"ყველა დანარჩენი კანდიდატის "მარგალიტები" სალომე ზურაბიშვილმა გადაფარა" - კვირის პალიტრა

"ყველა დანარჩენი კანდიდატის "მარგალიტები" სალომე ზურაბიშვილმა გადაფარა"

სალომე ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. "ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ამ ფრაზით არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს. პოლიტიკოსები სწორედ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არიან. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადების გამო ირიბად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს ფრაზა დიდხანს გაჰყვება...

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურად ცხელი ზაფხული უფრო აქტიურ ფაზაში შედის - საქართველოს მოსახლეობა მალე ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით აირჩევს, 2024 წლიდან კი პირველი პირის არჩევის მანდატი უკვე პარლამენტის ხელში გადაინაცვლებს. მართალია, შემოდგომის არჩევნები საქართველოში უკვე მრავალწლიან ტრადიციად ჩამოყალიბდა, თუმცა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები წინამორბედებისგან მაინც განსხვავებულია - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მმართველ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, მაგრამ, როგორც ჩანს, არც უფავორიტოდ დარჩენას აპირებს. უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ "ქართული ოცნების" რჩეული პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იქნება. ამ შემთხვევაში ერთადერთ დაბრკოლებად შესაძლოა სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებები იქცეს. თუ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს იტყვის, გაიზრდება თუ არა ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შანსი, ან საერთოდ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როგორია საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო სტარტი, "კვირის პალიტრა" პიარის სპეციალისტ კახა მაღრაძეს ესაუბრა:

- ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მძაფრი კონკურენტული გარემოს შექმნა კიდევ უფრო რთული გახდა და ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ნათლად გამოჩნდა. შემცირდა პოლიტიკოსების რიცხვი, რომლებიც საზოგადოების ნდობით სარგებლობენ და ქვეყნის პირველი პირის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. საპრეზიდენტო არჩევნებში საგარეო საქმეთა ყოფილი სამი მინისტრია წარმოდგენილი, თუმცა მათთან საზოგადოებას უფრო მეტი შეკითხვა აქვს, ვიდრე უკეთესი ალტერნატივის მოლოდინი. არჩევნებიდან არჩევნებამდე არ იცვლება პოლიტიკური სუბიექტების სტრატეგიებიც - "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ისევ ორ გზავნილს სთავაზობენ ამომრჩევლებს: სახელისუფლებო ძალის კრიტიკასა და საკუთარი ფიგურის წარმოჩენას. ანალოგიური გზავნილები გვესმოდა წინა არჩევნებზეც, თუმცა, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ფაქტია, აღნიშნული მესიჯბოქსი მათ მიმართ კეთილგანწყობას არ ზრდის. როგორც ჩანს, მათ განსხვავებული სტრატეგიით წარდგომის რესურსი აღარ აქვთ.

- ამომრჩეველთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ შემდეგი პრობლემები გამოყო: უმუშევრობა, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება, დანაშაულის მატება და კორუფცია. ამ პრობლემების ფონზე, რატომ ვერ იმსახურებს ნდობას ოპოზიციური პარტიების კანდიდატებიდან თუნდაც გრიგოლ ვაშაძე, მხოლოდ არასწორი გზავნილებია პრობლემა? - ერთია პრობლემები, მეორეა, ვინ ესაუბრება საზოგადოებას ამ პრობლემებზე... ამასთან, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, წელს წარსულზე აპელირება ამომრჩეველზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ეს "ნაცმოძრაობამაც" კარგად იცის და ცდილობს არჩევნებზე ვაშაძე, როგორც ოპოზიციური ძალების კონსენსუსის პროდუქტი წარმოაჩინოს. "ნაცმოძრაობამ" აქცენტი თავიდანვე იმაზე გააკეთა, რომ ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ათმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა, ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ რეალურად ეს ათი პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, შესაძლოა არც არსებობს და ვაშაძე ერთი, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ფავორიტია.

- მმართველი გუნდის ფავორიტობის მოლოდინშია დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც - იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არა ჰყავს და დიდი ალბათობით მხარს სწორედ ზურაბიშვილს დაუჭერს, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ზურაბიშვილით საზოგადოების დაინტერესება უფრო მაღალია. რამდენად ამართლებს მოლოდინს მისი სტრატეგია? - ნათლად გამოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სტრატეგია საერთოდ არ გააჩნია, პირიქით, იმდენად ორაზროვან და გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს, აქტიურობის ნაცვლად, თავდაცვით რეჟიმში გადაერთო. არადა, საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ოფიციალურად პირველად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა, მეტისმეტად თავდაჯერებულიც კი იყო - ის როგორც უკვე მომავალი პრეზიდენტი ესაუბრებოდა საზოგადოებას და ბევრი ამან გააღიზიანა კიდეც. დღეს კი ეს თავდაჯერებულობა თითქოს გაქრა, რადგან მძიმე ბრალდებებზე პასუხის გაცემა უწევს. ვფიქრობ, ზურაბიშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მედიის მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა. "ცოტა ტვინი გაანძრიეთ" - ამ ფრაზით არათუ საპრეზიდენტო კანდიდატი, არც ერთი პოლიტიკოსი მედიას არ უნდა ელაპარაკებოდეს. პოლიტიკოსები სწორედ მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების წინაშე ანგარიშვალდებული არიან. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მსგავსი ფრაზეოლოგიით ჟურნალისტებთან ურთიერთობის გამო მედია ამ პოლიტიკოსის ნებისმიერი აქტივობის გაშუქებისგან თავს შეიკავებდა, ან ისეთ მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდა, რომ პოლიტიკოსს მედიასთან დაპირისპირების სურვილი აღარასოდეს გაუჩნდებოდა. მართალია, სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადების გამო ირიბად ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს ფრაზა დიდხანს გაჰყვება...

- რაც შეეხება მის სხვა წინასაარჩევნო გზავნილებს: "ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი, ამ საომარი ვითარების", "პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები", "მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და სახლიდან ფეხით ვივლი"... - ეს განცხადებები ამომრჩეველზე დადებითად იმოქმედებს? - სწორედ ამ განცხადებებს ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ ის თავდაცვით რეჟიმში აღმოჩნდა. სწორედ ასეთმა განცხადებებმა მისცა შესაძლებლობა ოპონენტებს, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია მარტივად წამოეწყოთ - გადახედეთ სოციალურ ქსელს, ყველა დანარჩენი კანდიდატის "მარგალიტები" სალომე ზურაბიშვილმა გადაფარა. სამწუხაროდ, მმართველი გუნდის გზავნილებიც, რომ არჩევნებზე ქალი და თანაც გამოცდილი დიპლომატი ყველაზე სასურველი კანდიდატი იქნებოდა, ნაწილობრივ უკვე დისკრედიტირებულია. ვერ გეტყვით, რომელ აუდიტორიაზე მუშაობს სალომე ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ასეთი ნეგატიური საარჩევნო სტარტის შემდეგ მან თამაშის გადატანა საკუთარ მოედანზე მოახერხოს.

ყველა კანდიდატმა უნდა გაგვაგებინოს, რატომ უნდა მივცეთ სწორედ მას ხმა, რასაც სხვა კანდიდატებიც ვერ ახერხებენ. ერთადერთი გამოკვეთილი ფიგურა, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა, ზურა ჯაფარიძეა. მართალია, მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი ჯგუფებიც მრავლად არიან, თუმცა ჯაფარიძემ იცის, ამომრჩევლის რომელ კატეგორიაზე მუშაობს და მისი პოლიტიკური გზავნილებიც ბევრად გასაგებია. გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილიც საზოგადოებას ზოგად ფასეულობებზე ესაუბრებიან, ხალხს კი უკვე კონკრეტული დაპირებები სჭირდება. ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურადაც უკვე გაიზარდა და ზოგადი, თუნდაც ძალიან ინტელექტუალური ფრაზებით მისი ნდობის მოპოვება შეუძლებელია.