"თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას", ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა სულ გაუნახევრებს"
"თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას", ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა სულ გაუნახევრებს"
"ზურაბიშვილს იმდენი ცოდვა აქვს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები თანდათან გამოჩნდება"

გადაიფიქრებს თუ არა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და რამდენად ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას მისი "ერთგულება" - ეს კითხვები აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აგვისტოს ომის 10 წლის თავზე წინა ხელისუფლება სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

მართალია "ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ამაზე მინიშნება მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა. შესაბამისად, ზურაბიშვილის პოზიციასთან
დაკავშირებით მართველ ძალას განმარტებების გაკეთება მოუწია.

"სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი - 2008 წლის ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება პირადად სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით კი, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით
საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ მმართველი ძალისთვის ზურაბიშვილის მხარდაჭერა სარიკო იქნება. ამიტომ იგი არც იმას გამორიცხავს, რომ "ოცნებას" ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დაყენება მოუწიოს.

"სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადება მისი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის. ეს იმეორებს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, მაგრამ შემდეგ დაივიწყა. ზურაბიშვილს იმდენი ცოდვა აქვს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები თანდათან გამოჩნდება. თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას" ზურაბიშვილი სულ გაუნახევრებს", - უთხრა kvirispalitra.ge-ს ცინცაძემ.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ "ოცნება" მას გაყალბებითაც ვერ "უშველის".

"ოცნება" ახლა ალბათ შიდა გამოკითხვებს ატარებს და ნახავენ ზურაბიშვილს რეიტინგს. გაყალბებაც არის, მაგრამ ამას ხომ თავის რაღაც ჩარჩოები აქვს. არ შეიძლება 80%-ის გაყალბება. ეს საქართველოსთვისაც უკვე ნონსენსია. ამიტომ ამას ალბათ ნახავენ და მოუწევთ საკუთარი კანდიდატურის წამოყენება. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ბიძინა ივანიშვილი იყოს.

მან ერთხელ უკვე გადალახა რუბიკონი როდესაც თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში მაგრამ..... ა, ამიტომ არც ახლაა გამორიცხული, რომ ანალოგიურად მოიქცეს", - გვითხრა ცინცაძემ.

პოლიტოლოგ ვალერიან გორგილაძის თქმით, კი ზურაბიშვილს კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ამიტომ "ოცნებას" ურჩევს ომთან დაკავშირებით მათი მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირონ.

"ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილს კომუნიკაციასთან დაკავშირებით აქვს ხარვეზი. მან ამ განცხადებით გაიმეორა ის, რაც თავის დროზე ტალიავინის კომისიამ დაწერა. "ქართულმა ოცნებამ" თავის მტკიცე პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რომელიც უკვე ვნახეთ კიდეც.

"ქართული ოცნების" გარეშე ზურაბიშვილის შანსი არის ძალიან დაბალი, ხოლო მხარდაჭერით მას გამარჯვების რეალური შანსი ექნება. ოღონდ მხოლოდ პოლიტიკურად კი არ უნდა უჭერდე,ს მასზე უნდა მუშაობდეს", - განუცხადა kvirispalitra.ge-ს გორგილაძემ.

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა ჰყავდეს თუ არა „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი?