"ზურაბიშვილმა ცუდად დაიწყო და თუ "ოცნება" გააგრძელებს მის ლობირებას, გამორიცხული არაა, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს"
13-08-2018
"ზურაბიშვილმა ცუდად დაიწყო და თუ "ოცნება" გააგრძელებს მის ლობირებას, გამორიცხული არაა, ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაიწყოს"
"ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არასდროს ყოფილა - არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ობიექტურად ყველაზე ახლოს დგას მარცხთან"

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, როდესაც მან დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენისას 2008 ომის დაწყებაში დაადანაშაულა საქართველო, რისთვისაც უმწვავესი კრიტიკა დაიმსახურა. ალბათ, წარმოუდგენელიც კია ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ასეთი სტარტით იწყებდე და წარმატების იმედი გქონდეს.

მოგეხსენებათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა. იყო მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, ვისაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერდა, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა,
თუმცა, როგორც ამბობენ, ზურაბიშვილის განცხადებამ და ამას მოყოლილმა ხმაურმა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა დააფიქრა. "საბოლოო გადაწყვეტილება, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს პარტია, ჯერ არ მიგვიღია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან, გთავაზობთ ამონარიდებს:

- ასეთი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არასდროს ყოფილა - არჩევნები, როდესაც ხელისუფლება ობიექტურად ყველაზე ახლოს დგას მარცხთან, მაგრამ, იმავდროულად, ოპოზიციაშიც არ იკვეთება არც გამარჯვების რესურსის მქონე კანდიდატი.
მოკლედ, ქვეყანაში სრული პოლიტიკური უნაყოფობაა. ამიტომაც რამდენიმე კანდიდატის შანსები შეიძლება თანაბარი იყოს.
ძალიან საინტერესო იქნებოდა ელისაშვილისა და უსუფაშვილის ტანდემი, თუ მოახერხეს გაერთიანება.

არსებობს საფრთხე მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" 2 ფრთის კანდიდატების გასვლის. სწორედ მათ შესწევთ უნარი, ეს არ დაუშვან. მათი გაერთიანება სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველს შეკრებდა და გაზრდიდა შანსს იმისაც, რომ ვისაც არც სალომე ზურაბიშვილი მოსწონს და არც "ნაცმოძრაობის" ამჟამინდელი თუ ყოფილი წარმომადგენლები, ამ გაერთიანებისთვის მიეცა ხმა. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ექნებოდა უსუფაშვილს მეორე ტურში გასვლის შანსი, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია.

- რამდენად რეალურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან სხვა კანდიდატს, მაგალითად, დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი,­ ან კანდიდატების დასახელების ვადის მიწურულს თავისი კანდიდატი დაასახელოს?
- არ ვიცი, ეს სალომე ზურაბიშვილის თვითლუსტრაცია იყო თუ ხელისუფლებამ მოახდინა მისი ლუსტრაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, - სალომე ზურაბიშვილი სრულიად განიარაღებულია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია "ოცნება" არ ფიქრობდეს სხვა კანდიდატზე ან საკუთარი წიაღიდან, ან სხვა დამოუკიდებელ კანდიდატზე. საკუთარი წიაღიდან კანდიდატის შერჩევა ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ ინტერესთა ბევრი ჯგუფია და ერთის გაძლიერებას შეიძლება წინ კატეგორიულად აღუდგეს სხვა ჯგუფი. უაღრესად რთული იქნება ყველა ჯგუფისა და საზოგადოებისთვისაც მისაღები კანდიდატურის შერჩევა. რა რჩება "ქართულ ოცნებას" გამოსავლად? ის, რომ სხვა კანდიდატებში ეძებოს მხარდაჭერის ობიექტი, ასეთ ობიექტად კი დღეს არსებულთაგან უსუფაშვილის გარდა, არავინ ჩანს, თუმცა ვნახოთ...
მოკლედ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან ცუდად დაიწყო და თუ "ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად გააგრძელებს მის ლობირებას, არ არის გამორიცხული, ხელისუფლების გადაბარების პროცესი მართლაც დაიწყოს.


:)))))))))))))))))))
14 აგვისტო 2018 00:48
ზურაბიშვილი განიარაღებულია და ბურჭულაძე შეიარაღებული?
ტატო
14 აგვისტო 2018 00:04
ყველა, ვინც ამ ხელისუფლებაში ვერ იპოვა ადგილი, სულ მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებს და უფსკრულში გადაჩეხვას გვპირდება (კუკავა, ბურჯანაძე, სანიკიძე, ნათელაშვილი...).კი ბატონო, არაა საქმე კარგად, მაგრამ ამისთანები გადაუტანია საქართველოს?! თუნდაც 90-იანი წლების დასაწყისი არ გვახსოვს? ასე თუ ისე, ხომ გადავლახეთ ის უბედურება? ნელა, მაგრამ მაინც მივდივართ უკეთესობისკენ. მე ასე ვხედავ და არ მიმაჩნია სწორად გამუდმებით ხალხის დათრგუნვა. ისედაც ყოფნით პრობლემები.
მაიკო
13 აგვისტო 2018 19:39
საინტერესაო, მართლა ვერ იგებენ თუ განგებ გვაწვდიან არასწორ ინფორმაციას იმაზე, რაც ზურაბიშვილმა გარკვევით თქვა, მაშინ ამას ყველა იძახდა, რომ არ უნდა აჰყოლოდა მაშინდელი მთავრობა რუსების პროვოკაციას და შეტევაზე არ უნდა გადასულიყოო. იგივე გაიმეორა ზურაბიშვილმაც. რა არის აქ გაუგებარი, ის რომ სწორი შეფასება მისცა მაშინდელი პოლიტკოსების საქციელს?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები