"ბახტაძის პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია" - კვირის პალიტრა

"ბახტაძის პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია"

"ახალი გუნდი "ოცნებაში" შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში"

ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას კიდევ 5 გუბერნატორი გაუშვა პოსტიდან და რეგიონული მართვის კომპონენტი პრემიერის აპარატს დაუქვემდებარა. რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამს ის საპრემიერო სტარტზე და ზრუნავს თუ არა საკუთარი გუნდის შექმნაზე? ან რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილებები ხეტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, რამაც  ხაიშში ვითარება ისე დაძაბა, რომ პოლიციის სპეცრაზმიც კი შეიყვანეს? - ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა, გთავაზაობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პოლიტიკას, პრემიერობას გამოცდილება სჭირდება. ბახტაძე ახალგაზრდა კაცია, მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ მისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ძალიან არასწორი მგონია, მით უფრო, რომ პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს. პირველივე მისი გადაწყვეტილება (დარწმუნებული ვარ, ამას მასთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდნენ) შეცდომა იყო, თან ეს მოხდა სვანეთში. სვანეთში ნამყოფი თუ არა ხარ, რუკა ხომ არსებობს! თუ მართლაც ხეტყის ჭრის გაკონტროლება უნდა ვინმეს, ის ხეტყე ჰაერით ხომ არ გადმოდის, ვერც ენგურით გამოიტანენ, რადგან კაშხალზე დაგროვდება. ერთი სამანქანე გზაა და, ბოლოს და ბოლოს, ვიდეოკამერებით გააკონტროლონ. რატომ უნდა შეიყვანო ამ ვითარებაში სპეცრაზმი სადმე, თუ ამას ვინმე დასაბუთებულად ამიხსნის, ბოდიშს მოვიხდი ჩემი სიტყვებისთვის.

ბახტაძის პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია.

გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ხეტყეს არც უკავშირდებოდეს და სპეცრაზმის შეყვანა სხვა ფაქტორებს უკავშირდება, მაგალითად, მოსახლეობისთვის ძალის დემონსტრირებას.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, სავარაუდოდ, უშვებენ იმ ხალხს, ვისაც არ ენდობიან. შესაძლოა, ისინი მართლაც უკავშირდებიან კვირიკაშვილს.

რაც შეეხება ბახტაძის გუნდს, მას გუნდი არ ჰყავს და ვერც ეყოლება. გუნდს ვერავინ შექმნის მაშინ, როდესაც ცდილობ კარგი ურთიერთობა გქონდეს ივანიშვილთან.

საქმე ის არის, შენი გუნდიც ხედავს, რომ რეალურად შენ არა ხარ გადაწყვეტილებების მიმღები, შესაბამისად, შენთან იქნება მანამდე, ვიდრე ხელისუფლებაში ხარ.

ახალი გუნდი "ოცნებაში" შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

ნათია დოლიძე