაბინეტში ვიყავით) ნახევრად ხუმრობით იკითხა, შემთხვევით თქვენ ხომ არ ისროლეთო? ერთმა უპასუხა, ჩვენებს რომ ესროლათ, არ აგაცდენდნენო.

ეს ხუმრობაში გავატარეთ, მაგრამ სიმართლის მარცვალი ყველა ხუმრობაშია. ჟვანიას შეეძლო ძალიან მკაცრად დალაპარაკებოდა სააკაშვილს და თავისი პოზიცია დაეცვა. ვატყობდი, რომ ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბათ, მაგრამ ჟვანია კარგად მანევრირებდა. ჟვანიამ დიდი შეცდომა დაუშვა "გაერთიანებული დემოკრატების" გაუქმებით. როცა ეს ამბავი ტელევიზიით გავიგე, ზურას ვუსაყვედურე, ეს უსამართლობაა-მეთქი.

ვუთხარი, ეს ნაბიჯი ძვირად დაგიჯდება-მეთქი. მაშინ მის სიკვდილს ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ...

- რით ახსნა ეს გადაწყვეტილება ჟვანიამ?

- ჩათვალა, რომ სააკაშვილის ნდობას    ჩემგან დისტანცირებითა და პარლამენტის ფლანგის დასუსტებით მოიპოვებდა. უნდოდა, სააკაშვილისთვის ეჩვენებინა, უკან არც პოლიტიკურ ძალას და არც დასაყრდენს არ ვიტოვებ ბურჯანაძის სახითო. ამ მანევრით ის სააკაშვილზე მეტი ზეგავლენის მოპოვებას ცდილობდა, რაც შეძლო კიდეც, მაგრამ თუ დადასტურდა მისი არაბუნებრივი გარდაცვალების ვერსია, ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ ჟვანიამ სწორად ვერ შეაფასა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მზაკვრობა. სააკაშვილს სულ ეშინოდა მათი, ვინც ოდნავ მაინც წამოიწევდნენ წინ ან მასზე მეტი პოლიტიკური ძალა ან გამოცდილება ჰქონდათ.

- ბოლო დროს ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალური კითხვა ასეთია, სააკაშვილი 2013 წელს აპირებს წასვლას?

- დემეტრაშვილი სააკაშვილის საქმეს რომ აკეთებს, ეჭვიც არ შეგეპაროთ. ამაზე მეტყველებს კონსტიტუციის ის ახალი ვარიანტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების გაძლიერებას ემსახურება. შეხედეთ სასახლეს, რომელიც სააკაშვილმა აიშენა და მიხვდებით, 2013 წელს იქიდან გამოსვლას აპირებს თუ არა. სააკაშვილი იმ ჭკუაზეა, გიგი უგულავას, დათო ბაქრაძეს ან ირაკლი ალასანიას ნებით გადააბაროს ის შენობა და თვითონ პენსიაზე გავიდეს? რა მნიშვნელობა აქვს, ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენისას რა ერქმევა - პრემიერი თუ სხვა რამ?

საზოგადოებას ბევრჯერ გაუცრუვდა იმედი, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს. მხოლოდ მაშინ დავიბრუნებთ ღირსებას, თუ უღირსობას არ შევეგუებით. ხელისუფლება პასუხს აგებს 2008 წლის აგვისტოსა და იმაზეც, რომ ცხინვალის მოსახლეობა სასიკვდილოდ გაიმეტა, რაკი სააკაშვილს ცხინვალში უნდოდა საზეიმო მიტინგის ჩატარება. ღირსებას დავიბრუნებთ მაშინ, როდესაც აფხაზებსა და ოსებს ვეტყვით, რომ ეს ომი შეცდომა, ყველაზე დიდი ტრაგედია და დანაშაული იყო და დავსჯით დამნაშავეებს.