განხეთქილების სალომე?! - კვირის პალიტრა

განხეთქილების სალომე?!

28 ოქტომბერს "ქართული ოცნების" კანდიდატს საარჩევნო ბიულეტენში ვერ იპოვით - გუნდმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი წარმომადგენლით ჩართვაზე უარი განაცხადა, თუმცა დიდი ალბათობით მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ზურაბიშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სწორედ "ქართული ოცნების" მხარდაჭერით მოხვდა, როდესაც მმართველმა გუნდმა მთაწმინდის რაიონში საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა, მაგრამ როგორც ოპონენტები ამბობენ, საკუთარი რესურსით ზურაბიშვილის გამარჯვებას შეუწყო ხელი.

გათამაშდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზეც იგივე სცენარი, ჯერ უცნობია, თუმცა პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ აზრი ორად გაიყო. ზაქარია ქუცნაშვილი ერთ-ერთია "ქართული ოცნების" იმ წევრებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ პარტიამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე უარი განაცხადა და ასევე სვამენ კითხვას: რატომ სალომე ზურაბიშვილი? "კვირის პალიტრა" სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა:

- საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე პოზიციის ჩამოყალიბებამდე გუნდში ბევრი ვიმსჯელეთ, თუმცა საბოლოოდ პარტიამ ბიძინა ივანიშვილის არგუმენტები გაიზიარა. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ როგორც ხელისუფლებას, ისე ქვეყანას ერთი პარტიის გარშემო კონცენტრირებული ჭარბი ძალაუფლება არ სჭირდება და ოპოზიციური პარტიებისა თუ დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა უნდა მიგვეცა. პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ პარტიისთვის საკუთარი კანდიდატურით არჩევნებში მონაწილეობა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით იქნებოდა მნიშვნელოვანი, მათ შორის, პარტიული აქტივის ჩართვისა და მოტივირებისთვის. ამასთან, სახელმწიფო მეთაურის პოსტი, რომელსაც საზოგადოება პირდაპირი წესით ირჩევს, პრესტიჟულია.

მართალია, პრეზიდენტი აღარ არის პოლიტიკური ფიგურა, თუმცა მას წარმომადგენლობითი დატვირთვა აქვს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თანაც, არჩევნებში ოპოზიციას კიდევ ერთხელ დავამარცხებდით და ამით რიტორიკას, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური აქტივი შემცირდა, გავაქარწყლებდით, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა.

- "ქართული ოცნების" პოზიციამ, პირიქით, გაამძაფრა მოსაზრება, რომ პარტიამ მის რიგებში ღირსეული კანდიდატურა ვერ შეარჩია. - მერწმუნეთ, კანდიდატის შერჩევა რთული არ იქნებოდა, ეს სულაც არ იყო მთავარი საკითხი... გადაწყვეტილება მიღებულია და მას დავემორჩილეთ. ასე რომ, მომავალში პოზიციის რევიზია, ვფიქრობ, არასწორი იქნება - მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო წამდაუწუმ არ უნდა იცვლიდეს პოზიციებს.

- ანუ ალბათობა, რომ პარტია ჯერ კიდევ არ გამორიცხავს საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის დასახელებას, დაბალია? - უმრავლესობის პოზიცია და მეტიც, სურვილი იყო საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაგვესახელებინა, თუმცა ასე არ მოხდა - საპრეზიდენტო არჩევნებში აღარ ვერთვებით და ველოდებით დამოუკიდებელი კანდიდატების სრულ სიას.

- ასევე მაღალია ალბათობა, რომ მმართველმა პარტიამ 2016 წლის სცენარი გაიმეოროს და არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი? სხვათა შორის, კანდიდატად დასახელებიდან სულ რამდენიმე დღეში სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივება უკვე მოახერხა. განსაკუთრებით, 2008 წლის ომში საქართველოს როლის შესახებ მისი პოზიციის გახმაურების შემდეგ. - შეუძლებელია საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე ომი დაეწყო - აქ საკამათო არაფერია. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებამ გუნდში კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას შეუწყო ხელი.

- ეს ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე გუნდში აზრები გაყოფილია? - გადაწყვეტილების მიღება პოლიტსაბჭოს მივანდეთ, მაგრამ ჩვენც ხომ ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს პროცესი? პირადად მე, ზოგადად, პრინციპის წინააღმდეგი ვარ, ჩემი პრინციპული პოზიცია კი იყო, რომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატით გავსულიყავით.

- სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების გამარჯვების ალბათობის გაზრდაზე იქნება დამოკიდებული? - დღეს პოლიტიკური დატვირთვა პრემიერ-მინისტრს აქვს, პრეზიდენტი კი, როგორც გითხარით, მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურა იქნება. ამიტომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების გამარჯვების ალბათობის გაზრდა გადამწყვეტი არ არის.

"ჩემთვის რამეს დაბრალება უტიფრობაა"

"სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინა პირობა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 2008 წლის ომზე მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხობს.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნავს, რომ 2008 წელს აგრესორი რუსეთი იყო, რომელიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული, თუმცა ზურაბიშვილის თქმით, რუსული სცენარის განხორციელებაში ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამაც შეიტანა წვლილი.

"ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე. 1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი. რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას. 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ. მეტიც, სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურება და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინა პირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ეს იყო სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არც ერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე უნდა იყოს, ეს სიმართლეა "ნაციონალებისა" და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, ჩემთვის რამეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა. ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

რუსუდან შელია