"პატრიოტებს" სირიიდან ახლა ცხინვალში "ეპატიჟებიან"
30-07-2018
"პატრიოტებს" სირიიდან ახლა ცხინვალში "ეპატიჟებიან"
აფხაზეთის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სირიაში დარჩენილ თუ მსოფლიოში გაფანტულ ოს რეპატრიანტებს "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნებისკენ მოუწოდებენ... თუმცა, სანამ ამ თემას შევეხებოდეთ,­ რუსეთის მეგობარი მარიონეტების შეხვედრაზე შევჩერდეთ. ჩანს, ანატოლი ბიბი­ლოვი "ქვეყნის" "აღმშენებლობისა" და "განმტკიცების" საქმეში გამოცდილებას დიქტატორ ბაშარ ასადისგან იღებს - მასთან­ საუბრისას­ ბიბილოვმა აღნიშნა, რომ სწორედ ტერორიზმთან მებრძოლი ლიდერი­სგან შეიძლება ძალიან ბევრი რამის სწავლა. ბიბილოვმა ეს უთხრა ბაშარ ასადს, რომლის მმართველობას მთელ მსოფლ­იოში მხოლოდ­ რუსეთი უჭერს მხარს, რომლის ქვეყანაშიც 2011
წლიდან ომია გაჩაღებული, დაღუპულია ნახევარ მილიონზე მეტი და ლტოლვილად იქცა 5 მილიონი კაცი. საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ასადმა რამდენჯერმე გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაღალტოქსიკური ნივთიერება "ზარინი"... დამასკოში ასადმა და ბიბილოვმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას "მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ". სირიის დიქტატორის თქმით, ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის სწორ
პოზიციას, ორიენტაცია აიღოს აღმოსავლეთის ქვეყნებზე და არა დასავლეთზე... ცხადია, ამ მასკარადის ავტორი რუსეთი­ იყო, რომელმაც როგორც აფხაზეთის, ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სირიასთან "დიპლომატიური ურთიერთობების განვითარება" დაგეგმა.

ბიბილოვის დამასკოში ვიზიტს კომიკ­ურს უწოდებენ თავად ოსებიც და ამბობენ, რომ დემოკრატიაზე ლაპარაკი სიბრიყვეა იმ ქვეყანაში, სადაც წლებია ბომბები ცვივა და მოსახლეობის ჟლეტა მხოლოდ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას ემსახურება.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ბიბილოვი სირიაში რუსეთიდან, სირიის იმ კერძო ავიაკომპანია Cham Wings Airlines-ის ავიალაინერით ჩაფრინდა, რომლითაც, სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, როსტოვიდან სირიაში საიდუმლო ჩარტერული რეისებით რუსი დაქირავებული მებრძოლები ჩადიან (ლაპარაკია "ვაგნერისა" და "პატრიოტის" დაჯგუ­ფებებზე).

ითქვა ისიც, რომ ამ მიზნებ­ის­თვის სირიის ავიაკომპანია საქართველოს საჰაერო სივრცესაც იყენებდა, რაც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კატეგორიულად უარყო... ასეა თუ ისე, მას შემდეგ, რაც სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, "საქაერონავიგა­ციამ" Cham Wings-სა და Syrian Air-ს საქარ­თველოს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობაც.

რაც შეეხება სირიიდან ოსი რეპატრ­იანტების ჩამოსახლების "გრანდიოზულ პროექტს", ოსური მედიის ცნობით, მათი ჩასახლება ახალგორის რაიონში იგეგმება,­ პრინციპი კი აფხაზებისგან გადაიღეს. "აფხაზეთის საზღვარი ძირძველი აფხაზებით უნდა იყოს დასახლებული, რათა ქვეყანაში შემოსულ ადამიანს სუფთა აფხაზური­ განწყობა დახვდეს", - აცხადებდა ე.წ. რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ეს ადვილი საქმე­ არ იქნებოდა. მოსახლეობა­ს "პატრიოტიზმის მოტივები" მალევე გაუნელდა და განაცხადა, რომ განსხვავებული რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე მათი ინტეგრირება გაძნელდება. ეს საკითხი ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც აქტუალურია. მოსახლეობა­ წლებია სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე - უმუშევრობაზე, ბოროტმოქმედთა თარეშსა და ნარკომაფიაზე ჩივის.

"რამდენიმე ათასი ოსის ჩამოსახლებას­ აპირებენ, რომელთაც თურმე "თვითმყოფ­ადობა შეინარჩუნეს" და "ისტორიულ ფესვებს" უბრუნდებიან... სამხრეთ ოსეთში ვერ შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა, არადა,­ ამისთვის ვიბრძოლეთ 90-იან წლებში. სკოლებსა და ბაღებში რუსულ ენაზეა განათლება, ოსურად მხოლოდ უფროსი თაობა ლაპარაკობს­ და სირიაში როგორ შეძლეს თვითმყოფადობის შენარჩუნება ერთი საუკუნის წინ წასულებმა, თანაც რადიკალურ­ მუსლიმანურ ქვეყანაში?!" - ამბობენ ისინი.

ოსური მედიის ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყებამდე სირიაში­ 2 500-ზე მეტი ოსი ცხოვრობდა. მათი წინაპრები ოსეთიდან ახლო აღმოსავლეთში XIX საუკუნის შუახანებში, კავკასიური ომების­ დროს გადასახლდნენ, მეორე ნაკადი კი XX საუკუნის დამდეგს წავიდა.

აჰმედ ალიბეგოვი "წინაპრების სამშობლოში" 90-იან წლებში დაბრუნდა. ამბობს, რომ სირიაში დარჩენილ ახლობლებთან­ ურთიერთობას არ წყვეტს და ირწმუნება­, რომ სირიაში ოსურ დიასპორას ცალკე არასდროს უარსებია, ის კავკასიელ ხალხ­თან­ ერთად ჩერქეზულ დიასპორაში შედიოდა... "დამასკოში, ალეპოსა და ჰომსში არსებობდა დიასპორის დიდი კლუბი, თუმცა ახლა მათთან კონტაქტი თითქმის შეუძლებელი იქნება", - ამბობს ალიბეგოვი და იმედოვნებს, რომ რუსეთის დახმარებით მათი პოვნა შესაძლებელი გახდება. როგორც ამბობს, ოსები ომის დროს იორდანიაში, ლიბანში­, თურქეთსა და ევროპაში გაიქცნენ და დამასკოში ახლა ასამდე კაცი თუ იქნება დარჩენილი, ისინიც რუსულად ლაპარაკობენ და ოსური მხოლოდ გვარები აქვთ შემორჩენილი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოსი რეპატრიანტების ჩამოყვანა გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველა ლიდერმა სცადა, თუმცა როგორც აფხაზეთში, უშედეგოდ. მაშინ ერთმა სირიელმა აფხაზმა თქვა, მეგონა, ევროპაში მოვყავდი და "გაყინული ომის რეგიონში" კი ჩამოვედიო. აპრილში სირიელმა აფხაზმა, ოთხი შვილის მამამ, რომელიც გუდაუთაში დაასახლეს, თავი მოიკლა.ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეკონომიკა პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბიბილოვმა რამდენიმე დღის წინ "არაამბიციურ ინვესტორებს"­ უხმო და ყირიმთან ეკონომიკური პროექტების განვითარებას შეუდგა. ბოლო წლებში ერთადერთი, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში აშენდა, ხიდი იყო, რომლის სიმყარე ვლადიმირ პუტინმა პირადად შეამოწმა "კამაზით", თუმცა ამ შოუმ ინვესტორების მოზიდვას ხელი ვერ შეუწყო.

რაც შეეხება ცხინვალში 2012 წელს ჩამოსულ ოს რეპატრიანტებს, ოსური მედია წერს, რომ მაშინ მათთვის არავის შეუთავაზებია მოქალაქეობა, საცხოვრებელი ან სხვა სახის დახმარება, ამიტომ მათი ნაწილი ისევ სირიაში დაბრუნებას ცდილობდა.

2012 წელს სირიელი ოსები ჩრდილოეთ ოსეთშიც ჩავიდნენ, თუმცა პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვიც ზუსტად ისე შეხვდა მათ, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში "უმასპინძლეს". ოსური დიასპორის ხელმძღვანელი ჰიშამ ალიბეგი ამას თავის პუბლიკაციებში აპროტესტებდა: "მივწერე მამსუროვს, რომ აქ როგორღაც შევინარჩუნეთ­ ოსური სული, კულტურა და, ასე თუ ისე, ენაც... თუ ისტორიულ ფესვებს არ დავუბრუნდებით, გავქრებით-მეთქი, მაგრამ მისი პასუხი არ მიმიღია... რამდენიმე ოჯახი თვითნებურად ჩავიდა იქ, თუმცა ძალიან მალე გამობრუნდა და თავშესაფარი ევროპას სთხოვა".

ამჯერად სირიაში დარჩენილ და სხვა ქვეყნებში გაფანტულ ოსებს იმედი აქვთ, რომ "ისტორიულ სამშობლოში" დაბრუნება უფრო ორგანიზებული იქნება. შესაძლოა რუსეთის ჩარევით მათი ჩამოყვანა მართლაც მოხერხდეს, თუმცა, რა იქნება შემდეგ, ამას ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა წინასწარმეტყველებს: "მათი ნაწილი ისევ უკან გაიქცევა და ეცდება, ევროპამდე ჩააღწიოს. ისინი კი, ვინც რუსულად ლაპარაკობენ, რუსეთს მიაშურებენ".

ერთი ვერსიით, ამ ღონისძიებას მხოლოდ პიარის სახე ექნება. შესაძლოა მხოლ­ოდ რამდენიმე ათეული ოჯახი ჩამოას­ახლონ და მათ ახალგორში კი არა, ცხინვალში სპეციალურად მოწყობილ კომპაქტურ დასახლებაში დააბინავებენ, შემდეგ კი ისინი არავის ემახსოვრება.

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები