"თუ სასახლის ზომა საძალაუფლებო წონასთანაა კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი წონის შესაბამისად სარდაფის..."
15-08-2018
"თუ სასახლის ზომა საძალაუფლებო წონასთანაა კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი წონის შესაბამისად სარდაფის..."
თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული, საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ თუკი შენობები გარკვეულ ილუზიას იწვევს, „მაშინ ბიძინა ივანიშვილსაც უნდა სთხოვონ, რომ საერთო საცხოვრებელში გადაბრძანდეს, რადგან პარტიის თავმჯდომარეს კონსტიტუციურად არანაირი ძალაუფლება არ აქვს".

"პარლამენტის თავმჯდომარემ
ინდივიდუალურად მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს თავისივე თანაშემწეები და შეიძლება გუგული მაღრაძე არ გაუშვას სადმე თამბაქოს საწინააღმდეგო კონფერენციაზე. სხვა არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი ზომის შესაბამისად და მერე
ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს სათანადო წონა არა აქვს და სახელმწიფოს მეთაური იმ დონის ადამიანი არ არის, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავლაბრის სასახლე უალტერნატივოა. მე მკაფიოდ ვამბობ, რომ მაქვს იგივე პოზიცია, რაც 2012 წელს მქონდა - გამარჯვების შემთხვევაში, დიახ, მე შევალ ავლაბრის სასახლეში და ავლაბრის სასახლიდან მექნება მოლაპარაკებები, დავარწმუნებ პირველ რიგში მთავრობის მეთაურს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საჯარო დაწესებულებების განლაგების სფეროში ჩვენ ნომერ პირველი პრობლემა პარლამენტის ქუთაისში არსებობის თვალსაზრისით გვაქვს. ეს არის ის ადგილმდებარეობა, რაც პარლამენტის ფუნქციონირების ეფექტიანობას მინიმუმ 30-40%-ით ამცირებს. პრეზიდენტი მტკვრის გაღმა იქნება თუ გამოღმა, მას შეუძლია იპრეზიდენტოს, მაგრამ მეც ვთვლი, რომ იმ ვითარებაში, სადაც ვართ, ძლიერი სახელმწიფო სიმბოლოები გვჭირდება. მე გამოვალ ავლაბრის სასახლიდან, მაგრამ გამოვალ იქედან არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გადმოვა თბილისში, რადგან სადაც არის მთავრობა, პარლამენტიც იქ უნდა იყოს. მგონია, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე უნდა განთავსდეს, ხოლო ავლაბრის სასახლეში გაკეთდეს სახელმწიფო სიმბოლო - საქართველოს რესპუბლიკის სასახლე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლე მის უფლებამოსილებებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კობახიძის აზრით, "როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო".


Lasha
16 აგვისტო 2018 15:20
Arsebul realobashi usufashvili misi gamocdilebit gaconascorebuli xasiatita da konsensusis unarit vfiqrob yvelaze uketesi kandidatia.
ქარიმანი
15 აგვისტო 2018 20:14
მოაშრეთ მაი ბღარტი (კობახიძე) საერთოდ პოლიტიკური სცენიდან, კულისებშიდაც ნუ გააჩერებთ

რედაქტორის რჩევით