"ზურაბიშვილი განიარაღებულია და შეუძლებელია "ოცნება" სხვა კანდიდატზე არ ფიქრობდეს"
"ზურაბიშვილი განიარაღებულია და შეუძლებელია "ოცნება" სხვა კანდიდატზე არ ფიქრობდეს"
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 2008 წლის ომის მეათე წლისთავზეც ქართველი საზოგადოების მთავარ განსახილველ თემად იქცა, ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა. საკითხის ამგვარად დაყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს. ამას დიდწილად პოლიტიკოსთა განცხადებებმაც შეუწყო ხელი. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, როდესაც მან დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენისას ომის დაწყებაში დაადანაშაულა საქართველო, რისთვისაც უმწვავესი კრიტიკა დაიმსახურა. ალბათ, წარმოუდგენელიც კია ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ასეთი სტარტით იწყებდე და წარმატების იმედი
გქონდეს. მოგეხსენებათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა. იყო მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერდა, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, ზურაბიშვილის განცხადებამ და ამას მოყოლილმა ხმაურმა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა დააფიქრა. "საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს პარტია, ჯერ არ
მიგვიღია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომი, რომლის ნაწილიც არის რიტორიკა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- იმან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა, ბევრი პრობლემა ამოიტანა ზედაპირზე.
რუსული ჰიბრიდული ომი რამდენიმე მიზანს ემსახურება, უპირველესად კი ქართველი საზოგადოების აბსოლუტურ დეზორგანიზაციას, დემორალიზაციასა და პრიორიტეტების აბსოლუტურ აღრევას.

რომელი ტერიტორიებდაკარგული ერი გახდის დღის წესრიგის მთავარ საკითხად იმას, მან დაუწყო თუ არა ომი ოკუპანტს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი ერისთვის, როდესაც ის იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ყველა ხერხით იფიქროს ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ აბსოლუტურად აღრეული აქვს პრიორიტეტები. ამას მოჰყვება დამარცხებულის კომპლექსი და ის, რომ ქვეყნის მსახურების იდეა ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, გაქრა.

სკოლებში, ჯარშიც კი, აღარ არის პატრიოტული აღზრდა. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ 2008 წლის ომის მეათე წლისთავზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელიც წვევამდელებს იწვევს ჯარში, გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის შემოდგომის გაწვევიდან დღემდე დაახლოებით 10 000 პირი გაიწვიეს, მათგან 5000-ზე ცოტა მეტმა განაცხადა თანხმობა, 4 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ კი წარადგინა ორგანიზაცია "გირჩის" გაცემული რაღაც "ბიბლიური თავისუფლების ღვთისმსახურის" მოწმობა, რათა თავი აერიდებინა ჯარში სამსახურისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით, ღვთისმსახურები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლისგან თავისუფლდებიან. აი, ეს არის ჰიბრიდული ომის სამიზნეც და შედეგიც - დაწყებული საინფორმაციო ომით და დამთავრებული ქვეყნის ინტერესების დაცვის მოტივაციის გაქრობით, დემორალიზაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებით და იმით, რომ წვევამდელთა ნახევრისთვის ქვეყნის თავდაცვა, ფაქტობრივად, შარჟად იქცა, რადგან ეს ინიციატივა "გირჩმაც" გააშარჟა.

ამ ჰიბრიდული ომის მეორე ნაწილი ძალიან ეფექტიანად მუშაობს დასავლეთში, როდესაც შენი ორი საპრეზიდენტო კანდიდატი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს განცხადებით, რომ თურმე ომი საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე გამოუცხადა რუსეთს, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოძახილს პოვებს უცხოურ პრესაში. ამ ბოლო დღეებში გერმანულ (არა მხოლოდ) პრესაში გაჩნდა სტატიები, რომელთა სულისკვეთება იყო სწორედ ის, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. ესეც ცხადყოფს, როგორ კომპლექსურად მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოშიც და დასავლეთშიც.

მესამე, ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის საერთაშორისო სასამართლოში ამ დავის ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა და მოწმედ, თეორიულად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გამოძახება.

- გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, აგვისტოს ომზე მისი მოსაზრებები შესაძლოა მისი პოლიტიკური კარიერისთვის საბედისწეროდ იქცეს. მოგეხსენებათ, "ქართული ოცნების" განცხადებით, მათ არ ეყოლებათ კანდიდატი. არადა, ვარაუდობდნენ, რომ მმართველმა ძალამ შესაძლოა სწორედ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.
- ერთი მხრივ, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მას არ ეყოლება კანდიდატი, მეორე მხრივ კი ამბობს, რომ შეიძლება მხარი დაუჭიროს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს. აქამდე ამ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი განიხილებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი წამგებიანი სტარტის შემდეგ, "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხზე აზრთა შეჯერება ძალიან გაუჭირდებათ.

აქვე ვიტყვი, რომ ამ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ გამოაქვეყნა საინტერესო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 76 საარჩევნო კომისიაში ე.წ. დამოუკიდებელ ვაკანსიებზე "ქართული ოცნების" შტაბისა თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე პირთა ახლობლები დანიშნეს. მაგალითად, საბურთალოზე აირჩიეს კრწანისის ოლქის თავმჯდომარის ცოლი და ა.შ.

რა გამოდის, "ქართული ოცნება" სრული ძალითა და საარჩევნო რესურსით, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც, ემზადება არჩევნებისთვის, მაგრამ ვისთვის აპირებს ამ ყველაფრის გამოყენებას, არ ჩანს.

ექსპერტთა ნაწილის აზრით, "ქართული ოცნებისთვის" ამ არჩევნების ბედი დიდად მნიშვნელოვანი არ არის და რომ თითქოს ასე შეეცდებიან დრო მოიგონ და ის დაცემული რეიტინგი, რაც ენ-დი-აის ბოლო კვლევამ აჩვენა, არ დაუდასტურდეთ, ამიტომაც გადაწყვიტეს ფეიკკანდიდატის შემოყვანა - თუ ის წააგებს, ამას კონკრეტულ პირს დააბრალებენ და არა საკუთარ ურეიტინგობას.

თუმცა, ჩემი აზრით, არა მგონია, ამ არჩევნების ბედი მათთვის უმნიშვნელო იყოს. საქმე ის არის, რომ თუ ამ არჩევნებში გაიმარჯვა რეალურად ოპოზიციურმა კანდიდატმა, ის აუცილებლად გახდება 2020 წლის არჩევნებისთვის ანტისახელისუფლებო კოალიციის ლიდერი როგორც პოლიტიკური ძალებისთვის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, რაც საბედისწერო იქნება "ქართული ოცნებისთვის", რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ შეიძლება ბრინჯივით დაიშალოს. იქ ისედაც არის ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესთა რამდენიმე ჯგუფი. მათ შორის არსებულ ნაპრალებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამაც ვერაფერი უშველა. ამ ჯგუფებს შორის დაპირისპირება უფრო იმატებს, რაც მეტად მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, განაწყენებულები ახალი პოლიტიკური ცენტრის ორბიტაზე გადაბარგდნენ, რომელიც აუცილებლად ჩამოყალიბდება, თუ მართლაც ოპოზიციური კანდიდატი გახდება პრეზიდენტი. ამავე პარლამენტში შეიძლება მივიღოთ რეალობა, რომ "ქართულ ოცნებას" თვალში საცემი რაოდენობით გამოეყოს ფრაქციები, რომლებიც ახალი პრეზიდენტისკენ ოპოზიციური სპექტრისა და საზოგადოების ნაწილთან ერთად გადაჯგუფდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი პრეზიდენტი უფლებრივად ძალიან შეზღუდულია, ის იქნება ყველაზე დიდი ლეგიტიმაციით არჩეული პირი, რომელსაც კონსტიტუცია ანიჭებს უფლებას, იყო ერის ლიდერი.გარდა ამისა, არსებობს მოვლენების ასეთი განვითარების შესაძლებლობაც - რომ მეორე ტურში გავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ფრთების კანდიდატები - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ასეთ შემთხვევაში, გამოდის, "ქართული ოცნება" თვითონ შეუწყობს ხელს "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმირებას.

ეს იქნება, სავარაუდოდ, ძალაუფლების გადაბარების დასაწყისი, თუმცა როგორი იქნება ის, ევოლუციური თუ რევოლუციური?
საქმე ის არის, რომ ამ კანდიდატებს აუცილებლად საპასუხო აქვთ კითხვებზე - გამარჯვების შემთხვევაში, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქმეების გადახედვას, მის შეწყალებასა და საქართველოში დაბრუნებაში ხელშეწყობას?

ამიტომაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ "ოცნებისთვის" სულერთია, ვინ გახდება პრეზიდენტი.

ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არასდროს ყოფილა - არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ობიექტურად ყველაზე ახლოს დგას მარცხთან, მაგრამ, იმავდროულად, ოპოზიციაშიც არ იკვეთება არც გამარჯვების რესურსის მქონე კანდიდატი.
მოკლედ, ქვეყანაში სრული პოლიტიკური უნაყოფობაა. ამიტომაც რამდენიმე კანდიდატის შანსები შეიძლება თანაბარი იყოს.
ძალიან საინტერესო იქნებოდა ელისაშვილისა და უსუფაშვილის ტანდემი, თუ მოახერხეს გაერთიანება.

არსებობს საფრთხე მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" 2 ფრთის კანდიდატების გასვლის. სწორედ მათ შესწევთ უნარი, ეს არ დაუშვან. მათი გაერთიანება სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველს შეკრებდა და გაზრდიდა შანსს იმისაც, რომ ვისაც არც სალომე ზურაბიშვილი მოსწონს და არც "ნაცმოძრაობის" ამჟამინდელი თუ ყოფილი წარმომადგენლები, ამ გაერთიანებისთვის მიეცა ხმა. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ექნებოდა უსუფაშვილს მეორე ტურში გასვლის შანსი, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია.

- რამდენად რეალურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან სხვა კანდიდატს, მაგალითად, დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი,­ ან კანდიდატების დასახელების ვადის მიწურულს თავისი კანდიდატი დაასახელოს?
- არ ვიცი, ეს სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, - სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ""ოცნება"" არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე ან საკუთარი წიაღიდან, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატზე. საკუთარი წიაღიდან კანდიდატის შერჩევა ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ ინტერესთა ბევრი ჯგუფია და ერთის გაძლიერებას შეიძლება წინ კატეგორიულად აღუდგეს სხვა ჯგუფი. უაღრესად რთული იქნება ყველა ჯგუფისა და საზოგადოებისთვისაც მისაღები კანდიდატურის შერჩევა. რა რჩება ""ქართულ ოცნებას" გამოსავლად? ის, რომ სხვა კანდიდატებში ეძებოს მხარდაჭერის ობიექტი, ასეთ ობიექტად კი დღეს არსებულთაგან უსუფაშვილის გარდა, არავინ ჩანს, თუმცა ვნახოთ...
მოკლედ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ცუდად დაიწყო და თუ "ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად გააგრძელებს მის ლობირებას, არ არის გამორიცხული, ხელისუფლების გადაბარების პროცესი მართლაც დაიწყოს.

იმედია, "ოცნებაში" აცნობიერებენ ამ გამოწვევას და მოფიქრებული აქვთ გეგმა.

- ექსპერტ მამუკა არეშიძის ვარაუდით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება, რომ არ დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს, დიდი ალბათობით, დასავლეთის რჩევით მიიღო.
- ამ საკითხზე რამდენიმე განსხვავებული ინფორმაცია მოვისმინე. ერთ-ერთი ვერსიით, კვირიკაშვილის გადაყენებისთანავე, ბიძინა ივანიშვილის ელჩებთან შეხვედრისას, თითქოს ელჩებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ "ქართული ოცნების" მონოპოლია დასრულდეს და პრეზიდენტი მათი კანდიდატი არ უნდა გახდეს. მეორე ვერსიით, ასეთ ფართომასშტაბიან შეხვედრებზე ასეთი თემები არ განიხილებაო. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" გამოწვევა ბევრი აქვს, შესაბამისად, ის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას თავს არ აარიდებდა, თუ იძულებული არ გახდებოდა. ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთი ყველანაირად ეცადოს ამ სივრცეში დემოკრატიის გადარჩენას. ამ დემოკრატიის საფუძველი კი არის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მხოლოდ ორი ციკლით დარჩენა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ქართული დემოკრატიისა და დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ხელიდან არ გაუშვას. შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" დასავლეთი ნამდვილად არ დაამადლის რჩევებს.

საკმაოდ არაორდინარული სიტუაციაა შექმნილი. ამერიკის ელჩის გარეშე საქართველო ამდენი ხანი, არც კი მახსოვს, თუ ყოფილა. ვიცით, რომ რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც განიხილებოდა, "ქართული ოცნებისთვის" მისაღები არ აღმოჩნდა.
არ ვიცი, ლობისტები ჩართეს, ამან იმუშავა თუ რა მოხდა, რომ აქამდე არავინ გამოგზავნეს. ეს ვითარება მაინცდამაინც პოზიტიური დასკვნებისკენ არ გვიბიძგებს.

ამბობენ, თითქოს ტრამპს არ სცალია და საქართველოსთან პოლიტიკა ჯერ განსაზღვრული არა აქვს, მაგრამ ტრამპი მარტო ხომ არ არის, მის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრია ისეთი, ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ვინც იცის ჩვენი როლი და ადგილი, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორისა. ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრის მთქმელი იქნება, თუ ვის გამოგზავნიან ელჩად.

- ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თუ მან, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობა, ეს რას შეცვლის შექმნილ ვითარებაში?
- ერთი მხრივ, ადამიანურად მესმის, რომ ის საკუთარი გადაწყვეტილების გაუხმაურებლობით ცდილობდეს მის მიმართ კრიტიკის ნიაღვრის გადავადებას, მაგრამ ის არ არის რიგითი პოლიტიკოსი, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და გარდა პიროვნული ფაქტორისა, მას ვალდებულება და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე აქვს. შესაბამისად, ჩემი აზრით,
დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ მარგველაშვილი ამდენი ხანი გაურკვევლობაში ამყოფებს პოლიტიკურ სპექტრსა და ამომრჩეველსაც, რითაც ოპოზიციური სპექტრის დეზორიენტაციას უწყობს ხელს.

რაც შეეხება იმას, თუ რას შეცვლის მისი მონაწილეობა, "ქართული ოცნებისთვის" გაჩნდება პოლიტიკურ ველზე გაცილებით აგრესიული სამიზნე, ვიდრე იგივე "ნაციონალური მოძრაობაა". მიზეზთა გამო, "ქართული ოცნება" სწორედ მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართავს ბრძოლის მთელ არსენალს. თუ ის დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, არის შანსი, რომ სწორედ ის ვიხილოთ მეორე ტურში, მიუხედავად იმისა, რომ მას არც ფინანსები აქვს და არც შესაბამისი პარტიული და საარჩევნო რესურსი, თუმცა მეეჭვება, რომ მარგველაშვილმა ამ ბრძოლაში ჩაბმა ისურვოს.

- დღეს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია დიდ დროს უთმობენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას, რაც ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ გახდა ვაკანტური. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მას ზეწოლის შედეგად მოუწია წასვლამ და რომ დღეს სასამართლო სისტემას გავლენიანი კლანი ლამის მაფიის მეთოდებით მართავს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, ვინ გახდება ახალი თავმჯდომარე და შეძლებს თუ არა ის ამ პროცესებთან დაპირისპირებას?
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი და შესაბამისად, მისი შერჩევა, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პრეზიდენტის, რადგან შეუდარებლად დიდი ძალაუფლება და გავლენა აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ვიდრე უუფლებო პრეზიდენტს.

ჩვენისთანა ქვეყნების დემოკრატიებში მთავარი სახელისუფლებო ბერკეტი არის მართული სასამართლო, რაც ჩვენთან უკვე ტრადიციად იქცა. თუ მოხერხდებოდა სასამართლოს გათავისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენისგან, მაშინ მეტ-ნაკლებად თავის ადგილზე დადგებოდა ყველაფერი.

როდესაც "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს და ამით დემოკრატიის განვითარება სურს, ამას თუ მართლა აპირებს, ყველაზე უკეთესად, სწრაფად და ეფექტიანად შედეგს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში არ ჩაერეოდა.

ამთავითვე გეტყვით, რომ ამაზე "ოცნება" არ წავა. პრეზიდენტმა კი კარგად მოირგო ნახევრად ოპოზიციონერის ამპლუა, რითაც მან "ქართულ ოცნებას" დემოკრატიულობის იმიჯი შეუნარჩუნა, თუმცა მისი საქმიანობის შედეგი დემოკრატიული განვითარების გზაზე შორს ვერ წავიდა.
მოკლედ, რაც უნდა მოიწადინოს მარგველაშვილმა, დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას არ დათანხმდება, თუ ისევ ისე არ დაჰყვა "ქართული ოცნების" ნებას, როგორც ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევისას მოხდა.
სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იუსტიციის საბჭო წარადგენს, როგორც კონსტიტუციის ახალი რედაქციით არის გაწერილი.

ვიმეორებ, თუ "ოცნებას" ნამდვილად სურს მონოპოლიას შეელიოს, უარი უნდა თქვას ახალი თავმჯდომარის შერჩევაში მონაწილეობაზე, მაგრამ ამ ექსპერიმენტის უფლებას ის თავს ვერ მისცემს, საპრეზიდენტო არჩევნებში ექსპერიმენტებისგან განსხვავებით. იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დღეს დგას მართულ სასამართლო სისტემაზე. სასამართლო სისტემაა საბოლოო ვერდიქტის გამომტანი იმავე არჩევნებისას და ა.შ.

სამწუხაროდ, მორჩილი სასამართლო სისტემის გარეშე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ხელისუფლებებს, მათ შორის "ქართულ ოცნებასაც" ხელისუფლებაში ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები