"მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"
06-08-2018
"მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის"
მიმდინარე კვირას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი სრულდება. ეს არის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა, როდესაც რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო კონფრონტაციაში გადაიზარდა, რასაც საქართველოს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, რომელთაგან უმრავლესობა დღემდე დევნილია. საქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები, რუსეთმა კი ჩვენი ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა. როგორ შეიძლება შეფასდეს დღევანდელი გადასახედიდან ეს მოვლენები და რა
ვითარებაა ოკუპაციიდან 10 წლის თავზე?

ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზი ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:­

- სამწუხაროდ, ომიდან 10 წლის თავზეც დეოკუპაციის მიმართულებით პოზიტიურ ცვლილებებზე ლაპარაკი არ შეგვიძლია; მეტიც - სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების მითვისებას. საქართველომ, ფაქტობრივად, ვერც
ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი ურთიერთობის ასაწყობად კულუარულადაც კი ვერ განახორციელა. იყო და არის ამის მცდელობები, მუშაობს პროგრამები სოციალური მიმართულებით, თუმცა ეს მასშტაბურად ვერაფერს ცვლის. ჩვენ ისიც კი ვერ შევძელით, მომხდარისთვის ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შეფასება მიგვეცა.

გამოვედი ინიციატივით, რომ ეს წელს მაინც მოგვეხერხებინა - დაგვეწყო ეს პროცესი 2018 წლის ზამთრიდან და აგვისტოსთვის გარკვეული შედეგი მიგვეღო, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა. ჩვენ უპირველესად ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ დამნაშავე, გავაანალიზოთ ჩვენი შეცდომები. მომხდარიდან მოყოლებული, არასდროს მითქვამს, ომი საქართველომ დაიწყო-მეთქი. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვაფარებ ხელს, არამედ რეალობაა ასეთი, რაც პუტინმაც აღიარა, როდესაც განაცხადა, ამისთვის 2006 წლიდან ვემზადებოდითო. მიხეილ სააკაშვილის შეცდომა ის იყო, რომ დაგებულ ხაფანგში თავი შეგნებულად გაყო.

ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ დეოკუპაცია შესაძლებელია რუსეთთან დიალოგით, რაც წარმოუდგენელია. კი ბატონო, მეც ვფიქრობ, რომ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია, ამან შეიძლება ხისტი პროცესები შეარბილოს, დრო მოგვაგებინოს, მაგრამ ნურავის ექნება ილუზია, რომ ამით რამე არსებითად შეიცვლება.
უმნიშვნელოვანესია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრი პოზიცია და მუდმივად შეხსენება რუსეთისთვის, რომ ის ოკუპანტია. ძალიან მნიშვნელოვანია ვაზიანში მრავალეროვანი სწავლებები, მაგრამ საქართველოში მუდმივად ისმის კითხვა - დაგვეხმარება კი დასავლეთი რეალური ძალით რუსეთის აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში?!

- დავუბრუნდეთ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებს. უკვე გარკვეულია საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 28 ოქტომბერს გადაწყდება, ვის აირჩევს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობა პირდაპირი წესით, ამჯერად - უკანასკნელად. ჩვენ უკვე ვიცით ზოგი კანდიდატის ვინაობა, თუმცა ჯერ უცნობია, "ქართულ ოცნებას" ეყოლება საკუთარი კანდიდატი თუ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. თუ ამ სცენარით იმოქმედა მმართველმა პარტიამ, ბევრის აზრით, ეს უფრო "ხელოვნური დემოკრატიის" მაგალითი იქნება და არა - დემოკრატიის განვითარებაზე რეალურად ზრუნვა, როგორადაც ბიძინა ივანიშვილმა წარმოაჩინა.
- შეიძლება ვუწოდოთ კიდეც ამ გადაწყვეტილებას "ხელოვნური დემოკრატია", რადგან "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მართლაც უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს იმ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს, ვინც მმართველი ძალის ფავორიტი იქნება, თუმცა მე ეს მაინც სწორი ნაბიჯი მგონია. თუ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც აირჩია ეს გზა, სავარაუდოდ, მათი ფავორიტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს როგორც ბევრი დადებითი მახასიათებელი, ასევე - უარყოფითიც. მას აქვს კარგი დიპლომატიური გამოცდილება, კავშირები, მაგრამ აქვს საკმაოდ ხისტი ხასიათი, რაც მავანისთვის მიუღებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი... ამ თემაზე "ქართულ ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მათ უნდა ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატი. პარტიის ხელმძღვანელობამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა, აეხსნა თავისი გუნდისთვის, რა საჭიროა ამ ტიპის მანევრი.

ჩემი აზრით, ამგვარი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნება" გარკვეულ სივრცეს დატოვებს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, რათა მათ რეალურად იბრძოლონ ამ პოსტისთვის. გავითვალისწინოთ ისიც, რომ დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია იყოს ასეთი, რათა ძალაუფლება ერთი პარტიის ყულაბაში არ მოექცეს.
ამასთანავე, არ არის გამორიცხული, ამით "ქართული ოცნება" შეეცადოს, აჩვენოს, რა ძალას ფლობს ოპოზიცია.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციურ კანდიდატთა შორის არის პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც, რომელიც, ჩემი აზრით, ხელწამოსაკრავი კანდიდატი სულაც არ არის. ვიცი საზოგადოების ნაწილი, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ხმას აუცილებლად დავით უსუფაშვილს მისცემს.

- ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, თუ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს, თავისი ხისტი ხასიათის გამო მან შეიძლება მმართველ გუნდს იმაზე მეტი პრობლემა შეუქმნას, ვიდრე გიორგი მარგველაშვილმა...
- თუ შიდა პოლიტიკის თავის ტკივილზეა ლაპარაკი, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. გავიარეთ უკვე მარგველაშვილის პერიოდი, მუდმივი ვნებათაღელვა, რაც ნამდვილად იყო უსიამოვნო, თუმცა ამით ქვეყანა არ დაქცეულა.

სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ექსცესები, თუმცა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, არა მგონია, მისმა ფაქტორმა არსებითი პრობლემები შექმნას. შეიძლება ის ვერ იყოს დიდი ორგანიზატორი - მას ხშირად საყვედურობენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს საორგანიზაციო საკითხებს თავი ვერ გაართვა, თუმცა რაც შეეხება დიპლომატიურ სივრცეს, მას ისეთი გამოცდილება აქვს, რომ ვფიქრობ, პრობლემები არ შეიქმნება.

- არსებობს მოსაზრებაც, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი იმდენად დაეცა, საკუთარი კანდიდატის შემთხვევაში დამარცხების ეშინიათ და დამოუკიდებელი კანდიდატით იზღვევენ თავს...
- არა მგონია. მე ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერისკენ დასავლეთიდან უბიძგეს. მიუხედავად შემცირებული რეიტინგისა, დღეს "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არ ჰყავს, მით უფრო - ოპოზიციის აბსოლუტური დაქსაქსულობის ფონზე.

- გამოქვეყნდა ენ-დი-აის მორიგი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმად, გამოკითხულთა 74%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში ვის დაუჭერს მხარს...
- ეს შეიძლება განპირობებული იყოს ნაწილობრივ იმით, რომ როდესაც კვლევა ჩატარდა, კანდიდატები დასახელებული არ იყვნენ, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ამომრჩევლის მაინც ძალიან მაღალი პროცენტია. შეიძლება ვიღაცას აეჭვებდეს ამ ორგანიზაციების კვლევები, მაგრამ ეს ტენდენციას მაინც აჩვენებს, ტენდენცია კი ქვეყანაში ასეთია: ამომრჩევლის ნიჰილისტური განწყობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უნდობლობაა. საზოგადოებას პოლიტიკა აინტერესებს საყველპუროდ. მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს იმდენად აღარ სჯერა პოლიტიკოსების, რომ მათთვის სულერთია, ვინ გაიმარჯვებს, საპრეზიდენტო იქნება თუ სხვა ტიპის არჩევნებში, რადგან არსებითად მათთვის არაფერი იცვლება.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ განწყობას ახალისებს ისიც, რომ ამომრჩევლის უმრავლესობამ იცის, რაოდენ შეზღუდული უფლებები აქვს პრეზიდენტს. ანუ უნდა აირჩიონ ადამიანი, რომელსაც არ ექნება მნიშვნელოვანი ბერკეტები. შესაბამისად, გაჩნდა გარკვეულწილად აგდებული დამოკიდებულება, რაც არასწორია. პრეზიდენტის პოსტი არის უმნიშვნელოვანესი, მიუხედავად შემცირებული უფლებებისა. მას აქვს მედიატორის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს პოლიტიკური დაპირისპირებების დროს. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც აქვს მნიშვნელოვანი სვლების გაკეთების საშუალება. პოლიტიკური ელიტის ბრალია, რომ საზოგადოებამ ზუსტად არ იცის, რა უფლება-მოვალეობები აქვს პრეზიდენტს.
გარდა ამისა, მას აქვს უმნიშვნელოვანესი - მთავარსარდლის ფუნქცია საომარ ვითარებაში. ეს ცოტა გაუგებარი მისიაა მშვიდობიანობის დროს უკიდურესად შეზღუდული უფლებების გათვალისწინებით, მაგრამ ფაქტია, რომ აქვს.

- ენ-დი-აის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიცია ერთი კანდიდატით უნდა წარდგეს, თუმცა...
- იმას, რომ ოპოზიცია შეთანხმებას თითქმის­ ვერასდროს ახერხებს, რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს. მათში უპირატესი, ალბათ, ამბიციაა. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ისინი გაერთიანებას ინდომებენ, მოწინააღმდეგე მხარე - ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება", ცდილობს, ეს გაერთიანება არ დაუშვას, რათა მოწინააღმდეგე არ გაძლიერდეს. ასეთი რამ პოლიტიკაში ყოველთვის და ყველგან ხდება. იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ... ეს დასაშვებია, თუ ნაბიჯები რადიკალური და სისხლიანი არ არის. სხვა მხრივ, კულუარებში ბრძოლა პოლიტიკაში მოსულა.

- ჩვენ უკვე ვახსენეთ "ქართული ოცნების" რეიტინგის კლება. ენ-დი-აის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% - "ევროპულ საქართველოს", 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას". ამასთანავე, გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
- "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ, უფრო სწორად - ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს დაინახა, მიხვდა, რომ პარტიაში ვითარება კატასტროფულია, რაც, ბუნებრივია, ქვეყნის მართვაზე აისახება - ეკონომიკური განვითარება შეჩერებულია, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა კი - მორღვეული.

"ქართული ოცნების" ვეტერანები, რომელთაც ლომის წილი შეიტანეს 2012 წელს პარტიის გამარჯვებაში, ან სრულად ჩამოაშორეს პარტიას, ან ხელოვნურად გარიყეს. სწორედ ამას მოჰყვა ეს ყველაფერი.
დაცემულ რეიტინგს პლუსი ის აქვს, რომ ასე მაინც ნათლად ხედავენ, რამდენად დიდია პრობლემები და ამიტომაც დააანონსეს ცვლილებები. პრემიერის პირველი ნაბიჯები და ინიციატივები სწორედ ამ ცვლილებებზეა ორიენტირებული. რამდენიმე ექსპერტთან ერთად მომეცა საშუალება, შევხვედროდი მამუკა ბახტაძეს. უნდა გითხრათ, რომ საინტერესო ხედვები აქვს. თუნდაც უსაფრთხოების მიმართულებით კარგად იცნობს ვითარებას, რაც ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ეს ყველაფერი კი მაძლევს იმედს, რომ არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა მიმართულებებითაც ბახტაძე რეალურ ცვლილებებს გაატარებს. საქართველოს დღევანდელი პრემიერი აცნობიერებს იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაშია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური მიმართულებით, კარგად ესმის ის მძიმე შედეგები, რაც მოიტანა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დარღვეულმა კომუნიკაციამ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგმება.

ძალიან არ მინდა, იმედი გამიცრუვდეს, ეს არც საზოგადოებას სურს. სხვა შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართულ ოცნებას" დიდი პრობლემები შეექმნება.

- 2 აგვისტოს გავრცელდა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის წერილობითი განცხადება, რომელშიც ის პოსტის დატოვების თაობაზე იუწყებოდა. ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, რაც ბევრისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ გადადგება, ეს ქვეყანაში სამართლებრივი კრიზისის უმძიმესი ვითარების პირდაპირი მტკიცებულებაა", - ასე შეაფასა გვენეტაძის პოსტიდან წასვლა იურისტმა ლია მუხაშავრიამ...
- კონკრეტულად რა გახდა ქალბატონ ნინოს წასვლის მიზეზი, არ ვიცი, ამიტომ მკითხაობას ვერ დავიწყებ, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო რომ არის, ცხადია. ნინო გვენეტაძემ ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას, ფაქტობრივად, აშკარად თქვა, რომ იყო გარკვეული ზეწოლის ქვეშ, თუმცა ამაზე არც საზოგადოებას და არც შესაბამის სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ.
სამწუხაროდ, "ქართული ოცნების ხელისუფლებამ" ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი გაუშვა ხელიდან, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა სასამართლოს რეალური რეფორმა. შესაძლებელი იყო, სხვა პრინციპით დაეწყოთ ცვლილებების განხორციელება და შედეგიც შესაბამისი მიეღოთ.

ვფიქრობ, იმის დაშვება, რაც მოხდა, არ შეიძლებოდა - მოსამართლეებმა, რომელთაც დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი საზოგადოების, ხალხის და კონკრეტული ადამიანების წინაშე; რომლებიც უსამართლოდ სჯიდნენ ჩვენს მოქალაქეებს და სააკაშვილის ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდნენ, შეინარჩუნეს მანტიები.
მეტიც - მოსამართლეების გარკვეულმა ჯგუფმა ხელში ჩაიგდო მართვის სადავეები და დღეს უდიდეს პრობლემას და საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის, იმაზე დიდსაც კი, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამის დაშვება როგორ შეიძლებოდა!..

ესენი არიან აბსოლუტურად თავზე ხელაღებული ადამიანები, რომლებიც თავის გადასარჩენად ყველაფერზე წავლენ. მათ შექმნეს კლანი, რომლის მძევლადაც იქცა სასამართლო სისტემა.
ნინო გვენეტაძემ შეიძლება შეცდომები დაუშვა და სასამართლოში არსებული ურთულესი ვითარების შეცვლა ვერ შეძლო, მაგრამ ამას გვენეტაძე მარტო, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, ვერ გააკეთებდა. ის დაკორტნეს, შეჭამეს ამ წლების განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში ჩააგდეს...
სასამართლოს გაჯანსაღების პროცესი ჩაიშალა. ამაზე პასუხისმგებლობა სრულად "ქართულ ოცნებაზეა".

ძალიან ბევრი რამაა გაფუჭებული და ამის გამოსწორება ძალიან რთულია. ფაქტობრივად, მოახერხეს, რომ ამის შეცვლა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარკვეული დემოკრატიული პრინციპები დაირღვევა...

- უმნიშვნელოვანესი იქნება, თუ ვინ დაიკავებს ამ პოსტს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეიდან იწყებს კანდიდატურის შერჩევის პროცესს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კანდიდატი ფართო კონსენსუსის შედეგად შეირჩეს...
- არა მგონია, მარგველაშვილმა მოასწროს ამის გაკეთება. ჩემი აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება შესაძლებელი...

- დიდი ხმაური მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას...
- ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად არასწორი და გაუთვლელი გადაწყვეტილება. მათ შეეძლოთ, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა, მგონია, რომ ეს გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებული პროცესია. ვიღაცას სწორედ ამგვარი აჟიოტაჟის შექმნა სურდა. ეს არ არის ლეგალიზაციის კლასიკური მაგალითი, შესაბამისად, პარლამენტი, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით დააბალანსებს.

- რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ ეს ხელისუფლებას ახალგაზრდა ელექტორატის გულის მოსაგებად დასჭირდა?
- არა მგონია, ასე იყოს. თუმცა თუ ვინმე ასე ფიქრობს ხელისუფლებაში, ძალიან ცდება, რადგან ამით მხოლოდ უკუეფექტს მიიღებენ, საზოგადოების სხვა ჯგუფებს გადაიმტერებენ; ასევე მიიღებენ გახლეჩილ საზოგადოებას.

ისე კი, ახალგაზრდები "ქართულ ოცნებას" კი არა, "გირჩს" დაუჭერენ, ალბათ, მხარს. ეს მათი ინიციატივა იყო. ასე თუ ფიქრობენ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმების წართმევას, მეტისმეტად ჩახუჭუჭებული და უგუნური ამბავი გამოდის... ისე კი, მიმაჩნია, რომ ის, რასაც "გირჩი" სამხედრო სამსახურიდან ახალგაზრდების თავის არიდების თვალსაზრისით აკეთებს, არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტება, ქართველი ახალგაზრდების დეგრადაციისთვის ხელის შეწყობა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ფულს რუსეთისა და ზოგიერთი ჩვენი მეზობლისგან არ იღებენ, ფაქტია, რომ მათ საქმეს აკეთებენ; აშკარაა, ქართველი საზოგადოების გასახლეჩად ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით