"სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ"

აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში, - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

"ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი "ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".

"ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", - აღნიშნა არეშიძემ.

იხილეთ ასევე: "ეს იყო სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" უდიდესი დანაშაული" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე

"ინტერპრესნიუსი"