"ისე მიდის საქმე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია, ანტიკამპანიად იქცევა" - კვირის პალიტრა

"ისე მიდის საქმე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია, ანტიკამპანიად იქცევა"

"მაღალია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, "ქართული ოცნების" სავარაუდო ფავორიტის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია მის ანტიკამპანიად იქცეს" , - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ამიტომ იგი ზურაბიშვილს 28 ოქტომბრამდე პარიზში გაფრენას ურჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ბოლოჯერ მოხდება ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი წესით არჩევა. უფლება შეზღული პრეზიდენტის სტატუსის მოპოვებისთვის დარეგისტრირებული კანდიდატების სიმრავლე უკვე შეიმჩნევა. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც ნელ-ნელა "ხურდება".

ტრადიციულად, ხალხის გულის მოსაგებად პოლიტიკოსები უფრო კონსტრუქციულებიც გახდნენ და წინასაარჩევნო დაპირებებსაც უხვად არიგებენ.

როგორც წესი, კამპანიას პიარის თვალსაზრისით დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ეს შესაძლოა ამა თუ იმ კანდიდატის გამარჯვების საწინდარიც გახდეს. მაგრამ შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში. ბოლო ერთ კვირაში მისმა "ფრთიანმა ფრაზებმა" - აგვისტოს ომის 10 წლის თავზე და ჟურნალისტების ტვინის განძრევაზე მის რეიტინგზე უარყოფითად უკვე იმოქმედა. გახარიას ბოდიშისგან განსხავებით, ზურაბიშვილის ბოდიშმა მას ვერაფერი შეჰმატა. ამიტომ ქვეყნის სათავეში მოვა თუ არა "ქალების პრეზიდენტი", რომლის აქამდე ყველაზე ცნობილი ფრაზა იყო "ქაჯები მიდიანო", კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მართალია, "ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ამაზე მინიშნება მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა. შესაბამისად, ზურაბიშვილის პოზიციასთან დაკავშირებით მმართველ ძალას განმარტებების გაკეთება უკვე უწევს. ასე რომ, იმის ალბათობა, რომ ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს მისთვის შესაფერისი, ორბელიანების სასახლის დაკავება დღითი დღე იზრდება. რადგან "ოცნების" მფარველობის გარეშე ზურაბიშვილს ათეულშიც კი გაუჭირდება გასვლა.

ხოლო ის, რომ მმართველ ძალას შესაძლოა, ზურაბიშვილის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდეს, ამაზე პოლიტოლოგები ღიად ლაპარაკობენ. ამიტომ გია ხუხაშვილი ზურაბიშვილს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს.

"მისი განცხადებები დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა დაკვირვებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა სადამდე მიიყვანს მას, მიჭირს ამაზე პროგნოზის გაკეთება.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი შანსი, რომ ზურაბიშვილმა მეტ-ნაკლებად ნორმალური შედეგი აჩვენოს და მმართველი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვოს, არის ის, რომ აიღოს პარიზის ბილეთი გაფრინდეს და 28 ოქტომბერს, ჩამოვიდეს, აი, ამ შემთხვევაში მას რაღაც შანსი ექნება.

მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანია ანტიკამპანიად იქცეს. კი არაფერი მოიპოვოს, პირიქით, დაკარგოს. ამიტომ 27 ოქტომბრამდე გაქრეს და მერე გამოჩნდეს ასე ჯობია მისთვის. თორემ მისი კამპანია მასვე დააზიანებს, ვიდრე რამეს შეჰმატებდეს.

ის კი ცდილობს, რომ რაღაც კორექტივები შეიტანოს, მაგრამ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან. ის ვერ მოახერხებს ისე გადაწყობას რომ მშვიდი და კონსტრუქციული კამპანია აწარმოოს.

ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება კამპანია არ აწარმოოს და უბრალოდ კენჭი იყაროს", - უთხრა "კვირის პალიტრას" ხუხაშვილმა. მისივე თქმით, შანსი იმისა, რომ "ოცნებამ" გადაიფიქროს მისი მფარველობა არსებობს, ამიტომ იგი ზურაბიშვილს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რადგან სცენარის ასეთ განვითარებაში შემთხვევაში ზურაბიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"ქართული ოცნება" გაორებულ მდგომარეობაშია. ვფიქრობ, თვითონაც არ იციან მათთვის რა სჯობია. " ოცნება" ზიანდება ყოველდღიურად. მაგრამ ვიდრე, ალტერნატივა არ გაჩნდება, ეს ზიანი არ იქნება კრიტიკული და ხელისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

არჩევნებზე აქტივობა იქნება დაბალი, ფაქტობრივად "ოცნებას" მოუწევს რესურსით მუშაობა ხალხის რაღაც ინტერესის საფუძველზე მიყვანა. ნატურალური ამომრჩეველი ზურაბიშვილს არ ეყოლება, შესაბამისად ნახირივით უნდა შეყაროს საარჩევნო უბნებში ხალხი. უღირთ თუ არა ზურაბიშვილის გამო ამხელა თავის ტკივილი ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ", - გვითხრა ხუხაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პირველი პირი სტატუსისთვის ჯერჯერობით 18 კანდიდატი იბრძვის. ხოლო საბოლოოდ ვისკენ გადაიხრება სასწორის პინა 28 ოქტომბერს გაირკვევა. მანამდე კი ყველა მათგანი გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუმცა, როგორც ხუხაშვილი ამბობს, 2013 წლისგან განსხავებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის ალბათობა დიდია. ხუხაშვილის თქმით, მეორე ტურში მმართველი პარტიის ფავორიტი კანდიდატის პირისპირ გრიგოლ ვაშაძეს ვიხილავთ, რომელიც 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად ცოტა ხნის წინ წარადგინეს.

"მეორე ტურის ალბათობა არის და ეს დამოკიდებულია რამდენად მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი სამობილიზაციო ელექტორატის მობილიზებას. მეორე ტურში ყველა შემთვხვეში ვაშაძეს ვიხილავთ.

ელისაშვილის გამოჩენა გაზრდის მეორე ტურის ალბათობას მასთან დაკავშირებული ინტრიგა არის ის, რომ ის სამობილიზაციო ნაწილს თავისკენ გადაქაჩავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის მეორე ადგილზე გავა.

ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობასთან დაკავშირებით კი, როგორც ჩანს, საკითხი დახურეს და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. "ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და მარხავს", - უთხრა "კვირის პალიტრას" ხუხაშვილმა.

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)