"შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს..." - კვირის პალიტრა

"შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს..."

ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა შედეგებთან შედარებით წარმატებული აღმოჩნდა, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - თუ კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რატომ გაუშვეს? ამაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს თურმე კვირიკაშვილის დამსახურება ნაკლებად არის და ამაში ლომის წილი იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ მამუკა ბახტაძეს უძევს. ვახტან ძაბირაძემ ამ საკითხის შეფასებისას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" განაცხადა:

- ივანიშვილის თქმით, რაც კი რამ ცუდი ხდებოდა, კვირიკაშვილის ბრალი ყოფილა, წარმატება კი სხვისი დამსახურება, რაც ძალიან არალოგიკურია.

- ბოლო დროს, განსაკუთრებით კი ივანიშვილის განცხადებების შემდეგ, გაჩნდა ვარაუდები, რომ კვირიკაშვილის გუნდის წევრების პროკურატურაში დაბარების შემდეგ, შესაძლოა ექსპრემიერიც დაიბარონ.

- "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ინტერვიუს შემდეგ, შესაძლოა, საზოგადოებაში გამყარდეს ეჭვი, რომ კვირიკაშვილის თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარებები პოლიტიკური დაკვეთა იყო. ამასთან, თუ ნამდვილად არსებობს სამოხელეო გადაცდომა ან დანაშაული, რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს და დამნაშავეც დაისაჯოს.

ერთი კია, ცხადად ჩანს, რომ პარტიაში ერთიანობა არ არის და არსებობს დაჯგუფებები, რომლებსაც ერთმანეთთან მსოფლმხედველობრივი და იდეური კავშირი არა აქვთ. ეს ცხადად ჩანს მათ გამოსვლებშიც, როგორც წესი, ერთი ალთასაა და მეორე ბალთას.

ცხადია, ვერც იქნებოდა ერთგვაროვანი, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ეს უმრავლესობა წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ტიპებმა დააკომპლექტეს.

"ქართული ოცნება" დგას საფრთხის წინაშე, რომ დაიშალოს ჯგუფებად, რადგან მათ თავიანთი პოლიტიკური (და არა მხოლოდ) ინტერესები აქვთ. როგორც კი ამ ინტერესებს რაიმე დაემუქრება, მაშინვე აირევა მონასტერი.

ახლა მათი მთავარი საფიქრალია, ვინ მოხვდება 2020 წლის საპარლამენტო სიაში და ვინ დარჩება ბორტს მიღმა. მძაფრი ურთიერთდამოკიდებულებები რომ აქვთ ერთმანეთში, ჭიჭინაძის ინციდენტითაც გამოჩნდა - როცა კომკავშირელს გიწოდებენ, ეს გწყინს და ამის გამო ადამიანს პარტიიდან რიცხავ, ეს რა არის, თუ არა მართლაც კომკავშირელობა? მაინცდამაინც ლენინის ნიშანი კი არ უნდა გიმშვენებდეს მკერდს.

2020 წლისთვის განხეთქილებები უფრო გაღრმავდება, დიდი ალბათობით, უფრო გაუარესდება მდგომარეობა ქვეყანაშიც, ამიტომაც შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს, თუ არ დაგვემორჩილებით, თქვენც ამ გზის გავლა მოგიწევთო. რა გასაკვირია, რომ შექმნილი ვითარება ვინმემ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასოს, როდესაც კარგად გვახსოვს ტრაქტორებისა და კაბელების საქმეები.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "კვირიკაშვილის დუმილი არასწორი პოზიციაა"

ნათია დოლიძე