როგორ "დატოვა ჯარიდან" "გირჩმა" 8 000-მდე ახალგაზრდა - კვირის პალიტრა

როგორ "დატოვა ჯარიდან" "გირჩმა" 8 000-მდე ახალგაზრდა

კობა კობალაძე: "იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, გამოხატვის თავისუფლებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის მკაფიო საზღვრის გავლებაა საჭირო. პირდაპირ ვამბობ - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის თავდაცვას აზიანებს, პასუხისმგებლობის საკითხად უნდა იქცეს"

ახალგაზრდების უმეტესობა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს - პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაციის მეშვეობით წელიწად-ნახევრის განმავლობაში 8 000-მდე წვევამდელმა სასულიერო პირის სტატუსი მიიღო.

რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" "გირჩმა" გასული წლის მარტში დააფუძნა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, ორგანიზაციას 10 000-მდე წვევამდელმა მიაკითხა, საიდანაც 8 000-მდე ახალგაზრდას მღვდელმსახურის წოდება მიენიჭა.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის მღვდელმსახურია, ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" მოწმობასაც გასცემს, რასაც "გირჩის" წევრები - მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი: არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია აწერენ ხელს.

არსებული სისტემით, ერთწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური ყოველწლიურად 6-7 ათასი ახალგაზრდის გაწვევას ითვალისწინებს, მათ რეკრუტირებას კი სამი უწყება - თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროები ეწევიან. არსებული ინფორმაციით, გაწვეულებიდან სამხედრო სამსახურში მხოლოდ 25% ხვდება, დანარჩენებს შსს-ს დაცვის პოლიციასა და ციხეების გარე დაცვაში ანაწილებენ.

ზურაბ ჯაფარიძე, "გირჩის" დამფუძნებელი: - 8 000-მდეა უკვე იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებმაც ჯარს თავი აარიდეს. ამას უამრავი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ სავალდებულო გაწვევას კავშირი არა აქვს ქვეყნის თავდაცვასთან. ამ ბიჭებს იყენებენ როგორც უფასო მუშახელს, ისე ექცევიან, როგორც მონებს - სიცხესა თუ ყინვაში საგუშაგოებზე აყენებენ და უაზროდ აკარგვინებენ ცხოვრების ერთ წელიწადს. მათ მღვდელმსახურის სტატუსს გასაუბრების შემდეგ ვანიჭებთ. ბევრი უარითაც გაგვისტუმრებია. გვაქვს ჩვენი დეკლარირებული დოგმები - მაგალითად, თუ ისინი არიან ფაშისტური იდეოლოგიის მომხრე, ან ოკუპანტი ქვეყნის მოტრფიალე, სასულიერო პირის წოდებას არ ვანიჭებთ!..

კობა კობალაძე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: - იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც მდებარეობს ჩვენი ქვეყანა, გამოხატვის თავისუფლებასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს შორის მკაფიო საზღვრის გავლებაა საჭირო. პირდაპირ ვამბობ - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის თავდაცვას აზიანებს, პასუხისმგებლობის საკითხად უნდა იქცეს.

ჩვენ ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელმაც გაწვევის სისტემა უნდა დახვეწოს. საჭიროა იდეოლოგიური მუშაობაც. ჯარისთვის ბიჭები ბავშვობიდანვე უნდა მოვამზადოთ. სკოლაში უნდა იყოს სწავლებები.

ბიჭები, რომლებმაც "გირჩის" მეშვეობით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების იოლი გზა აირჩიეს, მალე მიხვდებიან, რომ ჯარში სამსახური თითოეული ჩვენგანის ვალია. ახალგაზრდებს უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ შრომითა და ბრძოლით შევინარჩუნეთ სახელმწიფო. ილუზია იმისა, რომ ჩვენ მაგივრად ამას სხვა გააკეთებს, აბსურდია.

P.S. თითქმის ყველა ხელისუფლება, რომელიც სათავეში მოდის, აცხადებს, რომ მისი მიზანი პროფესიულ არმიაზე გადასვლა და სავალდებულო გაწვევის გაუქმებაა. ჯერ კიდევ 2014 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2017 წლისთვის ქართული ჯარი სრულად გადავიდოდა საკონტრაქტო მოდელზე. ალასანიაზე რადიკალური აღმოჩნდა მისი შემცვლელი თინა ხიდაშელი, რომელმაც 2016 წლის 27 ივნისს განაცხადა, რომ ჯარში სავალდებულო წესით გაწვევა გაუქმდა. "ძალით მოყვანილი სამხედრო არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს" - სწორად ეს იყო მაშინ ხიდაშელის მთავარი არგუმენტი. ამ ფაქტს გამოეხმაურა საერთაშორისო მედიაც, რომელიც წერდა, რომ სამხედრო გაწვევის გაუქმება უპრეცედენტო ფაქტია კავკასიის რეგიონისთვის. თუმცა ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. ლევან იზორიამ, რომელმაც ამ პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალა, ძველი პრაქტიკა ხელახლა აღადგინა და ჯარში გაწვევა კვლავ სავალდებულო გახადა.

თიკო ოსმანოვა