"2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას" - კვირის პალიტრა

"2008 წელს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის სცენარის განხორციელებას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში და ქვეყანას საფრთხე ვერ ააცილეს თავიდან.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბახტაძემ ომის დაწყებასთან დაკავშირებით თავისი და "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის პოზიცია განმარტა.

"ჩემი პირადი აზრი ამ საკითხზე არის ის, რომ რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ იმის ნაცვლად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და დაეწყო ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას საფრთხე და მთელი ქვეყანა აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როცა ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება უკვე 2008 წელს. ეს არის ჩემი შეფასება, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია. რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. მათ აქვთ აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, გაიყვანონ თავიანთი სამხედრო დანაყოფები საქართველოდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასაც გამოეხმარა.

"ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია დეესკალაციის პოლიტიკაზე და იმაზე, რომ შევძლოთ კონკრეტული პროგრამების რეალიზება ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, საშუალება უნდა მოგვცეს ჩვენ, რომ მშვიდობიანი გზით მოვახდინოთ ამ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს უფლება გქვონდეს ჩვენი სუვერენული არჩევანი და ჩვენი სუვერენული არჩევანი გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა საქართველოს მოსახლეობამ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.