"2008 წელს ჩვენი ამოცანა არ იყო საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილი დასჯა" - კვირის პალიტრა

"2008 წელს ჩვენი ამოცანა არ იყო საქართველოს განადგურება და მიხეილ სააკაშვილი დასჯა"

"სააკაშვილს ეგონა, რომ მოსკოვი საქართველოში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერეოდა"

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი გამოცემა «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტთან, ვლადიმერ სოლოვიოვთან საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ შევიდნენ რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქში, რა მოიგო მოსკოვმა ორი რესპუბლიკის აღიარებით და რამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი კონფლიქტი რეგიონში. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან. - 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე თითქოსდა ისეთი შეგრძნება არსებობდა, რომ ის ომი გარდაუვალი იყო... თქვენ გქონდათ იმ პერიოდში ასეთი წინათგრძნობა?

- არა, არანაირი გარდაუვალობა არ არსებობდა. ჩემი შეფასებები უცვლელია: რომ არ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი დამქაშების უპასუხისმგებლო, ამორალური და დანაშაულებრივი მოქმედება, არავითარი ომი არ მოხდებოდა. დიახ, იქ იმ დროს მაღალი დონის დაძაბულობა არსებობდა, რომელიც 2008-ში კი არ გაჩენილა, არამედ 1991 წლიდან იყო. სხვათა შორის, დაძაბული ურთიერთობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცალკეულ ნაწილებს შორის მანამდეც შეინიშნებოდა...

- მაგრამ რაღაც მომენტში ისე ჩანდა, რომ თქვენი ურთიერთობა არცთუ ისე ცუდად ვითარდებოდა. რა მომენტში წავიდა საქმე სხვაგვარად? თქვენ ხომ ერთმანეთს ხვდებოდით, საუბრობდით... - დიახ, თავდაპირველად სიტუაცია ცუდად არ გამოიყურებოდა. პირველი შეხვედრის დროს, როცა პრეზიდენტის პოსტი დავიკავე, მან თქვა, რომ ურთიერთობის აღდგენა სურდა და მეგობრობის იმედი ჰქონდა. ამ ყველაფერს ვუსმენ და ვეუბნები: თუ ურთიერთობის განვითარება გინდათ, მოდით და განვავითაროთ. ჩვენც მეზობელ საქართველოსთან ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა გვსურს და ამისათვის მზად ვართ. ჩვენ გვესმის, თუ რა შიდა კონფლიქტები გაქვთ, ვხედავთ, რომ ქვეყანა ნაწილებადაა დაყოფილი. მზად ვართ დაგეხმაროთ - ნელ-ნელა, ფრთხილად, აკურატულად ხელი შევუწყოთ დაახლოების პროცესს, რათა საბოლოო ჯამში იყოს შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყანა ისეთ საზღვრებში შენარჩუნდეს, როგორსაც ფედერაცია ითხოვს, კონფედერაცია თუ კიდევ სხვა რაღაც.

ეს შეიძლებოდა საქართველოში იმ დროს მცხოვრები ხალხების არჩევანი ყოფილიყო, ანუ თვითონ ქართველების, აფხაზების და ოსების არჩევანი. მან თქვა: "მეც მზად ვარ". შემდეგ ჩვენი გზები კიდევ სადღაც გადაიკვეთა, მათ შორის, როგორც მახსოვს, ასტანაში. მიხეილ სააკაშვილმა იქაც კვლავ გამოავლინა საკითხების განხილვისა და ურთიერთობის განვითარების სურვილი, მოვილაპარაკეთ გარკვეულ შეხვედრებზე, კონტაქტებზე, შემდეგ კი "დაიკარგა" - სადღაც 2008 წლის ივლისიდან მასთან კავშირი შეწყდა. მე მაშინ ამ გარემოებას დიდ მნიშვნელობას არ ვაძლევდი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ მისი ქცევა და მოქმედების ხაზი უკვე წინასწარ იყო დაგეგმილი და შემუშავებული: იგი, ერთი მხრივ, თვლიდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა რაღაც სხვა პოზიციას დაიკავებდა მის მთავრობასთან და პირადად მასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილს ეგონა, რომ მოსკოვი, უბრალოდ, არ ჩაერეოდა იმ პროცესებში, რომლებიც საქართველოში მიდიოდა, რუსეთს არანაირი რეაგირება არ ექნებოდა იმ მოქმედებაზე, რაც ჩვენი სამშვიდობოების მიმართ მოხდებოდა და რაც მთავარია, ჩვენი - რუსეთის მოქალაქების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ. მეორე მხრივ, ვფიქრობ, იმ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს უკვე ჰქონდა სრულმასშტაბიანი კონსულტაციები თავის მფარველებთან - ამ შემთხვევაში უპირატესად მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები. როგორც ცნობილია, თბილისში ჩასული იყო კონდოლიზა რაისი, იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტს კონტაქტები ჰქონდა დენიელ ფრიდთან - სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელსაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობა ევალებოდა. ფრიდი მრჩეველია და ყოველთვის უკიდურესად რუსოფობური პოზიცია ჰქონდა.

მგონი, თბილისში დიკ ჩეინიც, აშშ-ის იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტიც იყო ჩასული, ანუ იქ ყველამ დააფიქსირა საკუთარი თავი. ჰოდა, იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილს, ვფიქრობ, ჩამოუყალიბდა იმის რწმენა, რომ მას ამერიკელები ყველა შემთხვევაში მხარს დაუჭერდნენ.

- იმ ხანებში მე რამდენჯერმე ვიყავი საქართველოში და მახსოვს, რუსეთის ტანკები თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გაჩერდნენ. რატომ არ წავიდნენ უფრო იქით? - იმიტომ, რომ მთავარი მიზანი იყო ცხინვალიდან ქართული ჯარების გაძევება და წესრიგის დამყარება, ძალადობის ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება.

ჩვენი ამოცანა ის არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და მიხეილ სააკაშვილი დაგვესაჯა. მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, როცა მივიღე გადაწყვეტილება თავშეკავებულად მემოქმედა და სამხედრო მოქმედებების ფორსირება არ მომეხდინა.

საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიტუაცია ჩაწყნარებულიყო როგორც საქართველოში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ასევე მშვიდი ურთიერთობა გვქონოდა ევროკავშირთან და სხვა სახელმწიფოებთან. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში, [დასავლეთის] საკმაოდ ხისტი რეაქციის მიუხედავად, საბოლოო ჯამში ჩვენ მათთან საკმაოდ სწრაფად მოვილაპარაკეთ, ხოლო ჰაიდი ტალიავინის კომისიამ გააკეთა იმის კონსტატაცია, რომ სამხედრო დარტყმა საქართველომ განახორციელა და რომ აგრესია სწორედ თბილისმა დაიწყო. იყო, ცხადია, ცალკეული მსჯელობები - რუსეთის მიერ ძალის პროპორციულად გამოყენების თაობაზე და სხვა მისთანანი, მაგრამ ეს უკვე შეფასებითი მსჯელობებია. გაკეთდა ყველაზე მთავარი: დაიდო დასკვნა, რომ აგრესია საქართველომ დაიწყო, რასაც უკვე ისტორიიდან ვერ წაშლი. მასთან, მე არ ვთვლიდი სწორად სიტუაცია ასეთი გრადუსით ყოფილიყო და ასეთი დაპირისპირება შენარჩუნებულიყო. ამიტომაც მე, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მივიღე გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების შეჩერებისა და რუსეთის არმიის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე.

- დავუბრუნდეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს: რა მიიღო რუსეთმა ამ ორი რესპუბლიკის აღიარებით? რა უპირატესობა გვაქვს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით? - რუსეთმა მიიღო მთავარი - მშვიდობა. ჩვენ შევძელით ჩვენი მოქალაქეების დაცვა - ისინი ბევრნი არიან, რომლებიც აფხაზეთშიც ცხოვრობენ და სამხრეთ ოსეთშიც. ჩვენ აღარ გვაქვს თავის ტკივილი იმის გამო, რომ რაღაც მომენტში მორიგი თავდასხმა მოხდება, რომ ჩვენ კვლავ ჩარევა მოგვიწევს ჩვენი მოქალაქეების დაცვისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პასუხის გასაცემად. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რეგიონში ყველაფერი აეწყო და გასაგები გახდა. ესეც მნიშვნელოვანია.

- თქვენ უკვე ახსენეთ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების კავშირები აშშ-სთან. ამის შემდეგ არაერთხელ თქვით, რომ საქართველოს ამერიკა აქტიურად ეხმარებაო. ამ სიტუაციის მიმართ ერთ-ერთი თვალსაზრისი გამოიხატება იმაში, რომ რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთს თამაშები ჩაუშალაო. მხედველობაშია ნატოში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარების მცდელობები. ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ სწორედ ამასთან არის დაკავშირებული მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მათ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება და ყველაფერი, რაც კი დღეს ხდება. რამდენად მართალია ეს? - სულ ახლახან გაცხადდა, რომ საქართველოს ნატოში ელოდებიან და მას წევრად მიიღებენ. როგორ შეიძლება ამის კომენტირება? ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოზიციაა. ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტერიტრიაზე გარკვეული დაძაბულობაა, რომ საქართველო მომიჯნავე ტერიტორიას, ჩვენი თვალსაზრისით კი სახელმწიფოებს, თავისად განიხილავს. ესე იგი, არსებობს მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტი იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვის რა პოზიცია გვაქვს დაკავებული.

და ასეთ ქვეყანას, ასეთ სახელმწიფოს სამხედრო ბლოკში იღებენ? ვაცნობიერებთ, რა საფრთხე გველოდება? ამას საშიში კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია. გაუგებარია, ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი. თუ ეს მხოლოდ დიპლომატიური ხრიკია - "ჩვენ მიგიღებთ, ნუ ინერვიულებთ", "სინამდვილეში კი არაფერს გავაკეთებთ" - მაშინ სხვა საქმეა. მაშინ ჩვენმა ნატოელმა კოლეგებმა უნდა მიიხედ-მოიხედონ და იქნებ უფრო ჭკვიანური რამ მოიფიქრონ. მაგალითად, კოსოვოსა და ჩრდილოეთ კვიპროსის ნატოში მიღება... მაგრამ განა ამით მსოფლიოში სიტუაცია გაუმჯობესდება?

- თქვენ ჩემს მომდევნო კითხვას გაეცით პასუხი, თუმცა ახლა დავაზუსტებ: მართალია ნატოს ვადები არ განუსაზღვრავს, უბრალოდ თქვეს - "დიახ, მიგიღებთ". თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, რა მოხდება დღევანდელ მდგომარეობაში იმ სიტუაციასთან შედარებით, როცა, ვთქვათ, საქართველოს ნატოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ - ეს რუსეთის მონაწილეობით პოტენციურ კონფლიქტს ნიშნავს? - უეჭველია, ამას პოტენციური კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია, რადგან ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განლაგებული. ჩვენ გვესმის, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მათ ტერიტორიას თავისად განიხილავს, ამას ძალიან მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამიტომაც იმედი მმაქვს, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ეყოფა გონი და ჭკუა ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგას.

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამ სამუდამოდ გააქრო თბილისთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა? ეს საკითხი ერთგვარი "დაბრკოლების ლოდია"... - ვფიქრობ, რომ ესეც არ არის ის პრობლემა, რომელმაც სამუდამოდ განსაზღვრა საქართვლოსსა და რუსეთის ურთიერთობის ხასიათი. შეგახსენებთ, რომ დღეს იქ სხვა მთავრობაა. და თუ ვილაპარაკებთ მიხეილ სააკაშვილის კარიერაზე, ის საქართველოში უკვე დასრულებულია, რაც, ჩემი აზრით, კარგია თვით საქართველოსთვის. ხოლო ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობასთან (მათი გვარებისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად), ჩვენ მზად ვართ ურთიერთობა აღვადგინოთ. დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება აღდგეს, თუმცა ის ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია? თუ ჩვენი ქართველი კოლეგები მზად არიან აღდგენისათვის, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. (წყარო)

თარგმნა სიმონ კილაძემ