"ქვეყანა დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება" - კვირის პალიტრა

"ქვეყანა დაქცეულა, თუ აზარტული თამაშებითა და ნარკოტიკების გაყიდვით გვსურს ეკონომიკის აღორძინება"

"როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ცნო. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს, ჰოლანდიაშიც კი ნორმა 5 გრამია"

"მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას", - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მანამდე კი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით ამ ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება სამართალდარღვევას წარმოადგენდა და სანქცია 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ეს მუხლი გააუქმა და მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დეკანოზი შალვა კეკელია "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მომავალი თაობისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო:

- სიმართლე გითხრათ, აქამდე არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში პარლამენტზე უპირატესი ოთხი კაცი იყო, რომლებმაც უმძიმესი გადაწყვეტილება წინასწარი დისკუსიის გარეშე მიიღეს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის შესახებ, არ არის გარკვეული, შეიძლება თუ არა ნარკომომხმარებელი საჭესთან იჯდეს, ან ბავშვებს გაკვეთილი ჩაუტაროს, ან ავადმყოფს ოპერაცია გაუკეთოს, ამ დროს კი საკონსტიტუციო სასამართლო გვეუბნება, მარიხუანას მოხმარება ლეგალურია და არ დაისჯებითო. როდესაც ევროპას ვედრებით, რატომ არ ვითვალისწინებთ მათ გამოცდილებას ან სოციალურ მდგომარეობას?

საქართველოში უმძიმესი სოციალური ფონია, ახალგაზრდების უმრავლესობა ცდილობს დროებით მაინც გათიშოს გონება ყოველდღიურობისგან. ნაცვლად იმისა, მათ დასაქმება ან ცხოვრების ჯანსაღი წესი შევთავაზოთ, პრობლემების გადაჭრას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებით ვთავაზობთ?

ლაშა კილაძე, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" გენერალური დირექტორი: - თუ მარიხუანას თამბაქოსთან შერევით ერთ პაპიროსს ეწევა ადამიანი, ჰიბრიდული ჯიშის მარიხუანას ერთი ღერი პაპიროსი იმდენად დიდი რაოდენობით ტეტრაჰიდროკანაბიოლს შეიცავს, რომ ის რამდენიმე ადამიანის დოზაა, შესაბამისად, მეტ ნარკოდამოკიდებულებას იწვევს და ორგანიზმისთვის დამანგრეველია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს ასეთი დიდი ზიანის შემცველი ჰიბრიდული მარიხუანაც ლეგალურია. ოთხმა მოსამართლემ გვითხრა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მარიხუანა მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაძლოა, ახლა ვიღაცას გაუჩნდეს შეკითხვა, თუ მარიხუანა განვითარებისთვის აუცილებელია, რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ასეთად ჰეროინი?...

ძალიან ცუდი პანდორას ყუთი გაიხსნა, რომელიც არავინ იცის, სადამდე მივა. ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამი მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის დასაშვებად ცნო. მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არსებობს, ჰოლანდიაშიც კი ნორმა 5 გრამია.

საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვით მივმართავ: როგორ მოახერხეს, რომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების გაურკვეველი კვლევები გაითვალისწინეს, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისგან", ორგანიზაციისგან, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მარიხუანაზე ნარკოდამოკიდებულ თუ მისი მოხმარების შედეგად ფსიქიკურად აშლილ ადამიანებთან, არ გამოითხოვეს სტატისტიკა, რამდენად მძიმე ვითარებაში ვართ? არადა, საგანგაშო შედეგებია და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ვპროგნოზირებ. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)