ვის გულისხმობდა გახარია სუბელიანზე გავლენიან მშობლებში - კვირის პალიტრა

ვის გულისხმობდა გახარია სუბელიანზე გავლენიან მშობლებში

პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შს მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჰკითხა. გახარიამ რამდენჯერმე თავადაც მიმართა კომისიის წევრებს, მისი ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერდა: "მე რომ არაკონსტრუქციულად ვიყო განწყობილი, ახლა გკითხავდით, თქვენ რა ახალი ფაქტორები გამოავლინეთ? ორთვე-ნახევარია კომისია მუშაობს, რა გამოავლინეთ?" კომისიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ დიმიტრი ცქიტიშვილმა მიიღო შეურაცხყოფად და გახარიას კომისიის კრიტიკისგან თავის შეკავება ურჩია. ფაქტია, ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვინ მოკლა დავით სარალიძე. სწორედ ამ მთავარ შეკითხვას სვამს "კვირის პალიტრასთან" დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც:

- ბატონო ზაზა, როგორც გახარიამ თქვა, მოზარდების სხვა მშობლებში ბევრად გავლენიანი ხალხი იცის, ვიდრე მირზა სუბელიანია. ვის გულისხმობს შს მინისტრი?

- პროკურორ ფხაკაძესაც ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს, გ.ჯ.-ს ბიძები, ვინმე ნაკაიძეები, რომლებიც ძალიან მდიდრები არიან, მათი დისშვილის უდანაშაულოდ გამოცხადებასა და ციხიდან გამოყვანას ცდილობენო.

გ.ჯ.-ს მშობლებიც გავლენიანი ბიზნესმენები არიან და შესაძლოა მათ გულისხმობდა. ფაქტია, გ.ჯ.-ს მხარემ ეს ნაწილობრივ მოახერხა, რადგან ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობაზეა დაკავებული, დათოს რეალური მკვლელი კი ბუნებაში ჯერ კიდევ არ არსებობს. სხვათა შორის, სწორედ ამის ეშინოდა ფხაკაძესაც - საქმე თავზე არ დამხობოდა, მაგრამ ვუმტკიცებდი, რომ ეს გარდაუვალი იყო და არა იმიტომ, რომ გ.ჯ.-ს გავლენიანი ბიძები ჰყავს. ფხაკაძემ გამოძიება თავიდანვე არასწორად წარმართა. კომისიის სხდომაზეც გახარია და შოთაძე იმას კი არ ამბობდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, ან რაღაც ეტაპზე შედეგი ვერ გათვალეს და ხარვეზებს ახლა გამოასწორებენ, ისევ დამნაშავე და გამყალბებელი თანამშრომლების დაცვას ცდილობდნენ. ისევ უნდათ დაამტკიცონ, რომ მხოლოდ გ.ჯ. და გ.ბ. ურტყამდნენ ჩემს შვილს დანას. ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩემი შვილი გ.ბ.-მ მოკლა. არ დავუშვებ, რომ ის გამოაცხადონ დათოს მკვლელად, რეალურმა მკვლელმა კი ქუჩაში ინავარდოს.

- ამ საქმეში გ.ბ.-ს როლსა და მის მონაწილეობაზე შოთაძემ დეტალურად ისაუბრა და ისევ პროკურატურის ვერსიას იცავს. ამბობს, როგორც კი ჩხუბი იწყება, გ.ბ. შედის ფარდულში და დასისხლიანებული გამოდისო... შოთაძის მტკიცებით, გ.ბ.-ს მეგობარი გ.ჯ. ფარდულში მძიმე სიტუაციაში იყო, რადგან დათოს ჰყავდა შებოჭილი, და გ.ბ. აუცილებლად გამოიყენებდა დანას... შემდეგ გ.ბ. მეორე მეგობრის დასახმარებლად მიდის და კლავს დადუნაშვილს... - შოთაძემ გაბედა და ჩემი შვილის სული შეაწუხა - შინაგანი რწმენა მაქვს, დათო სარალიძეს გ.ბ. მოკლავდაო. ისიც განაცხადა, რომ მისი რწმენით, გ.ბ. დანას დათოს წინააღმდეგ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე გამოიყენებდა. ანუ, მისი ნათქვამიდან ერთი აზრი გამომაქვს - გ.ბ.-ს დანა აუცილებლად უნდა ეხმარა, რადგან დათოს ვერ ერეოდაო. პროკურატურის ეს ვერსია სასამართლომაც აბსურდად ჩათვალა. საერთოდ, ფხაკაძე თავდაპირველად მიმტკიცებდა, მხოლოდ გ.ჯ.-მ მიაყენა დათოს 12 ჭრილობაო და როდესაც მიხვდა, ასეთ უაზრობას ვერ დამაჯერებდა, საქმეში გ.ბ. შემოიყვანა.

ამ საქმის გამოძიება შეუძლებელია. პოლიტიკური დისკუსიები რომ გამართეს კომისიის სხდომაზე, ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს, ვინ მოკლა ჩემი შვილი? როდესაც ქუჩაში გამოვედი და ხალხს თანადგომა ვთხოვე, თეა წულუკიანმა შემომითვალა, ეს საქმე ქუჩაში გასარჩევი არ არისო. ახლა ხომ სხედან კაბინეტებში და არჩევენ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს, იქნებ პარლამენტმა ან შსს-მ გამცეს პასუხი, ვინ მომიკლა დათო? იმედიც აღარ დამრჩა, რომ ოდესმე ამ კითხვაზე მიპასუხებენ.

- ფიქრობთ, რომ გარდამტეხ როლს ვერც კომისიის სამთვიანი მუშაობა შეასრულებს? - კომისიის დასკვნას ინტერესით ველოდები, თუმცა მაინც პროკურატურის გადასაწყვეტია, ვინ უნდა დააკავონ. გახარიამ განაცხადა, შსს-ც კომისიის რეკომენდაციას ელოდებაო. თუ აქვთ ახალი გარემოებები გამოვლენილი, რატომ ელოდებიან შს სამინისტრო და პროკურატურა კომისიის დასკვნას? კომისია და საგამოძიებო სტრუქტურა ხომ სულ სხვადასხვა პასუხისმგებლობის ორგანოებია? ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად ზერელე დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ამ საქმის მიმართ.

- კომისიამ თავიდანვე გასცა მიხეილ კალანდიას დაკავების რეკომენდაცია. თქვენ რამდენჯერმე შეხვდით შსს-ს წარმომადგენლებს, რას გპასუხობენ, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას? - ბოლოს მითხრეს, ახლა რომ დავაკავოთ, შესაძლოა ბრალდება ბოლომდე ვერ გავიტანოთო. თქვენ დაიჭირეთ იმ ფაქტების საფუძველზე, რაც ხელში გაქვთ და თუ სასამართლო გაათავისუფლებს, თქვენს პასუხისმგებლობას ხომ მოიხსნით ჩემი შვილის წინაშე და შემდეგ სასამართლოსთან მექნება შეკითხვები-მეთქი. ვერაფერს მეუბნებიან. კალანდიას დაკავება კი არა, ორთვე-ნახევარია პროკურორები თუ გამომძიებლები ამტკიცებენ, მირზა სუბელიანის დაკითხვა ღირებულ ინფორმაციას არ მოგვცემდაო. საუბარია ადამიანზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო გამოძიებაში და ეს დაადასტურა პროკურორმა შაყულაშვილმაც. სწორედ მას დაურეკა სუბელიანმა, შარში ვარ, როგორ მოვიქცეო და ეს თავიდანვე იცოდა შოთაძემაც. მიუხედავად ამისა, არც სუბელიანი დაუკითხავთ, არც მისი სახლი გაუჩხრეკიათ, არც მისი შვილისა და დეიდაშვილის მობილურები ამოუღიათ და მკვლელობის დღეს სოცქსელში არც მათი მიმოწერით დაინტერესებულან. სამაგიეროდ, თურმე დათოს მკვლელობის პირველივე დღეს მე და ჩემი ცოლი მოსმენაზე აგვიყვანეს. როდესაც ეს შევიტყვე და განმარტება მოვითხოვე, მიპასუხეს, თქვენი მოსმენა აუცილებელი იყო, რომ მოწმეებზე ზეგავლენა არ მოგეხდინათო. წარმოგიდგენიათ, რვა თვე როგორ აბსურდში მაცხოვრებენ?! ვერ ვიტყვი, რომ ახლა შსს-ში არაფერს აკეთებენ, მაგრამ საქმე ისეა გაფუჭებული, გამოსავალს ვერ პოულობენ, როგორ მიუდგნენ დამნაშავეებს.

- თუ ასეა, რა რჩება თქვენს მოთხოვნად? - ყველა ის პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ეს საქმე გააყალბა. გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ და კიდევ სხვებმა ყველაფერი აურ-დაურიეს და მკვლელებს ხელი დააფარეს. სულ ცოტა ხნის წინ ჩემი შვილის მეგობარი დ.ღ. იმ იმედით დაიჭირეს, რომ კონკრეტულ პირებზე მისცემდა ჩვენებას, მაგრამ არაფერი თქვა და მომავალშიც არაფერს იტყვის, სანამ არ გამოიკვეთება იმ მაღალჩინოსნების დანაშაული, რომლებიც სუბელიანისა და კალანდიას დასაცავად მტკიცებულებებს ანადგურებდნენ და მოწმეებზე ზეწოლას ახდენდნენ.

რუსუდან შელია