"არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა" - რას ამბობენ უცხოეული დიპლომატები რუსულ ოკუპაციაზე?
07-08-2018
"არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა" - რას ამბობენ უცხოეული დიპლომატები რუსულ ოკუპაციაზე?
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავზე, საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები სტუმრობენ. ისინი საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ და საკითხზე განცხადებები გააკეთეს.

უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის, პავლო როზენკოს განცხადებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირ აგრესორი.

"იმ დროს(2008 წელს), რაც საქართველოში ხდებოდა, უკრაინა საქართველოს გვერდით იყო, უკრაინის პრეზიდენტი, ბატონი იუშენკო ჩამოსული იყო და სოლიდარობის სიტყვები გამოთქვა. უკრაინამ საქართველოსთან არამხოლოდ სოლიდარობა გამოთქვა, არამედ ყველანაირ დახმარებას უწევდა. მე პატივი მინდა მივაგო იმ გმირებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის,
სუვერენიტეტისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, ის არის პირდაპირი აგრესორი და ამ დროს როგორც გახსოვთ, პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთის მიზანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს სრული ექსპანსია. მაშინ ლეხ კაჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო არის პირველი
ნაბიჯი, შემდეგ იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნები, მერე იქნება უკრაინა და შემდეგ პოლონეთი და მისი სიტყვები, როგორც ხედავთ, ახდა - საქართველოს მერე იყო უკრაინის ნაწილის ოკუპაცია, აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია, ყირიმის ოკუპაცია და რუსეთი მოქმედებს მხოლოდ ისეთი მეთოდებით, როგორითაც საქართველოში მოქმედებდა. ეს არის პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთს მოუწოდებენ გაიყვანოს თავისი სამხედრო ქვედანაყოფები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
"რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც შეიქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია, აგრეთვე ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთვრობის ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ კონტაქტი დაამყაროს იმ მოსახლეობასთან, რომელიც საოკუპაციო ხაზის იქით დარჩა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ურთიერთობა დამყარდეს, თუმცა, რუსეთი ცდილობს, რომ ამას ყველანაირად ხელი შეუშალოს.
საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირისა და ნატოს სრული წევრობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ერთიანობას, განვითარებას და აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს რუსეთის აგრესიისგან დაიცავს", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ამ ვიზიტით ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებენ.

"როგორც იცით, ათი წლის წინ, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის პრეზიდენტები, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოსულნი იყვნენ საქართველოში. ეს ვიზიტი არ ეხება მხოლოდ სიმბოლიზმს. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ევროკავშირის და საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში, რათა მტკიცედ განვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მის ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ეს ასევე ეხება იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ჩენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს გვქონდა. ძალიან ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს", - აღნიშნა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არალეგიტიმურად ხორციელდება. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის საშუალებით სხვა ქვეყნის საზღვრების შეცვლა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უნდა განიხილებოდეს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და უნივერსალური ფასეულობების დარღვევა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებაზე შეთანხმდნენ. აუცილებელია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებიც ამ ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიან პოლიტიკურ მოგვარებაზეა მიმართული", - განაცხადა ჩაპუტოვიჩმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით