"არ გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის წასვლა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს უკავშირდება" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის წასვლა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს უკავშირდება"

ათი წლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნულმა ნინო გვენეტაძემ თანამდებობა სამი წლის შემდეგ მოულოდნელად დატოვა - განცხადება ამის შესახებ პრესსამსახურმა ისე გაავრცელა, რომ საზოგადოებასთან თავად ნინო გვენეტაძე არ გამოჩენილა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, თუმცა როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, მათთან ჯანმრთელობის პრობლემებზე გვენეტაძეს არასდროს უსაუბრია. მათი ინფორმაციით, ის მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრებაზე საუბრობდა.

ამ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ: "მიუხედავად იმისა, რომ ნინო გვენეტაძე არასაკმარისად რეაგირებდა სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მაინც ცხადი იყო მასსა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება", - ნათქვამია ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში. გვენეტაძის გადადგომას პრეზიდენტი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მნიშვნელოვანია, რომ მისი გადადგომის საკითხი არ მიიჩქმალოს, როგორც ბევრი პოლიტიკური მოვლენა.

"დახურულ შეხვედრაზე გვენეტაძე კოლეგებმა პატარა ბავშვივით კუთხეში მიაყენეს"

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი: - ბოლოს, როდესაც ნინო გვენეტაძეს ვესაუბრე, მითხრა, რომ მუშაობის გაგრძელებას აქტიურად აპირებდა. ის მისი წინამორბედისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არასდროს სარგებლობდა შვებულებით, ინტენსიურად იყო ჩართული ყველა პროცესში და მეტიც, როგორც მოსამართლე, ხშირად განიხილავდა საქმეებსაც. ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად გავლენიან კლანთან უწევდა ნინო გვენეტაძეს გამკლავება. ეს ჩანდა იუსტიციის საბჭოს სხდომებზეც.

- გასული წლის 6 ნოემბრის სხდომაზე მან თქვა კიდეც, რომ ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ამ მნიშვნელოვანი განცხადებისთვის ბევრს ყურადღება არ მიუქცევია. ეს გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ ის სისტემაში არსებული კლანების მსხვერპლი აღმოჩნდა? - მისი განცხადება ლუსტრაცია იყო, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სასამართლო სისტემა, მაგრამ საზოგადოებას ქვეყნის პირველი მოსამართლის მწვავე განცხადებისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მეტიც, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ გვენეტაძე ემოციებს აჰყვა. ამ განცხადებიდან მალევე გავრცელდა ჭორი, თითქოს ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, რაც მაშინ არ დადასტურდა. პირიქით, ამის შემდეგ გვენეტაძემ კიდევ ერთხელ სცადა კლანთან დაპირისპირება და უარი თქვა ახალი მოსამართლეების დანიშვნის ბრძანებაზე ხელი მოეწერა - ახალი მოსამართლეები იუსტიციის საბჭომ ისე შეარჩია, რომ არც ჩვენ, არამოსამართლე წევრები, და არც მაშინდელი თავმჯდომარე გასაუბრებას არ დავსწრებივართ. როდესაც ხელმოწერის პროცესი გაჭიანურდა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან დახურული შეხვედრა დაინიშნა, სადაც გვენეტაძე კოლეგებმა პატარა ბავშვივით კუთხეში მიაყენეს. უკვე ცხადი იყო, რომ მას მართვის ბერკეტი დაკარგული ჰქონდა. სწორედ მოვლენების განვითარების ასეთი ქრონოლოგია მაძლევს საფუძველს არ დავიჯერო, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.

- ითქვა ისიც, რომ გვენეტაძის გადადგომა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა "ქართული ოცნებისთვის". თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, წინასაარჩევნოდ პირველი მოსამართლის გადადგომა არ უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი ხელისუფლებისთვის, რადგან, გარდა იმისა, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება დასავლეთში რეაგირება, ასპარეზზე გამოდის და ახალი თავმჯდომარის შერჩევის მოტივით "ფართო ჩართულობას" აანონსებს პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ არ ამხელს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. დასაშვებია ვერსია, რომ სწორედ ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით იძია გარკვეულწილად შური ნინო გვენეტაძემ კლანზე? - ამაზე ზუსტი პასუხი მხოლოდ ნინო გვენეტაძემ იცის, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა საერთაშორისო თანამეგობრობას არ გამორჩება და შესაძლოა ხელისუფლებას მძიმე კითხვებიც დაუსვას. ჩინჩალაძე და მურუსიძე რომ კლანის სათავეში დგანან, ესეც ნათელია. სამწუხაროდ, ვერც ერთი რეფორმა თუ კანონში რამდენიმე მუხლის ცვლილება ვითარებას ვერ გამოასწორებს - ჩინჩალაძე ჩინჩალაძედ, მურუსიძე კი მურუსიძედ დარჩება, თუ კლანურ სისტემას არ შევებრძოლებით.

პარადოქსია, მაგრამ ჩინჩალაძე საქართველოში პირველი მოსამართლეა, რომელიც იუსტიციის საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა. ჯერ სურვილი არ გამოუთქვამს, თორემ მურუსიძესაც ხვალვე გაამწესებენ უვადო მოსამართლედ.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ნინო გვენეტაძის წასვლა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს უკავშირდება. დროში დამთხვევაც გვაძლევს ამ ვერსიის განვითარების შესაძლებლობას -

გვენეტაძე ერთ-ერთი იყო იმ სამ მოსამართლეს შორის, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის წარმოებაში მიღების საქმე განიხილა. სწორედ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს ის თანამდებობას ტოვებს - ეს ფაქტი კითხვებს აჩენს.

- ახლა მთავარია, ვინ დასახელდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და მოესწრება თუ არა კანდიდატურის შერჩევა არჩევნებამდე, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს პარლამენტი, რაც თავისთავად ზრდის რისკს, რომ სისტემაში მყოფი კლანი, დიდი ალბათობით, მისთვის მისაღებ კანდიდატურას დაასახელებს. - მოვლენების განვითარების ორი სცენარი გვაქვს: თუ მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული საჯარო დისკუსია არჩევნებამდე დასრულდება და პარლამენტი საზოგადოებრივ აზრს გაითვალისწინებს, შესაძლოა ამ პოსტზე მართლა ავტორიტეტული ფიგურა მივიღოთ. თუმცა, თუ პარლამენტი არ გაიზიარებს ამ პროცესს და დანიშვნა არჩევნების შემდეგ გადავადდება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის საბჭოს კანდიდატურაზე მსჯელობა მოუწევთ. მართალია, მეც იუსტიციის საბჭოს წევრი ვარ, მაგრამ ჩემი ერთი ხმა არაფერს წყვეტს - საბჭოს მართავს ჩინჩალაძის კლანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. არ გამოვრიცხავ, ჩინჩალაძეც კი დაასახელონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, რაც ისედაც ჩამოშლილ სისტემას მიწასთან გაასწორებს.

"სასამართლო სისტემას ამ ეტაპზე ბოლო შანსი აქვს"

სულხან სალაძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე: - ნინო გვენეტაძის გადადგომამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი - დიდი ალბათობით, ახლა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირების მორიგი რაუნდი დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს კანდიდატურა პარლამენტს.

- პროცესს ისიც ართულებს, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვადა, როდის უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, თუ მოქმედი ხელმძღვანელი პოსტს ვადაზე ადრე დატოვებს. - კანონმდებლობაში ვადები დათქმული არ არის, პრეზიდენტსაც არ ზღუდავს, დროულად დაასახელოს საკუთარი კანდიდატურა. ამის შემდეგ პარლამენტის პასუხისმგებლობა იქნება, იმსჯელებს შემოთავაზებულ კანდიდატზე თუ პროცესს ხელოვნურად გააჭიანურებს. დღეს, ფაქტობრივად, ბოლო შანსია, რომ სასამართლო სისტემაში მოხვდეს ადამიანი, რომელიც რეფორმების გატარებას ხელს შეუწყობს და დაუპირისპირდება იმ გამოწვევებს, რომლებიც წლებია არსებობს. თავდაპირველად ამის სურვილი გვენეტაძესაც ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში პასიური გახდა, ბოლოს კი საერთოდ გაქრა ასპარეზიდან.

გავიხსენოთ, როდის გახდა ის პასიური თავმჯდომარე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავმჯდომარის სეიფიდან მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების პასუხებმა გაჟონა. ამის შემდეგ საქმის ძიებაც კი დაიწყო, თუმცა არავინ იცის, რა შედეგი მიიღო გამოძიებამ ან ვის წარუდგინეს ბრალი. შესაძლოა ეს ზემოქმედების ბერკეტი განსაზღვრული ჯგუფის ხელში იყო და მის ამოქმედებას მაშინ დაიწყებდნენ, თუ ამის საჭიროებას დაინახავდნენ.

- ანუ, ფიქრობთ, ნინო გვენეტაძეს ტესტების გაჟონვის ფაქტით აშანტაჟებდნენ?

- სხვადასხვა ფორმით ზეწოლას არ გამოვრიცხავ. თავადაც განაცხადა, რომ შანტაჟისა და ზეწოლის მსხვერპლია და როდესაც ასეთ განცხადებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამიტომაც ვამბობ, რომ სასამართლო სისტემას ამ ეტაპზე ბოლო შანსი აქვს. მალე გამოჩნდება, მოახერხებს თუ არა სისტემაში მყოფი ჯგუფი სასურველ კანდიდატურაზე "შეთანხმებას" პარლამენტთან, თუ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება.

რუსუდან შელია