"ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მიაღწევს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ტირაჟირებს რუსული მედია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომის დაწყების თაობაზე.

„ეს ქალი დაასახელა ივანიშვილმა იმიტომ, რომ ის აწყობს მოსკოვს, მას შემდეგ, რაც მან არ გაამართლა ქართველი ხალხის ნდობა და უღალატა თავის ისტორიულ სამშობლოს. ამავე დროს, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ზურაბიშვილის კანდიდატურის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ ვერ გადის ივანიშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე წელიწადზე მეტია? ამის მიზეზი ისაა, რომ მას დააკავებენ საფრანგეთის მოსამართლის მითითებით. ამიტომ ის იმალება საქართველოში, რომელსაც სწრაფად აქცევს დანაშაულებრივი სინდიკატის სამალავად. ოქტომბერში ჩვენ ამას დავუსვამთ წერტილს. ის ვეღარც საქართველოში დაიმალება და ვეღარ ამოეფარება ხეებს“, - წერს სააკაშვილი.