"2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში ხდება, მან წააგო" - კვირის პალიტრა

"2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში ხდება, მან წააგო"

თბილისმა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე დასკვნა უნდა გააკეთონ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ყოველთვის ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთზე სისხლიანი აგრესიის შედეგად მან მიიღო ახალი რეალობა - ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ 2008 წლის 26 აგვისტოს ვაღიარეთ", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ "თბილისში და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში დასკვნებს გააკეთებენ იმაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება აგრესიას".

"2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია, ხოლო ნებისმიერი აგრესიული ქმედებების შედეგად სულ საპირისპირო შედეგები დგება", - დასძინა მან.

კარასინმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" "შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები" უწოდა.

როგორც კარასინმა აღნიშნა, "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი 2008 წლის 26 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მათი დამოუკიდებლობა რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით აღიარა".

"მოგვიანებით ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანეს სამხრეთი ნაწილის ზოგიერთმა ქვეყანამ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. მიმდინარე წლის 29 მაისს ეს სირიამაც გააკეთა. დღეს თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც შემდგარი სუვერენული სახელმწიფოები არიან", - განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისა და საქართველოს წარმომადგენლების პერიოდული პირდაპირი კონტაქტების საშუალებით მხარეები სწრაფად აგვარებენ სადავო საკითხებს, გახსნილად, ხანდახან ემოციურად ცვლიან აზრებს ყველაზე აქტუალური პრობლემების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის დისკუსიების გაგრძელებას, რათა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმმა სისტემატურად და გამართულად იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში კავკასიაში უსაფრთხოება იქნება, ხალხი კი ხვალინდელი დღის შესახებ მშვიდად ფიქრს შეძლებს", - განაცხადა კარასინმა.

"ინტერპრესნიუსი"