"ასეთ განცხადებებს რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებენ" - ოსებს თვალი ისევ თრუსოს ხეობაზე უჭირავთ - კვირის პალიტრა

"ასეთ განცხადებებს რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებენ" - ოსებს თვალი ისევ თრუსოს ხეობაზე უჭირავთ

დროდადრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა თრუსოსა და კობის ხეობების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს, მას დე ფაქტო რესპუბლიკის "განუყოფელ ნაწილად" მოიხსენიებს და "ისტორიული სამართლიანობის" აღდგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობს...

"ოსეთი განუყოფელია, ისევე როგორც მისი ეროვნული სივრცე. დღეს ვის ხელშიც უნდა იყოს მისი ნაწილები, ეს ყველაფერი გარდამავალია", - აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

ოსური მედიის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლება "აღმოსავლეთ ოსეთად" მიიჩნევს თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულს, რომლებიც "ბოლშევიკებმა ოსი ხალხის ნების გარეშე, უკანონოდ მოგლიჯეს და ახალშექმნილ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას მიუერთეს".

მედოევის მოსაზრებით: "მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე საქართველოს მენშევიკური და შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლებაც ეტაპობრივად ახორციელებდა ოსების ეროვნულ წმენდას, ძალადობრივად ასახლებდა მათ, მასობრივად ჟლეტდა და დევნიდა ძირძველი ტერიტორიებიდან... 1949-53 წლებში იგივე გააგრძელეს ქართველმა კომუნისტებმა, თუმცა უკვე "რბილი ძალის" გამოყენებით, ასიმილაციისა და კულტურული გენოციდის პოლიტიკით.

მათ, ვინც დღეს ოსებს ძმებს უწოდებს, საჩვენებლად მაინც, ბოდიში უნდა მოიხადონ. მათ აღარ ახსოვთ ქარელის, ბორჯომის, გორისა და სხვა რაიონებში ეთნიკური წმენდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გვახსოვს... ასე რომ, ეს საკითხი მუდმივად იდგა და ყოველთვის იქნება ჟენევის დღის წესრიგშიც".

საქართველოს ტერიტორიების მიმართ პრეტენზიები ოსურ მხარეს უკვე წლებია, აქვს - ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიისა და ოკუპანტების მიერ ახალგორის მიერთებიდან ერთ წელში, 2009 წლის აგვისტოში, რუსულ მედიასთან მაშინდელი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი "ადასტურებდა", რომ თრუსოს ხეობა ოდითგანვე ოსური მიწა იყო და საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს გაურკვეველი მიზეზით გადაეცა. მაშინ და ახლაც აქტიურად ვრცელდებოდა ოსი ისტორიკოსის, ვადიმ თოხსიროვის სტატია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თრუსოს ხეობა, ისევე როგორც თეთრი არაგვის სათავეების ხეობა, ძირძველი ოსური ტერიტორიაა და ისტორიულად ახალგორს ეკუთვნის, ახალგორი კი თავისთავად, ოსეთია. თოხსიროვს "არგუმენტად" მეფისნაცვალი მოჰყავდა და ამბობდა, რომ "მეფის რუსეთის ჩინოვნიკები თავის მხრივ, წყალგამყოფად ჯვრის უღელტეხილს ასახელებდნენ და მის გადაღმა არსებულ ტერიტორიას მთლიანად ვლადიკავკაზის ტერიტორიად განიხილავდნენ..."

ოსური მედიის ცნობით, ადგილობრივი ისტორიკოსების წყაროებით, თრუსოს ხეობა, კობის ტაფობი და ხევი-ყაზბეგი თავიდანვე ოსეთის კუთვნილება იყო. ამ თემაზე, დიდი ხანია, მუშაობს ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "დარიალიც" და დროდადრო მსგავს პუბლიკაციებს აქვეყნებს.

ქართველი ისტორიკოსების თქმით, საკითხის ასეთი ფორმულირება არასერიოზულია და "აღმოსავლეთ ოსეთი" არ არსებობს, არც არასდროს უარსებია. თრუსოს ხეობის ოსური მოსახლეობა ძალიან მცირერიცხოვანი იყო. ისინი აქ მე-17 საუკუნეში ნარის ხეობიდან გადმოვიდნენ და დასახლდნენ. ასეთი დასახლებები ხეობაში მონღოლების დროს გაჩნდა... თავად ნარის ხეობა კი როკის გვირაბის გასასვლელში მდებარეობს და ყოველთვის საქართველოს ტერიტორია იყო, თბილისის გუბერნიაში შედიოდა და რუსეთმა მე-19 საუკუნეში თითქოსდა ადმინისტრაციის "გაადვილების" მიზნით წაართვა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიას გადასცა...

ისტორიკოსი მალხაზ ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ ოსური კვალი და მით უფრო - კულტურული ძეგლები დუშეთისა და არაგვის ხეობაში კი არა, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც კი არ არსებობს.

"მათ ხელს არ აძლევთ, რომ ამ თემაზე კამათი ისტორიულ ჭრილში შედგეს, რადგან არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ, მაგრამ ცდილობენ, რუსეთის დახმარება გამოიყენონ და რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიითვისონ, თორემ თვითონაც იციან, რომ იქ მათი არაფერი ყოფილა. იქ კი არა, ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც არ ყოფილა".

ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის თქმით, საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ამ საკითხს მუდმივად უნდა აყენებდეს საერთაშორისო დონეზე...

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოსები ამ თემაზე ლაპარაკობენ - 90-იანი წლების შემდეგ ამ ხეობაზე რიტორიკა არა ერთხელ წამოსწიეს... სრულიად გაუგებარია ეს ახალი ტერმინი - "აღმოსავლეთ ოსეთი", რომელიც არც ერთ ისტორიულ წყაროში არ გვხვდება და ვერც იქნებოდა, რადგან ასეთი სახელმწიფო არ არსებობდა. თრუსოს ხეობა, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონი, საქართველოს ტერიტორიაა და ასე იყო ყოველთვის.

- თუმცა, ჩვენ გვაქვს არაერთი მწარე გამოცდილება - წლების წინ არავის ეგონა, რომ ოდესმე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონები ჩვენი იურისდიქციის ქვეშ არ იქნებოდა, ისევე როგორც ახალგორი და კოდორის ხეობა... აქ გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორი და ინტერესები... - დიახ, ამ ყველაფრის ერთადერთი მოტივატორი არის რუსეთი. მედოევი, უფრო ადრე კი კოკოითი და სხვები ასეთ განცხადებებს რუსეთთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებენ. რუსეთს ამ მიმართულებით დიდი ინტერესი აქვს - ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი, რომლის ნაწილია ფსიქოლოგიური ტერორი. მათ სურთ, თრუსოს ხეობის მოსახლეობაში პანიკა დათესონ, რომ მუდმივად შეშინებული იყვნენ, თითქოს არსებობს რაღაც აბსტრაქტული ისტორიული სამართლიანობა და ის ტერიტორია ოსებს ეკუთვნით... შესაბამისად, საფრთხე რეალურია, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო და ეს არის ჩვენი დღევანდელობა.

- ამ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ? - ასეთი თემები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს! არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ეს მედოევის ან ბიბილოვის დონეზე წყდება. ასეთი საკითხების წამოწევაზე რუსეთში მუშაობენ და მას უფრო ღრმა საფუძველი აქვს...

ყველაზე ეფექტური მექანიზმია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი 90-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს არ დასრულებულა. ოკუპაცია ახლაც გრძელდება, თუნდაც ბორდერიზაციით, რომელიც ასევე ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, ამიტომ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები მუდმივად საქმის კურსში უნდა იყვნენ, რათა ეს საკითხი რიტორიკად დარჩეს და ჩვენთვის სავალალო შედეგი არ მოჰყვეს...

ლალი პაპასკირი