"კვირიკაშვილის დუმილი არასწორი პოზიციაა"
"კვირიკაშვილის დუმილი არასწორი პოზიციაა"
როგორ იქცა ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პრემიერი მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურად, მართლაც დათმობს თუ არა "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო ინსტიტუტს და როგორ უნდა გაჯანსაღდეს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა, "კვირის პალიტრის" კითხვებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პასუხობს:

- ორწლიანი დუმილის შემდეგ საჯარო სივრცეში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი დაღლილი მომეჩვენა, თითქოს ექვსწლიანი პოლიტიკური ეპოპეით დამძიმებულია და გამოსავალს ეძებს, თუმცა როგორც პარტიაში, ისე მის გარეთ არსებულ პრობლემებთან ისევ მარტოა და კვლავ ვერ წარმოუდგენია სხვების დახმარებით
ამ სირთულეების გადალახვა. მართალია, კონკრეტული სახელის დარქმევა უჭირს, მაგრამ ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ რეალურად სისტემურ პრობლემებთან აქვს საქმე და საკონსტიტუციო უმრავლესობამაც ქვეყანა წინ კი არ წაიყვანა, უკან დახია. თქვა კიდეც, ევროპაში საკონსტიტუციო უმრავლესობას ველურობად აღიქვამენო. დიახ, ასეა და ამიტომაც გვქონდა პრეტენზია "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომელიც პარლამენტს,
ადგილობრივ ხელისუფლებასა თუ საჯარო სექტორში არსებულ ნებისმიერ რგოლს სრულად აკონტროლებდა. ასეთ რთულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე, სადაც ყველაფერი მხოლოდ ბიძინაზე ან ბახტაძეზე თუ ვინმე სხვაზე კი არ იქნება ჩამოკიდებული, პასუხისმგებლობა სხვადასხვა ძალაზე გადანაწილდება.

- არსებობს კი დღეს მმართველ გუნდში მრავალპარტიულობის სურვილი ან საერთოდ, რომელმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შექმნან დღეს მრავალპარტიული პოლიტიკური სივრცე და საზოგადოების ნდობაც მოიპოვონ?
- სანამ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნება" თავის სათბურში თბილად ჰყავს შეფარებული, სასუქს უყრის და წყალს ასმევს, პარტია არსებობის ნიშანწყალს ვერასდროს გამოავლენს, თუმცა აუცილებლად მოვა დრო და გარწმუნებთ, ეს გარდაუვალია, როდესაც "ქართულ ოცნებას" სათბურიდან გამოსვლა და ბუნებრივ პირობებში არსებობის გაგრძელება მოუწევს.

- რას გულისხმობთ, პარტიის რამდენიმე ძალად დაშლას თუ უახლოეს მომავალში "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლას?
- ფაქტია, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში 2030 წლამდე იქნება, რისთვისაც ადამიანური რესურსიც სჭირდება, "ქართული ოცნების" წევრები კი ივანიშვილს ეუბნებიან, აგერ ვართ და მოგვიხმარეო.

სწორედ ასეთი არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემაა დასანგრევი და იცით, როგორ? ყველა უკანონო ფინანსური არხი უნდა გადაიკეტოს და ივანიშვილმაც გაიაზროს, რომ "ოცნების" ბიუჯეტი და მისი პერსონალური სიმდიდრე ერთი და იგივე არ არის. მენტალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, რომ ივანიშვილი ყოველთვის გადაიხდის იმდენს, რამდენიც "ქართული ოცნების" გასამარჯვებლად იქნება საჭირო.

კეთილინებონ "ქართული ოცნების" წევრებმა, თავი მოიქექონ და საზოგადოებაში ავტორიტეტი ივანიშვილის ფინანსური რესურსის გარეშე მოიპოვონ.
ამ მხრივ პრობლემა გახდა ხელისუფ­ლების მიდგომა მედიასაშუალებებისადმიც - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დავინახოთ, რომ თუ "რუსთავი 2" სიცრუის მანქანაა, მას სხვა სიცრუის მანქანით ვერასდროს დაამარცხებ? პირიქით, უარეს შედეგამდე მივედით და ორი სიცრუის მანქანა შეგვრჩა ხელში. თუ ხელისუფლება ერთ მატყუარა ტელევიზიას ორი მატყუარა ტელევიზიით შეებრძოლება, მივიღებთ ტყუილს კუბში. პრობლემაა ადმინისტრაციული რესურსიც - სუს-მა და სხვა ამ ტიპის უწყებებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზეც საქმე მათი "მოსაგვარებელია".

- "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის თაობაზე მოულოდნელი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია და გაჩნდა ეჭვიც, პოლიტიკური გარიგების საფუძველზე ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ხომ არ გაიმარჯვებსო. რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი მართლაც ამ სცენარით გამოიყენოს, თუ ეს ხმები უფრო კონსპირაციული თეორიებია?
- ამ განცხადებით ივანიშვილმა "ჩორტი" ჩააგდო. ვის სჯერა, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებს დათმობს? მერწმუნეთ, ეს არ იქნება - მარგველაშვი­ლი ვერ აიტანა სისტემამ ისეთი, როგორიც არის და ახლა ოპოზიციისთვის გაიმეტებენ პრეზიდენტის ინსტიტუტს? გამორიცხულია. ივანიშვილ­ისგან ამ ფრაზის თქმა საზოგადოებაში მხოლოდ კითხვების გაჩენას ემსახურებოდა. ის ნიჭიერი კაცია და კარტების არევა კარგად ეხერხება, ვისურვებდი, კარტების დალაგებაც ასევე "ნიჭიერად" გამოუვიდეს. ახლა ყველა ერთმანეთს ეჭვით უყურებს, აბა, ვინმე ხომ არ შეხვდა ივანიშვილს ან ვინმეს ხომ არ დაურეკა? ეს ეჭვები კი დღეს როგორც პოლიტიკურ წრეებს, ისე მედიასა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს, მეტიც, ისეთ ადამიანებსაც კი აწუხებთ, ვისაც ბიძინას სატელეფონო ზარი არასდროს ემუქრება. ეს იყო მიზანიც, მე კი ყველას ვურჩევ, არ აღელდნენ და საქმიანობა მშვიდად განაგრძონ.

- რა გამოდის, პრეზიდენტი ისევ "ქართული­ ოცნებისთვის" მისაღები კანდიდატი გახდება, "ქართული ოცნების" ევროპულ პარტიად გარდაქმნა, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა, ისევ ილუზიად დარჩება, გიორგი კვირიკაშვილი კი მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ, უბრალოდ, განტევების ვაცად დასჭირდა?
- მთავარი პრობლემა არაჯანსაღი პოლიტიკური სისტემაა - პოლიტიკური სისტემა თუ არ გაჯანსაღდა, ფეხბურთში "დინამო" ყოველთვის წააგებს. ხორვატიამ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ქვეყანამ პოლიტიკური სისტემა დაალაგა. ჩვენთან კი პოლიტიკასა და ფეხბურთს ერთი და იგივე ადამიანები მართავენ. სხვათა შორის,
კვირიკაშვილის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ პოლიტიკური ამბიცია არ ჰქონდა, ვერც მთავრობაში იქცა ლიდერად და ვერც პარტიაში,
ძირითადად, ეკონომიკურ საკითხებს კურირებდა. სხვათა შორის, ივანიშვილსა­ და კვირიკაშვილს შორის ეკონო­მიკურ ხედვებზე აზრთა სხვა­დასხვაობა ჯერ კიდევ ე.წ. ესტონურ მოდელზე მსჯელობისას დაიწყო. ივანიშვილი ფიქრობდა, რომ ესტონური მოდელით საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ამიტომაც კვირიკაშვილს ხშირად ეკითხებოდა, ეს მოდელი რამდენად სწრაფად მოიტანს ეფექტსო? საერთოდ, ბიძინა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის ურთიერთობა ღარიბაშვილისადმი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.
ივანიშვილს კვირიკაშვილთან ხშირი და ყოვლისმომცველი კომუნიკაცია არ ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას სხვა საინფორმაციო არხები არ ჰყავდა და პროცესებს არ აკონტროლებდა.

- მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა ივანიშვილისა და კვირიკაშვილის გზების გაყრის მიზეზი? მან რამდენჯერმე ახსენა კვირიკაშვილის ბანკებთან ურთიერთობაც, მანამდე კი ვრცელდებოდა ხმა, რომ ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელთან შეთანხმებით გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. დასაშვებია ვერსია, რომ ივანიშვილმა მას სწორედ შესაძლო დამოუკიდებელი პოლიტიკური ჩანაფიქრი არ აპატია?
- გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მართლაც მოითხოვა. ის მინიმალურად იყო ჩართული პოლიტიკურ მოვლენებში, სამართალდამცავ სტრუქტურებში მისი როლი კი ნულამდე იყო დასული. ეს გახდა სწორედ კვირიკაშვილის მთავარი შეცდომაც. ხომ ხედავთ, ივანიშვილსაც გაუჩნდა არგუმენტი, რომ კვირიკაშვილი სხვა სამინისტროებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც, ახლა კვირიკაშვილის ბრალი აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდა წვდომა ისეთ უწყებებზე, რომლებიც წლებია ექსკლუზიურ სფეროდ ითვლებიან.

- რომელია ექსკლუზიური სფეროები, რომლებზე წვდომაც შესაძლოა პრემიერსაც არ ჰქონდეს?
- პრემიერს უნდა ექვემდებარებოდეს უშიშროების სამსახური და პოლიციის მართვაც, რაც არ ხერხდებოდა.
რაც შეეხება კვირიკაშვილის შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებს, გავიხსენოთ, რა განსხვავება იყო ღარიბაშვილისა და მის გადადგომას შორის.
2015 წელს, როდესაც ღარიბაშვილი გადადგა, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ ჰქონია განცდა, რომ ქვეყანაში ბევრი ცუდი ფაქტი დაგროვდა და ეს ვიღაცას უნდა დაჰბრალებოდა. ღარიბაშვილის დროს უფრო ცუდი რაღაცების მოლოდინი იყო და სანამ ეს მოხდება, პრემიერს ვცვლითო, ასეთი იყო მაშინ ხელისუფლების პასუხი. ამიტომაც არ გაჩნდა ვიღაცაზე ხელის შეწმენდისა და ჯოხის გადატეხის სურვილი. 2018 წელს კი აღმოჩნდა, რომ ჯოხი აუცილებლად ვიღაცაზე უნდა გადატყდეს და ხელიც უნდა შეეხოცოს, ასეთი კი კვირიკაშვილი გამოდგა. სხვა პასუხი საზოგადოებისთვის მმართველ ძალას არა აქვს - კვირიკაშვილი განტევების ვაცია.

გიორგი კვირიკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ შესაძლოა, მას მსგავსი განცხადებების შემდეგ, პირდაპირი მნიშვნელობით, გული გაუსკდეს, მაგრამ საჯაროდ, სამწუხაროდ, მაინც არაფერი თქვას.
პოლიტიკაში სინდისის ძაფი არ უნდა გაიწყვიტო და უგულობაც არ ვარგა, მაგრამ არც ის არის მისასალმებელი, ყველ­აფერი შენთვის დაიტოვო და სიმართლე არ თქვა, ეს ხომ კერძო კი არა, სახელმწიფოებრივი საკითხია?! ორმა ბანკმა გადაჭ­ამა ქვეყანაო, პოპულისტური განცხადებაა­ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ აზრს ეთანხმება, მაგრამ ხომ უნდა მოვისმინოთ განმარტება, კონკრეტულად რა დააშავა კვირიკაშვილმა ბანკების საკითხში? ასეთი განმარტება ივანიშვილისგან არ მოგვისმენია და კვირიკაშვილიც უნდა დადუმდეს? ვფიქრობ, ეს არასწორი პოზიციაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - თბილისთან ერთად, კონსტიტუციაში ანაკლიაზეცაა ჩანაწერი. მართლაც საინტერესოა, როგორ მოხვდა კონსტიტუციაში ანაკლია, როდესაც სხვა ქალაქები დასახელებული არ არის, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ან ბათუმს, ან შატილს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ?

- გაქვთ მეტი ინფორმაცია ამ ჩანაწერზე?
- ანაკლიის ჩანაწერის თაობაზე თეორია ასეთია - კონსტიტუციაში ანაკლია კვირიკაშვილის ინიციატივით ჩაიწერა, რათა ინვესტორებს მეტი გარანტია ჰქონო­დათ სახელმწიფოსგან და მისი, როგორც საპორტო ტერიტორიის მნიშვნელობა უფრო ამაღლდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გვითხრას კვირ­იკაშვილმა, ვის თავში მომწიფდა ეს იდეა? სხვას ახლა არაფერს ვიტყვი...
ან პარლამენტში რომ მივიდა ასეთი ტექსტი, მაშინ არც ერთ დეპუტატს არ გაუჩნდა კითხვა ანაკლიაზე? თუ იმის თქმას აპირებენ, რომ კვირიკაშვილმა აიძულა ისინი, მხარი დაეჭირათ ამ ცვლილებისთვის, რეალურად კი ამის სურვილი არ ჰქონდათ? მოსახლეობას ვერ დაარწმუნებენ, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემას კვირიკაშვილი ქმნიდა, სხვები კი ამას თურმე ვერ ხედავდნენ.

რუსუდან შელია
Vep 1963
04 აგვისტო 2018 11:39
კაცის კაცი ხარო ,რომ უთხრა მელიამ სულ კეთილები აგინა.ეხლა მელია ვინც არის კი ვიცით ,მაგრამ კაცის კაცი ხომ სიმართლე გამოდგა?
ვგიჟდები
30 ივლისი 2018 19:48
პატარა ბუტკა უნდა გავხსნა და სად შევიძენ ოფტომ მარიხუანას. ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნეთ.
ეკა
30 ივლისი 2018 16:22
კვირიკაშვილს დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ტენდენ იურები არ უნდა ვიყოთ არც ერთხარეს
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები