პლანდორას ყუთი გაიხსნა?!
პლანდორას ყუთი გაიხსნა?!
"მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას", - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მანამდე კი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით ამ ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სამართალდარღვევას წარმოადგენდა და სანქცია 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს მუხლი გააუქმა და მარიხუანას მოხმარება­ ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დეკანოზი შალვა კეკელია "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ
საკონსტიტუციო სასამართლომ მომავალი თაობისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო:

"ქვეყანა დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება"


- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში პარლამენტზე უპირატესი ოთხი კაცი იყო, რომლებმაც­ უმძიმესი გადაწყვეტილება წინასწარი დისკუსიის გარეშე მიიღეს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილ­ება
ნარკოპოლიტიკის შესახებ, არ არის გარკვეული, შეიძლება თუ არა ნარკომომხმარებელი საჭესთან იჯდეს, ან ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტაროს, ან ავადმყოფს ოპერაცია გაუკეთოს, ამ დროს კი საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, მარიხუანას მოხმარება ლეგალურია და არ დაისჯებითო. როდესაც ევროპას ვედრებით, რატომ არ ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას ან სოციალურ მდგომარეობას?

საქართველოში უმძიმესი სოციალ­ური ფონია, ახალგაზ­რდების უმრავლესობა ცდილობს დროებით მაინც გათიშოს გონება­ ყოველდღიურობისგან. ნაცვლად იმისა, მათ დასაქმება ან ცხოვრების ჯანსაღი წესი შევთავაზოთ, პრობლემების გადაჭრას მარიხუანას­ მოხმარების ლეგალიზებით ვთავაზობთ?

- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყ­ვეტილებაში ნათქვამია, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული ქმედებაა.
- ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, ეს უმძიმესი ვითარების მაჩვენებელია. ისიც ითქვა, რომ მარიხუანას ლეგალიზება ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი და ამით მეტი შემოსავლის წყარო გაჩნდება. ქვეყანა ნამდვილად დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება. იქნებ ვკითხოთ ნარკომომხმარებლების­ მშობლებს, ძმებს, დებს, მეუღლეებს, როგორ­ მდგომარეობაში არიან, როცა ყოველ­დღიურად უწევთ ნარკოდამოკიდებუ­ლი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა?! ან თუ დაფიქრდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლე, რამდენნაირ დაავადებას იწვევს მარიხუანა. ყოველდღე მიწევს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ვიცი, რამდენად გაიზარდა ფსიქოაშლილობით დაავადებული მოქალაქეების რიცხვი. მარიხუანა კი არა, სიგარეტის მოწევას რომ ანებებს ადამიანი თავს, უჭირს კარგ ხასიათზე ყოფნა. გარდა ამისა, ვინმე დაფიქრებულა, მარიხუანას ზეგავლენის ქვეშ ნაყოფი თუ ჩაისახება, როგორი მძიმე დაავადებისთვის ვწირავთ ახალშობილებს?

არა მხოლოდ როგორც სასულიერო პირს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება, მათ შორის, ის ნაწილიც, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, ჯანსაღი თაობა გვეზრდებოდეს ნარკოტიკებისკენ მიდრეკილების გარეშე.

- დაანონსებულია, რომ სექტემბრიდან ნარკოპოლიტიკის კანონპროექტში დარეგულირდება სწორედ ის საკითხები, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, მათ შორის, შეზღუდვები მარიხუანას მოწევის შემთხვევაში საჭის მართვის თაობაზე, ასევე, სასწავლო თუ სამედიცინო დაწესებულებებში. როგორ ფიქრობთ, საკანონმდებლო რეგულაციებში შესაძლებელია მარიხუანას ლეგალიზების მოქცევა?
- სექტემბრამდე რომ ჯანმრთელ მოქალაქეს, რომელსაც შვილები მიჰყავს დასა­სვენებლად, მარიხუანამოწეული ადამიანი­ მანქანით დაეჯახოს, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მათ სიკვდილზე?
სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს ტვირთი, რადგან მისი შერჩეულია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხივე მოსამართლე. გარდა ამისა, ლეგალიზება ნიშნავს, რომ შესაძლოა მალე მარიხუანა ასევე ლეგალურად გახდეს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი და ასეთი სავაჭრო ობიექტების შექმნაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, თუ იატაკქვეშეთში გაჩაღდება მასობრივად რეალიზაცია?
ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ვართ, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება ერის ღალატის ტოლფასია.
როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი საზოგადოება, რომ ასეთი განსაცდელისთვის გაიმეტო?

საქართველო ასეთი მძიმე გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო, როგორც მენტალურად, ისე ეკონომიკურად. ამასთან, თუ მარიხუანას მოწევა ლეგალურია, იქნებ ვიღაცას მარიხუანა­ სულაც არ მოსწონს და კოკაინი ურჩევნია, მისი მოხმარებაც ლეგალური გავხადოთ?

ეს მოღალატეობრივი გადაწყვეტილება იყო, რომელზე პასუხისმგებლობაც კონკრეტულმა პირებმა უნდა აიღონ.

"ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ სახელმწიფო დანაშაულს აკანონებს"


სახელმწიფო საბოტაჟად აფასებს საკონ­ს­ტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე: - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას­ მოხმარება ლეგალურია, თუმცა არაფერი უთქვამს ჰიბრიდულ თუ სხვადასხვა შემად­გენლობის მარიხუანაზე, რომლის მოხმარებაც უმძიმესი ნარკოტიკების ეფექტს­ გვაძლევს. ვინ უნდა იზრუნოს მოქალაქე­ების ჯანმრთელობაზე? რა თქმა უნდა, ისევ სახელმწიფომ, რომელიც იმ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადებ­იდან უნდა დაფინანსდეს, ვინც მსგავს მძიმე გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არ ეთანხმება.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი საბოტაჟია, რომელიც ნარკობიზნესის ლეგალიზებას ემსახურება, პირდაპირ ემსახურება ნარკომაფიის ინტერესებს, რომლის გატანასაც უკვე წლებია, ნარკობარონები ცდილობენ.

ისეთი გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მარიხუანას ლეგალიზება ნარკობიზნესისთვის ხელ-ფეხის გახსნაა. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ამას სახელმწიფო პოლიტიკა უწყობს ხელს, დანაშაულს აკანონებს. მეტიც, ის უბიძგებს მოქალაქეებს ნარკოდამოკიდებულებისკენ, რადგან ნებისმიერი ექიმი-ნარკოლოგი გეტყვით, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, რომელიც უფრო მძიმე ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას იწვევს.

მარიხუანა ნარკოტიკების პირველ ჯგუფში შემავალი ნივთიერებაა, იწვევს ფსიქოზსა და სხვადასხვა ფსიქიკურ დაავადებას. გადაგვარებისთვის, დეგრადაციისთვის უნდა გავწიროთ ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ერი?

ამასთან, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ურტყამს დემოგრაფიულ მდგომარეობას, რადგან ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ მარიხუანა განაყოფიერების უნარს აქვეითებს.
მერაბ ტურავას მოუწევს პასუხის გაცემა თავისი მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გამო, პასუხს მთელი ერი მოსთხოვს.

"ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანას ერთი ღერი პაპიროსი რამდენიმე ადამიანის დოზაა"


ლაშა კილაძე, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი:


- საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური იქნება,­ თუმცა არ დაუკონკრეტებია ნივთიერების შემადგენლობა, არადა, ვიცით, რომ მარიხუანას სახელით სხვადასხვა ჰიბრიდული ნივთიერება გამოჩნდა ბაზარზე.
- მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზრდას აუცილებლად გამოიწვევს. რაც შეეხება ჰიბრიდულ ნივთიერებებს, დიახ, ლეგალიზებასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პირადი­ მოხმარებისთვის 70 გრამი მარიხუანას ტარება დასაშვებია, თუმცა არ განუ­საზღ­ვრავს მისი­ შემადგენლობა, ანუ აქტიური ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბიოლის რა დოზას უნდა შეიცავდეს მარიხუანა, რომ დას­აშვები იყოს. ყველა ქვეყანაში, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდა,­ დაკონკრეტდა სწორედ ტეტრაჰიდროკანაბიოლის დასაშვები ზღვარი და იცით, რატომ? გამოჩნდა ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც ტეტრაჰიდროკანაბიოლის მაღალ პროცენტს შეიცავენ, შესაბამისად, ის ათჯერ დამანგრეველია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი მარიხუანა.

- ლეგალიზების შემდეგ ჰიბრიდული ჯიშები საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება?
- დარწმუნებული ვარ და ვინ გააკონ­ტროლებს ამას? მარტივად რომ ავხსნა - თუ მარიხუანას თამბაქოსთან შერევით ერთ პაპიროსს ეწევა ადამიანი, ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანას ერთი ღერი პაპიროსი იმდენად დიდი რაოდენობით ტეტრაჰიდროკანაბიოლს შეიცავს, რომ ის რამდენიმე ადამიანის დოზაა, შესაბამისად, მეტ ნარკოდამოკიდებულებას იწვევს და ორგანიზმისთვის დამანგრეველია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს ასეთი დიდი ზიანის შემცველი ჰიბრიდული მარიხუანაც ლეგალურია.

ოთხმა მოსამართლემ გვითხრა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მარიხუანა­ მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა, ახლა ვიღაცას გაუჩნდეს შეკითხვა,
თუ მარიხუანა განვითარებისთვის აუცილებელია, რატომ არ შეიძლება­ ჩაითვალოს ასეთად ჰეროინი?

- ეს ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა ჯაჭვური რეაქციით სხვა ნარკოტიკების ლეგალიზებაც მოჰყვეს?
- რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პანდორას ყუთი გაიხსნა, რომელიც არავინ იცის, სადამდე მივა.
ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც­ საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ცნო. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს, ჰოლანდიაშიც კი ნორმა 5 გრამია.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვით მივმართავ: როგორ მოახერხეს, რომ მხოლ­ოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაურკვეველი კვლევები გაითვალისწინეს, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისგან", ორგანიზაციისგან, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მარიხუანაზე ნარკოდამოკიდებულ თუ მისი მოხმარების შედეგად ფსიქიკურად აშლილ ადამიანებთან, არ გამოითხოვეს სტატისტიკა, რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ? არადა, საგანგაშო შედეგებია და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვპროგნოზირებ.

"ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა"


ორგანიზაცია "გირჩში" მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი უფრო გააფართოვა:

ვახტანგ მეგრელიშვილი, "გირჩის" წევრი: - ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან ახლა ყველა აქტივისტს, ვისაც აღელვებს ქვეყანაში არსებული მძიმე ნარკოპოლიტიკა, ეცოდინება, რა გზაც უნდა გაიაროს თავისუფლების მისაღწევად.

- ექიმ-ნარკოლოგების აზრით, ეს ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების ზრდასა და შესაბამისად, მოხმარების შედეგად ფსიქიკური აშლილობის პრობლემებს გაზრდის. თქვენ იღებთ­ პასუხისმგებლობას ამ რისკებზე?
- "მასტერკების" ჩადებით პოლიციას რომ ბევრი თვითმკვლელობამდე მიუყვანია, ეს დაგვავიწყდა?!. ეს შიში საკონსტიტუციო სასამართლოში დეტალურად განვიხილეთ. ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს წესრიგსა და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას - ახლა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, როგორ გავივლით ამ ეტაპს და რა ტიპის წესრიგს შემოგვთავაზებს ახალ რეალობაში. თუ სწორად დავალაგებთ მომავალს, ფინანსური დივიდენდების გარდა, აუცილებლად შემცირდება მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვიც.
zura
12 აგვისტო 2018 21:57
სწორი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ ყველამ შვილები ავღზარდოთ სწორად. ვასწავლოთ რომ სიგარეტი, ნარკოტიკი, სასმელი ცუდია. მაგრამ არც ის იყო კარგი პლანის გულისთვის რომ ხალხს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ
ლექსო
10 აგვისტო 2018 13:29
არავის უთქვამს მარიხუანის მოწევა სასარგებლოა და თან სავალდებულოო! ითქვა რომ მისი მოწევა არ უნდა ისჯებოდეს, ისევე როგორც არ ისჯება ღვინის სმა განსხვავებულებით. თავის გატეხვა თუ გინდა გაიტეხე ბატონო, არ დაგსჯის ამისთვის არავინ. აქამდე არ იცოდა ამ ჩვენმა წმინდა ერმა რა იყო მარიხუანა და ნარკოტიკი, საკონსტიტუციომ ასწავლა საწყლებს. რომელს გაქვთ სურვილი ერთი თქვენი შვილი დაიჭირონ ან დააჯარიმონ "პლანის" მოწევისთვის? მკვლელებზე იგიჟებენ ხოლმე თავს როგორმე გამოიყვანონ ციხიდან და დამაჯერეთ ეხლა რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო გაწირავთ ოჯახის წევრებს? წაიკითხეთ ჯერ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ და მერე კონკრეტულად რა არ მოგწონთ და რატომ ის თქვით!!!
რუსუდანი
08 აგვისტო 2018 12:15
გიჟებოოოოოოოოოოოოოოოოოო
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები