"უფრო დემოკრატიული იქნებოდა, პრეზიდენტი ლატარიით შეგვერჩია" - კვირის პალიტრა

"უფრო დემოკრატიული იქნებოდა, პრეზიდენტი ლატარიით შეგვერჩია"

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა ბევრი რამ კვლავაც გაურკვეველია. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს, თუმცა ვის - ჯერ არ გადაუწყვიტია. გავრცელებული ინფორმაციით, მათი რჩეული, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი იყოს, თუმცა მისმა სკანდალურმა განცხადებებმა, აშკარაა, "ქართული ოცნება" შეაფიქრიანა. წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არაორდინარული ვითარებაა შექმნილი, რაც ამომრჩეველს, ალბათ, გვარიანად აბნევს. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მთელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ეს კრიზისი შეეხება როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებს. ამომრჩეველი კი ჩამოშორებულია პოლიტიკურ არჩევანს, რადგან ფიქრობს, რომ მხოლოდ ნეგატიური არჩევანის საშუალება აქვს, ანუ კვლავაც იძულებულია, აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. შედეგად კი მივიღეთ, რომ ყველა კანდიდატის რეიტინგი ერთნიშნა რიცხვით იზომება. ერთი კანდიდატიც არ ჩანს, ორნიშნა რეიტინგის პოტენციალი რომ ჰქონდეს. პარტიული, ადმინისტრაციული, ფინანსური რესურსის იმედით არიან, ამაზე პარაზიტობენ.

"ქართული ოცნება" ცდილობს, უხარისხო თამაში დემოკრატიის ზეიმად წარმოგვიდგინოს. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია დემოკრატიული ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა და ინსტიტუციური, პოლიტიკური დაბალანსების შესაძლებლობა თუ გაჩნდება, ეს ქვეყანას წაადგება, მაგრამ ერთია სურვილების დეკლარირება და მეორე - რეალური ქმედება. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" მიდრეკილია ძალის ცენტრების მონოპოლიზაციისკენ. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, მხოლოდ ფასადური დემოკრატიის სურათის შექმნას ცდილობენ, რადგან თვითონვე მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ძალის ცენტრი. ამასთან, უფრო აკნინებენ ამ ინსტიტუტს. ეს ჩანს როგორც საკანონმდებლო პროცესებით, ისე - მათი რიტორიკით. ისეთ სისულელეებამდეც კი მივიდნენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო ინსტიტუტის ზომა სასახლის ზომას დაუკავშირა. შესაბამისად, მათ მიერვე მაქსიმალურად დაკნინებული და დისკრედიტებული ინსტიტუტის ხარჯზე უნდათ ფასადური ფსევდოდემოკრატიის გათამაშება. ესეც ძალიან ცუდად გამოსდით. თუ ლაპარაკია სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე, მისი დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება ტრაგიკომედიაა და მეტი არაფერი.

მოყოლებული საპარლამენტო არჩევნებიდან, როდესაც ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" რესურსების ხარჯზე გახდა მაჟორიტარი დეპუტატი, უკვე წლებია, "ქართული ოცნების" ყველაზე აგრესიული აქტივისტია. ამის შემდეგ მის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ქართველი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია.

ან ჩვენ გვთვლიან ბრიყვებად, ან თვითონ არიან ისეთი ბრიყვები, რომ ეს დაიჯერეს.

- სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია სკანდალურად დაიწყო. პირველივე საჯარო გამოსვლას, როდესაც თავისი გადაწყვეტილება ამცნო საზოგადოებას, დიდი ხმაური ახლდა - ვგულისხმობ აგვისტოს ომის მისეულ შეფასებას, გასულ კვირას კი ჟურნალისტებისთვის ნათქვამს, ცოტა ტვინი გაანძრიეთო, ბოდიში მოჰყვა... ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართულად გორდება შავი პიარი, რაც სოციალურ ქსელებში თვალსაჩინოდ ჩანს... - არ არის გამორიცხული, ეს შავი პიარი "ქართული ოცნების" იმ ჯგუფსაც უკავშირდებოდეს, ვინც დღემდე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატურა უნდა ჰყავდეს და სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუჭიროს მხარი. შექმნილი ვითარებით სარგებლობას ცდილობს ოპოზიციაც, რომელიც ელის, რომ მმართველი ძალის მხარდაჭერილი ზურაბიშვილი მათთვის ანგარიშგასაწევ კონკურენტად იქცევა. თუმცა, არა მგონია, თქვენი ნახსენები პიარი მაინცდამაინც ერთი ხელით იყოს მართული, რადგან ჩვენი საზოგადოება უამისოდაც ძალიან სასტიკია. საკმარისია, ადამიანს ფეხი დაუცდეს და ყველა მზად არის, გადაუაროს. ასე რომ, ამას არ სჭირდება დიდი კოორდინაცია. ეს, ჩემი აზრით, უფრო სტიქიური პროცესია და აბსოლუტურად კანონზომიერიც. ზურაბიშვილი ამის საბაბს ყოველდღიურად იძლევა. ყველაფერი მიდის იქით, რომ ზურაბიშვილისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ყალიბდება, რაც, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვარ ადამიანების მიმართ ასეთი აგრესიული შეტევების, მეც ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონს კომპეტენციაზე მეტი ამბიცია აქვს და კარგად ვიცი, ეს ამბიცია ახლა არ გასჩენია. მას კარგად ესმის, რომ "ქართული ოცნების" აქტიური მხარდაჭერის გარეშე შანსი არა აქვს, ამიტომაც ცდილობდა და ცდილობს, მიიღოს ეს მხარდაჭერა. ის ამას ცდილობდა ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას. მაშინ პროცესების მონაწილე მეც ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორც ხდებოდა ეს.

თუ მას აინტერესებს საკუთარი რეალური ადგილი ქართულ პოლიტიკაში, თვითონ თქვას უარი მმართველი ძალის მხარდაჭერაზე. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ის ათეულშიც ვერ მოხვდება.

ერთიცაა - თუ მან მიიღო "ქართული ოცნების" დეკლარირებული მხარდაჭერა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გარეშე, ამას დიდი ეფექტი ვერ ექნება, მაგრამ თუ მმართველი ძალა სრული რესურსით ჩაერთვება ამ თამაშში, მაშინ კანდიდატის დამოუკიდებლობა უფრო დიდ ფარსად იქცევა.

აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ჩიხშია, არ იცის, რა ქნას. ერთი მხრივ, უნდა წამოწყებული დემოკრატობანას თამაშის გაგრძელება, მეორე მხრივ კი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არის დიდი პრობლემები და სავარაუდოდ, იხილება ან მისი პასიური მხარდაჭერის, ანაც ამ არჩევნებზე საერთოდ ხელის დაბანის სცენარი, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ეშინიათ, რომ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრთიდან რომელიმეს კანდიდატმა გაიმარჯვოს.

მათთვის კოშმარი იქნება, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძე რომ გახდეს პრეზიდენტი. არა იმიტომ, რომ ძალაუფლების მხრივ როგორმე დააზიანებს მმართველ ძალას, არამედ ეს იქნება დიდი პოლიტიკური მარცხი, საშუალოვადიან პერიოდში კატასტროფული შედეგებით.

მოკლედ, "ქართულ ოცნებაში" ახლა ძალიან დაბნეულები არიან. ერთადერთი პოლიტიკურად სწორი გზა ამ შემთხვევაში, ალბათ, იქნება ის, რომ თავისავე განცხადებაზე თქვან უარი, რაღაც საბაბით ისევ და ისევ ლეგალურად ჩაერიონ პროცესებში და წამოაყენონ კანდიდატი. ვინ იქნება ეს კანდიდატი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, ეს იქნება არჩევნები, რომელსაც მოიგებს არა პიროვნება, არამედ - რესურსები, ეს კი "ქართულ ოცნებას" განუზომლად დიდი აქვს, ვიდრე მთელ ოპოზიციას.

ამ რესურსებით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაშიც მოახერხებს "ქართული ოცნება" მის გამარჯვებას, მაგრამ ეს იქცევა ანეკდოტად, სასაცილო ისტორიად და

მერე ექვსი წელი მოგვიწევს, ვუყუროთ რეალითიშოუ "პრეზიდენტს", რითაც "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პროცესს გასართობად აქცევს.

არადა, "ქართულ ოცნებას" სწორად რომ წარემართა პროცესები და პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი ამოცანა გადაწყვეტილიყო, ყველაზე სწორი და ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნებოდა დავით უსუფაშვილის მხარდაჭერა. თუ რეალურად დავფიქრდებით, სახელმწიფოს როგორი მეთაური გვინდა, დავით უსუფაშვილი ამ კრიტერიუმებს ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს. დღეს მასზე გადათამაშება როგორ მოხერხდება, ან ეს რამდენად კომფორტული იქნება უსუფაშვილისთვის, ძნელი სათქმელია, თუმცა, ჩემი აზრით, სურვილის შემთხვევაში ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეიძლება. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, თუმცა ბოლო დღეებში ვხედავთ, რა ისტერიკაა ამ საკითხთან დაკავშირებით.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, "ქართულ ოცნებაში" რატომ გაცხარდნენ დავით უსუფაშვილის განცხადების გამო. მას არავისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. მან კობახიძეს უპასუხა რეალობის შესაბამისად. თვითონ ირაკლი კობახიძის განცხადება იყო მიუღებელი, როდესაც შენობის ზომა ძალაუფლების ზომას დაუკავშირა. ეს აბსოლუტური სისულელეა. უსუფაშვილმა მას მხოლოდ თავისი ადგილი შეახსენა. კობახიძეს ერთპიროვნულად მართლაც არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია და მისივე ლოგიკის თანახმად, არც მისი ადგილია პარლამენტის შენობა... ვინმეს სჯერა, რომ ის არის ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში?! მას ხომ არავინ არაფერს ეკითხება! აიღეს და დასვეს პარლამენტის თავმჯდომარედ და ამის შემდეგაც ფეხის ბაკუნისა და გაბუტვის მეტი ვერაფერი ისწავლა. უსუფაშვილმა თავისი განცხადებით მხოლოდ რეალობა აღწერა. როდესაც შენი ფორმალური სტატუსი აბსოლუტურად არ შეესაბამება შენს პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ეს აუცილებლად უნდა გითხრას ვიღაცამ.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განაყოფი "ევროპული საქართველოს" კანდიდატების შანსებს? - სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ დღესდღეობით "ნაციონალური მოძრაობის" ნატურალური, სტაბილური ელექტორატი ყველაზე დიდია - ორი პარტიის ჯამურ ელექტორატს ვგულისხმობ. ეს აღემატება "ქართული ოცნების" ელექტორატსაც. ხომ ფაქტია, რომ დღეს მმართველი პარტიის ამომრჩეველი შედგება, ერთი მხრივ, ადმინისტრაციული რესურსისგან, მეორე მხრივ კი - იმ ხალხისგან, ვისაც სძულს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგია. ეს არ არის სტაბილური ელექტორატი. თუ გაჩნდა მესამე პოლიტიკური ცენტრი, ეს ხალხი მაშინვე იქით გადაინაცვლებს და ფაქტობრივად, გატლეკილს დატოვებს "ქართულ ოცნებას".

დავუბრუნდეთ "ნაციონალურ მოძრაობას"... დღეს მისი ორი განაყოფი სწორედ ამ სტაბილური ელექტორატისთვის იბრძვის. ფაქტობრივად, იბრძვიან არა პრეზიდენტობისთვის, არამედ იმისთვის, თუ ვინ დაიკავებს მეორე პოლუსის პოზიციას, ვინ გადაქაჩავს ამ ელექტორატის უფრო მეტ ნაწილს. ეს ბრძოლა ამ არჩევნების ყველაზე დიდი ინტრიგაა.

დღეს არც ერთი კანდიდატი, ლიდერი, პარტია არ არის ლეგიტიმური ქართველ საზოგადოებაში - მხედველობაში მაქვს ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეუძლია არჩევნების მოგება რესურსების გარეშე. ასეთ ვითარებაში კარგი იქნებოდა, ლატარია გაგვეთამაშებინა და ვინც ამოვიდოდა, ის გაპრეზიდენტებულიყო. ეს უფრო დემოკრატიული იქნებოდა, ვიდრე ამ სავალალო მდგომარეობაში არჩევნების ჩატარება. ეს იქნება რესურსებით ნაყიდი ძალაუფლება...

- შექმნილ ვითარებაში რა შანსი ექნებოდა მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, თუ წამოაყენებდა საკუთარ კანდიდატურას? - სამწუხაროდ, არანაირი. მას ჰქონდა შანსი, რომელიც დიდი ხნის წინ გაუშვა ხელიდან. ის ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ძალის ცენტრად, ვერ მოახერხა კაპიტალიზაცია იმ პოლიტიკური სიმპათიის, რაც მის მიმართ იყო; ვერც ერთი პოლიტიკური პროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანა. მისი მოქმედებების გამო საზოგადოებაში მუდმივად რჩებოდა უკმარისობის განცდა. მაშინაც კი, როდესაც სერიოზულად უპირისპირდებოდა ხელისუფლებას, პროცესი ბოლომდე არ მიჰყავდა - სადღაც შუაში ტოვებდა ბრძოლის ველს...

გარდა ამისა, მას არც ჰქონია გრძელვადიანი პოლიტიკური მიზნები. როდესაც ეს მიზნები გაქვს, ცდილობ, შექმნა გარკვეული ინფრასტრუქტურა, მოიზიდო რესურსები და ა.შ. მას ეს არ გაუკეთებია... დღეს ის და მისი ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევით არის დაკავებული, არადა, ეს პროცესიც, რომელიც თეორიულად საინტერესო და სწორია, ძალიან ჰგავს ყველა იმ საქმეს, რასაც პრეზიდენტი აქამდეც აკეთებდა. აქაც დაუმთავრებლობის განცდა რჩება, რადგან, ფაქტობრივად, გაუგებარია, საით მიდის ეს პროცესი და რა იქნება შედეგი? მოკლედ, ფინალი აქაც გაურკვეველია. მარგველაშვილის მახასიათებელ ნიშნად იქცა ის, რომ იწყებს ჩხუბს და შუა ჩხუბში ტოვებს არენას, ფინალამდე არ მიდის.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქმე ის არის, რომ დიდი ხიფათის წინაშე ვდგავართ. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა. ეს მაფიოზური კლანი, ბუნებრივია, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს და არა - სახელმწიფო. დღეს არის უკანასკნელი შანსი, რომ ახალმა თავმჯდომარემ ერთგვარი ყინულმჭრელის როლი ითამაშოს და ეს კოლექტიური მურუსიძე და ჩინჩალაძე როგორმე დააბალანსოს.

აქაც ვიტყვი - ყველას და მათ შორის პრეზიდენტსაც სახელმწიფოებრივ პრიზმაში რომ გაგვეხედა, მას თავმჯდომარის შერჩევისას თამასა კი არ უნდა აეწია, "ოცნებასთან" თანამშრომლობა უნდა ეცადა. ხომ ფაქტია, რომ მან რა პროცესიც უნდა წარმართოს, თუ ის "ოცნებასთან" კოლეგიალობის პირობებში არ წარიმართა, შედეგს ვერ მოგვცემს. მარგველაშვილს კონსენსუსის ძიებით და მათთან მოლაპარაკებით უნდა ეცადა კანდიდატურის შერჩევა. ამ თამაშში "ოცნება" როგორმე უნდა ჩაეთრია, მაგრამ ასე არ ხდება. თითქოს ორივე მხრიდან არის რევერანსები - მოდი, დავილაპარაკოთო, რაც საბოლოოდ კინკლაობით სრულდება.

შედეგად ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი. როცა მართლმსაჯულების საბოლოო დაკნინების საფრთხე ჩნდება, როგორც წესი, ამას დიდი აგრესია მოსდევს და ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე.

- მოგეხსენებათ, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 716 აშშ მილიარდით განისაზღვრა. ასეთი დიდი სამხედრო ბიუჯეტი აშშ-ს არასდროს ჰქონია. ჩვენთვის ამ დოკუმენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ამერიკული სტრატეგიული ინტერესების ნაწილი ხდება... - ეს გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, რომ ჩვენი სვლა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემისკენ გრძელდება, რაც აშშ-ისთვისაც სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ რისკებია გაზრდილი. ჩვენ, ამის პარალელურად, მოვისმინეთ მუქარა რუსეთიდან, ვადევნებთ თვალს აშშ-ისა და თურქეთის დაპირისპირებას, რაც ასევე უარყოფითად აისახება ჩვენზე და ა.შ. ამ პროცესში ვერ ვიტყვი, რომ ჩვენზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გლობალური განაწილება და არ ვისურვებდი ამ სიტუაციაში ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩენას - ხომ ვიცით, თუ დიდი ბიჭების ჩხუბში პატარები ჩაერივნენ, ისინი გვარიანად გაილახებიან ხოლმე.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სიარული, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან ვიფრთხილოთ. მეთოდურად უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ზედმეტი ყოყლოჩინობისა და რიტორიკის გარეშე.

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი. აშკარაა, ის ცდილობს ტრამპისეული გლობალური კონცეფციის ჩარჩოებიდან გასვლას, ევროპულ-რუსული ურთიერთობების საკუთარი კონცეფციის შექმნას. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. კონსოლიდირებული დასავლეთი ინერციით ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ ბევრი რამ იცვლება. დასავლეთ ევროპაში სერიოზული დაძაბულობაა...

მერკელი ახლა ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას ცდილობს. ეს არის სრულიად ახალი მოვლენა და საქართველოში მისი ვიზიტი, ვფიქრობ, ამ ახალი პოლიტიკის ფორმირების ერთ-ერთი ელემენტია.

ნათია დოლიძე