"გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება" - კვირის პალიტრა

"გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება"

გიორგი ანწუხელიძე ჩვენი ეპოქის გმირია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და ანწუხელიძის საფლავი ყვავილებით შეამკო.

"დღეს გიორგი ანწუხელიძეს 34 წელი შეუსრულდებოდა. გიორგი ჩვენი ეპოქის გმირია, რომელმაც თავისი თავგანწირვით კიდევ ერთხელ გააძლიერა ჩვენი ისტორიული მეხსიერება და ვალდებულება - დაიცვა შენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება. დღეს ჩვენი ყველას ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა, მათ შორის თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა იზორიამ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.