დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე უცხო პირი შეიჭრა - კვირის პალიტრა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებულ გამოფენაზე უცხო პირი შეიჭრა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, პირი აგრესიულად იქცეოდა და ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა.

"2018 წლის 7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის - "Victima" მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით შემოიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას და ხმამაღლა სკანდირებდა ნატო-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში.

საელჩოს მიერ გამოძახებული იქნა დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილას და დააკავა შენობაში შემოჭრილი პირი.

ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრო-რუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში. სავარაუდოდ მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილი შეფასებისთვის ველოდებით გამოძიების დასრულებას", - აცხადებენ საგარეო უწყების

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.