"დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე მართმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს" - კვირის პალიტრა

"დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე მართმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს"

რუსეთის მხრიდან არაერთგზის ვაწყდებით უკანონო ქმედებებს. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას და დამერწმუნეთ, დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე მართმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გიორგი ანწუხელიძის საფლავის ყვავილებით შემკობის შემდეგ ჟურნალისტებს ოკუპაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"ის, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხეა, ეს აღიარებულია საერთაშორისოდ. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა და გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები საფრთხეების პრევენციისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებასაც გამოეხმაურა დიალოგის დაწყების შესახებ.

"იცით, რომ გვაქვს ძალიან მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი თანამოძმეების, აფხაზების და ოსების ჩვენს ქვეყანაში ინტეგრირებაზე. ამ მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ჩვენი გაძლიერება და განვითარება. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის". ასე რომ, ამ პოლიტიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის.

ამ დიალოგისთვის გვაქვს საერთაშორისო ფორმატები. ჩვენ განუხრელად ვიცავთ პრინციპს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დამოკიდებულია ამ ფორმატებზე. ის, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს მაქსიმალური კონტროლი, ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ ხდება, ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საერთაშორისო ფორმატების გაძლიერება არის იმის წინაპირობა, რომ დიალოგი რეალურ ფარგლებში შედგეს,"- განაცხადა ლევან იზორიამ.