"ოცნების" გარეშე ზურაბიშვილის შანსი მინიმალურია... ივანიშვილის საბოლოო პასუხი იქნება გადამწყვეტი"
07-08-2018
"ოცნების" გარეშე ზურაბიშვილის შანსი მინიმალურია... ივანიშვილის საბოლოო პასუხი იქნება გადამწყვეტი"
"სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება უფრო გაამხიარულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავერთობით მაინც"

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. მმართველი ძალის გარდა, თითქმის ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილია. 6 აგვისტოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირიანი დუმილი დარღვია და არჩევნებში მონაწილეობა ოფიაციალურად დაადასტურა. ახლა ჯერი მმართველ პარტიაზეა, რომელიც ჯერჯერობით "თამაშგარე მდგომარეობაში" აპირებს ყოფნას.  "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ, მაგრამ საპარლამენტო კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გეგმავს.

"ვაყენებ კანდიდატურას როგორც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. თუ ვინმე მხარს დამიჭერს, მხოლოდ მადლიერი ვიქნები, მაგრამ სხვის მაგივრად ვერ გაგცემთ პასუხს, რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ", - განაცხადა ზურაბიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ, დაუჭერს თუ არა მმართველი პარტია მას მხარს.

"მმართველი
ძალის მხარდაჭერის გარეშე სალომე ზურაბიშვილის შანსი მინიმალურზე მინიმალურია" - ასეთია პოლიტოლოგთა აზრი საპრეზიდენტო არჩევნების მარათონთან დაკავშირებით.

"სალომე ზურეაბიშვილი თუ არჩევნებში თავისი თავის იმედად მონაწილეობს, მაშინ ტყუილად ცდილობს, მას არანაირი რესურსი არ გააჩნია. მისი შანსი მინიმალურია, ხოლო თუ "ოცნების" კანდიდატი გახდა, ეს არის მისი ერთადერთი შანსი. ის აიღებს ზუსტად იმდენ ხმას რამდენსაც მოახერხებს "ქართული ოცნების" რესურსი, ამ ქვეყანაში მას ნატურალური მხარდამჭერი არ ჰყავს. ვფიქ­რობ, მისი გაპრეზიდენტება უფრო გაამხიარულებს პოლიტიკურ ცხოვრებას, გავერთობით მაინც. ის სპეციფიკური ადამიანია და არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს­ როგორც "ქართულ ოცნებას", ისე ქვეყანასაც...
ვერ გამოვრიცხავთ, "ქართულმა ოცნებამ" გაცხადებული პოზიცია, რომ მისთვის მისაღები დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერაა, ბოლო მომენტში შეცვალოს. ბიძინა ივანიშვილის საბოლოო პასუხი იქნება გადამწყვეტი", - უთხრა kvirispalitra.ge-ს გია ხუხაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ზურაბიშვილი "ოცნებისთვის" დიდ თავის ტკივილად იქცევა.

"მარგველაშვილი და ზურაბიშვილი ორი სხვადასხვა პრობლემაა, მარგველაშვილი ხელოვნურად იყო "ოცნების" მიერ გაღვივებული პრობლემა. რაც შეეხება ზურაბიშვილს, "ოცნების" გარდა ქვეყნისთვისაც საკმაოდ პრობლემატური იქნება. ზურაბიშვილი მიეკუთვნება იმ ტიპის ადამიანს, რომელიც კანონის ჩარჩოებში ვერ ეტევა, მოქმედებს თავისი შეხედულებებით და არა ჩარჩოებით. ამან შეიძლება საკმაოდ ხშირად კურიოზული სიტუაცია შექმნას. თან ეჭვი მაქვს, რომ კანონებს მაინცდამაინც კარგად არ იცნობს", - ამბობს ხუხაშვილი.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, "ოცნებისთვის" ზურაბიშვილი პოლიტიკური კონკურენტი ვერ გახდება.

"ოცნების" გარეშე სალომე ზურაბიშვილის შანსი არის მინიმალურზე მინიმალური. მაგრამ ვუსმინე განცხადებას, რომელიც "ოცნებამ" გააკეთა და თქვა, რომ თუ შეხედავენ კანდიდატებს და ნახავენ, რომ მათთვის მიუღებელ კანდიდატს აქვს რეიტინგი, დამოუკიდებელ კანდიდატს მხარდაჭერას გამოუცხადებენ. ესეც რომ არ იყოს ნამდვილად არ მჯერა, რომ ამ არჩევნებს "ოცნება" გულხედაკრეფილი, მხოლოდ მაყურებლის პოზიციიდან დააკვირდება. პირდაპირი თუ არა, ფარული მხარდაჭერა ზურაბიშვილს ექნება. ასე, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურა ვერ იქნება რეალურად დამოუკიდებელი. კომისიის წევრები ალბათ მიიღებენ ინსტრუქციას, რომ ზურაბიშვილის მხარე დაიცვან.

გუნდის ძირითადი ნაწილი ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ამის მარტივი მიზეზი კი ისაა, რომ მათთვის ზურაბიშვილი პოლიტიკური კონკურენტი არ იქნება", - ამბობს ძაბირაძე.


თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)

nana
14 აგვისტო 2018 03:03
საქართველოს გასართობად არ სცალია და ხალხნო ყველა წავიდეთ არჩევნებზე , რომ ახლანდელ მთავრობას და მის კანდიდატურას გაყალბების საშუალება არ მივსცეთ!
nichieri
07 აგვისტო 2018 12:56
რა ვქნა რა არ მომწონს ეს ქალი

რედაქტორის რჩევით