"გამსახურდიასა და სააკაშვილს ბევრი რამ აქვთ საერთო" - საქართველოს პრეზიდენტთა ფსიქოპორტრეტი - კვირის პალიტრა

"გამსახურდიასა და სააკაშვილს ბევრი რამ აქვთ საერთო" - საქართველოს პრეზიდენტთა ფსიქოპორტრეტი

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" 2018 წლის არქივიდან, სადაც ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ოთხ პრეზიდენტზე საუბრობს და მათ ერთმანეთს ადარებს...

"იმპულსურობამ და ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების სურვილმა განაპირობა მის გარშემო მტრების სიმრავლეც, რამაც გამსახურდიას პოლიტიკური იდეალების ხორცშესხმაში შეუშალა ხელი"

ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი - სანამ ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება შემდეგი, ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცადეთ გაგვეხსენებინა დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი თუ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტების მართვის სტრატეგია:

ზვიად გამსახურდია

- ბევრჯერ მითქვამს, რომ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ბევრი რამ აქვთ საერთო: გამსახურდია ნამდვილად იყო უკომპრომისო, ყოველთვის ფართო მასებზე აკეთებდა გათვლას და არა ვიწრო პოლიტიკურ წრეებზე. ამასთან, მოცემულ მომენტში მოსახლეობის სურვილების მოთხოვნის შესანიშნავი შეგრძნება ჰქონდა, რასაც ზოგიერთი პოლიტოლოგი პოპულიზმს ეძახის, მე კი, ვფიქრობ, პოლიტიკოსისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია. ანალოგიური ინსტინქტები თუ პოლიტიკური ალღო ჰქონდა მიხეილ სააკაშვილსაც, თუმცა ორივეს კიდევ ერთი საერთო ნიშან-თვისება აერთიანებს - მტრების გაჩენის უნარი. სამწუხაროდ, გამსახურდიას მართვისას მოცემული მომენტის პოლიტიკური ვექტორები ამოძრავებდა და შორეულ გათვლებს არ აკეთებდა. არადა, კარგ ლიდერს უნდა შეეძლოს შორეულ პერსპექტივაში ნაბიჯების გათვლა. იმპულსურობამ და ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების სურვილმა განაპირობა მის გარშემო მტრების სიმრავლეც, რამაც გამსახურდიას პოლიტიკური იდეალების ხორცშესხმაში შეუშალა ხელი.

გარდა ამისა, ცდილობდა თამამი პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა და ხშირად უკომპრომისოც იყო, თუმცა რეალური წინააღმდეგობების დაძლევა ვერ მოახერხა, ამაში კი, გარდა პოლიტიკური მართვის გამოუცდელობისა, სწორედ პიროვნულმა სისუსტეებმა შეუშალა ხელი.

ედუარდ შევარდნაძე

- ედუარდ შევარდნაძემ, მისი გარემოცვის უმრავლესობისგან განსხვავებით, კარგად იცოდა, რამდენად დიდი გავლენა აქვს მედიას საზოგადოებაზე. მოგეხსენებათ, ედუარდ შევარდნაძის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის საინფორმაციო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი და პრესმდივანი გახლდით, ამიტომაც მასთან ხშირი კომუნიკაცია მიწევდა და მის პიროვნულ თუ პოლიტიკურ თვისებებსაც კარგად ვიცნობდი. ჰყავდა ფავორიტი ჟურნალისტები. იყვნენ ისეთებიც, რომელთა კითხვებზე პასუხის გაცემა არ სიამოვნებდა, ეგონა, რომ შეკითხვებიც არ იყო სათანადოდ მომზადებული. თუმცა, არასდროს დაუკონკრეტებია, რომელ ჟურნალისტს გულისხმობდა, - კარგად ვიცი, თუნდაც ყველაზე ცუდ და უწიგნურ ჟურნალისტს რამხელა ძალა აქვსო.

შევარდნაძე ყოველთვის სიფრთხილით გამოირჩეოდა და ყოველთვის ზუსტად აანალიზებდა, როგორი იყო მის გარშემო პოლიტიკური რეალობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მლიქვნელი ჰყავდა, არასოდეს დაუკარგავს რეალობის შეგრძნება

მახსოვს, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, ცხარე დებატების შემდეგ შესვენებაზე დერეფანში გამოვედით - რამდენიმე საათი ვკამათობდით, პარლამენტის სხდომები პირდაპირ ეთერში უნდა გაგვეშვა თუ მედიისთვის დახურული ყოფილიყო. შევარდნაძესთან კამათი დერეფანშიც გავაგრძელე და ვუთხარი, გავხსნათ საზოგადოებისთვის პარლამენტი და გავუშვათ სხდომები პირდაპირ ეთერში-მეთქი. უცებ მომიტრიალდა და მეუბნება: რას ამბობ, ბიჭო, ხალხმა პარლამენტს პირდაპირ ეთერში რომ შეხედოს, თავი მოგვეჭრებაო. ეს ის პარლამენტი იყო, რეალური და საჭირო კანონების მიღების გარდა, შალახოს ცეკვით დაწყებული, ყველაფერი რომ ხდებოდა. ერთხელ სამიტზე ვიყავით კოპენჰაგენში და ჟურნალისტებთან ერთად ვიდექი, შორიდან მოდიოდა შევარდნაძე, სადაც მთელი ევროპის ლიდერები ტრიალებდნენ და მათში შევარდნაძეს აუცილებლად გამოარჩევდით. ერთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა გადმომიჩურჩულა, ნახე, პრეზიდენტობა ზედ ატყვიაო. მას თავისი დიდი მნიშვნელობა, სულ რომ ჩუმად ყოფილიყო, მაინც ეტყობოდა და ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ პრობლემაზე უფრო დიდი მასშტაბით ფიქრობდა, ვიდრე საქართველოში ვართ ჩვეული.

მიხეილ სააკაშვილი

ერთხანს სააკაშვილის მრჩეველიც გახლდით და ხშირად ვამბობდი, პიარსამსახური კი არ ჰყავს ძლიერი, თავად მიშაშია პიარი-მეთქი, თუმცა ბოლოს მისმა უზადო ხელოვნებამ მოსახლეობის აგრესიამდე მიიყვანა. გამსახურდიასთან მისი მსგავსების სიმპტომად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ გამსახურდიას მომხრეები, ძირითადად, სააკაშვილს უჭერენ მხარს. ეს შედარებაც, თავის დროზე, სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა. სამწუხაროდ, გამსახურდიას სტილის პოლიტიკას ხანგრძლივი პერსპექტივა არ გააჩნია, ვგულისხმობ პოპულიზმს და ეს სააკაშვილმა არ გაითვალისწინა, პირიქით, სააკაშვილის ფიგურაში პოპულიზმმა დასავლური სტანდარტებიც კი გადასძლია. ის ხმაურიან პოლიტიკას ამჯობინებდა, თავადაც ასეთი ნატურაა - ხმაურიანი, მუდმივად ქაოსისა და ფორსმაჟორული ვითარების მოყვარული, რადგან ასეთ დროს მას, როგორც მესიანურ ლიდერს, მეტი ფუნქცია ენიჭება. რა თქმა უნდა, სააკაშვილი, გამსახურდიასგან განსხვავებით, პოლიტიკურ პრაგმატიზმს მოკლებული არ ყოფილა.

მიუხედავად მისი რისკიანი სტილისა, ყოველთვის ცდილობდა მისთვის მნიშვნელოვან პირთა მხარდაჭერის მოპოვებას, თუმცა ძალაუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვით, საბოლოოდ მეტი მტერი გაიჩინა ქვეყანაში, ვიდრე მხარდამჭერი.

სააკაშვილი გაცილებით უფრო თანამიმდევრული იყო დასავლურ ორიენტაციაში გამსახურდიასგან განსხვავებით, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მიმართ, ფაქტობრივად, ფილოლოგიური მიდგომა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილს რეალობის აღქმის პრობლემაც ჰქონდა, განსაკუთრებით კი მმართველობის ბოლო წლებში - ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ თითქოს ენერგიულ, მაგრამ, ფაქტობრივად, ძალაუფლებისკენ მანიაკურად მიდრეკილ მმართველს ხალხი ოდესმე უარს ეტყოდა. ამისკენ გარემოცვაც აქეზებდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის ისეთი ფსიქოლოგიური პერსონაა, ხელახლა რომ უწევდეს მმართველობის ცხრა წლის გავლა, ზუსტად იმავე შეცდომებს დაუშვებს - ასეთია მისი ფსიქოლოგია და გარემოებები მას ვერასოდეს აფერხებენ.

გიორგი მარგველაშვილი

პირადად მე, პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილი განსხვავებულ ტიპაჟად არ აღმომიჩენია, როგორც "ქართული ოცნების" წევრები და ბიძინა ივანიშვილი ამბობენ. ის თავიდანვე ნატურით ფილოსოფოსი იყო და ასეთადვე დარჩა. მას შეუძლია დღეს მებრძოლი, შეუპოვარი და უკომპრომისო პოლიტიკოსის როლი მოირგოს, მეორე დღეს კი აღმოაჩინოს, რომ ეს ყველაფერი ამაოა ამ წუთისოფელში, წავიდეს დუშეთში და კარტოფილის მოყვანით გაირთოს თავი.

წინა პრეზიდენტები, მიუხედავად თავიანთი მინუსებისა თუ პლუსებისა, პოლიტიკოსები იყვნენ, გიორგი მარგველაშვილი კი ჩემთვის ასეთ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა. ის იყო, არის და დარჩება ფილოსოფოსად. იხილეთ ფოტოგალერეა: საქართველოს პრეზიდენტების უცნობი ფოტოები

რუსუდან შელია