აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებები შევა
16-08-2018
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტში ცვლილებები შევა
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმებული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სერვისი მიმართული იქნება უცხოელ ვიზიტორებზე, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ისეთი ბარიერების გაკეთებას შევეცდებით, რომ თამაშის დაწყების გადაწყვეტილებამდე ძალიან რთულად მივიდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების"  დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, რომ "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად გადამუშავდება და ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორექტირებული სახით გავა. საუბარია ფინანსთა სამინისტროს ავტორობით
მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასული წლის ოქტომბერში წარედგინა, თუმცა განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. აღნიშნული პაკეტის მთავარი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ. ამავე კანონპროექტით, 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, არსებული ინფორმაციით, პროექტში აისახება შემდეგი საკითხები: - აზარტული თამაშების 25-წლამდე აკრძალვა (მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში ასაკობრივი ცენზი 21 წლამდეა განსაზღვრული); სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100-მეტრის რადიუსში; საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის და ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის აზარტული თამაშების აკრძალვის უზრუნველყოფა.

დეპუტატის თქმით, ე.წ. ონლაინთამაშებთან დაკავშირებით დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინ თამაშები. ასევე პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და ამ გზით საკუთარი ოჯახის წევრი იმ პირთა სიაში შეიყვანოს, ვისაც აზარტულ თამაშებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

"მთავრობის მიერ ფინანსთა სამინისტროს ავტორობით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში არის საკითხები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით და მეტის დამატებას ვითხოვდით. მეტის დამატებაში შედიოდა ასაკობრივი ცენზის კიდევ უფრო გაზდა, ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე თამაშის შეზღუდვა. ჩვენ ასევე ვითხოვდით როგორც ონლაინ მოთამაშეთა რეესტრის, ასევე რეალურ სათამაშო დაწესებულებებში მოთამაშე პირთა რეესტრის გაკეთებას, საჯარო მოხელეთათვის და ასევე, სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფ პირთათვის აზარტული თამაშების აკრძალვის სავალდებულოობას. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან დაისვა საკითხი რეკლამის აკრძალვისა და სათამაშო დაწესებულებების სასწავლო და რელიგიური დაწესებულებებიდან კანონით დადგენილი პერიმეტრის დაშორებით მოწყობის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ადამიანების აღწერა, თუ რამდენი ადამიანი არის დარეგისტრირებული მოთამაშედ. იყო საკითხები, რაზეც ჩვენ მაშინ ფინანსთა სამინისტროსთან ვერ ვთანხმდებოდით - კერძოდ, ვერ ვთანხმდებოდით ასაკზე, საჯარო მოხელეებისათვის აკრძალვის დაწესების სავალდებულოობაზე, რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლის გარეშეც პირადად მე ვფიქრობ, რომ პარლამენტს დეკორაციული ცვლილებები უნდა მიეღო და აქედან ფუნდამენტური რეფორმა არ გამოვიდოდა. ამ მიმართულებით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 600 ათასი ადამიანია ამ სერვისით მოსარგებლე, რომელიც ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემებს ქმნის. ეს ადამიანები იმ იმედით, რომ საკუთარ სოციალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ, აზარტულ თამაშებში ერთვებიან და შედეგად კიდევ უფრო უარესს მდგომარეობაში ვარდებიან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს სჭირდება. ჩვენ გადავარჩინეთ ეს რეფორმა, რომ სესიაზე წარმოდგენილი პირვანდელი სახით არ გავიტანეთ. მართალია, კანონში ცვლილებების შეტანა "გაიწელა", მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით დეკორაციას და შემდგომში პროცესის თავიდან დაძვრა ძალიან რთული იქნებოდა", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები