"პუტინს ყველაფერი შერჩა" - ბალტიისპირეთის "ჯეიმზ ბონდის" ექსკლუზიური ინტერვიუ
31-08-2018
"პუტინს ყველაფერი შერჩა" -   ბალტიისპირეთის "ჯეიმზ ბონდის" ექსკლუზიური ინტერვიუ
ერიკ-ნილს კროსი: "დასავლეთს რომ უფრო ძალისმიერად ემოქმედა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა"

"ბალტიისპირეთის ჯეიმზ ბონდი" - ასე მონათლა ჟურნალმა "პოლიტიკომ" ესტონელი პოლიტიკოსი ერიკ-ნილს კროსი, როდესაც ევროპის გავლენიან პოლიტიკოსთა რეიტინგში 23-ე ადგილი მიაკუთვნა. ის ცნობილი ესტონელი მწერლის, იან კროსის შვილია. ყოფილი დისიდენტი შემდგომში ესტონეთის დაზვერვის შეფი და პრეზიდენტის მრჩეველი გახდა, ახლა ესტონეთის პარლამენტის წევრია. რუსეთში მისი დაპატიმრების ორდერია გაცემული - 2009 წელს გემის გატაცების ორგანიზებას აბრალებენ. რუსები ირწმუნებიან, რომ გემი
მერქნით იყო დატვირთული, ესტონელები კი ამტკიცებენ, არალეგალური იარაღითო... კროსის ხელში ჩაგდებას წლებია ცდილობს რუსეთი, შტატებში კი (საიდუმლოებით მოცულ მიზეზთა გამო), დიპლომატიური ვიზიტების გარდა, შესვლა აკრძალული აქვს, თუმცა ქართველი მკითხველისთვის იგი, უპირველესად, იმით არის საინტერესო, რომ აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის
როლს ითავსებდა. ესტონელ "ჯეიმზ ბონდს" "კვირის პალიტრა" ომის მეათე წლისთავზე ექსკლუზიურად ესაუბრა:

- ომისწინა მოვლენების განხილვით დავიწყოთ. დღემდე დებატების საგანია ბუქარესტის სამიტი 2008-ში, სადაც ნატოს წევრობის ბუნდოვანი დაპირება მოგვცეს. როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა ამ დაპირებამ იმ მოვლენებში, რაც შემდგომ განვითარდა? რამდენად გადამწყვეტი იყო რუსეთისთვის მაპ-ის პრევენციის ფაქტორი?

- ბუქარესტის სამიტი ნამდვილად იყო გარდამტეხი მომენტი, ერთგვარი რუბიკონიც კი. საქართველო და მისი მეგობარი პოლიტიკური ჯგუფები ევროპასა და შტატებში მაქსიმალურად ლობირებდნენ მაპ-ის მიცემის საკითხს საქართველოსა და უკრაინისთვის.
ამერიკის პრეზიდენტი ბუში პირადად ურეკავდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა, რომ მაპ-ის მიცემა კარგი იდეა იყო. შეიძლება ითქვა, ნატოს ისტორიაში პირველად ამერიკის პრეზიდენტი ვიღაცას ლობირებდა და რაც სურდა, ვერ მიიღო.

რუსებიც არ იშურებდნენ ძალისხმევას საპირისპირო ფრონტზე, რამაც ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა შეაფიქრიანა, განსაკუთრებით ფრანგები და გერმანელები ფიქრობდნენ, რომ ეს ცეცხლთან თამაში იყო.

საბოლოოდ, კომპრომისზე შეჯერდნენ და ეს არ იყო კარგი კომპრომისი - საქართველომ და უკრაინამ მაპ-ი ვერ მიიღეს, რაც, ცხადია, რუსეთის გამარჯვებას ნიშნავდა იმ გაგებით, რომ მოსკოვმა მოახერხა გავლენის მოხდენა ნატოს გადაწყვეტილებაზე.
იმავდროულად, მიიღეთ წევრობის ბუნდოვანი პირობა - რომ ერთ დღეს თქვენ და უკრაინა ნატოს წევრები გახდებით. არც თარიღი, არც მაპ-ი, არაფერი, რაც დაპირებას რეალურ წონას შესძენდა. სამაგიეროდ, ამას ოფიციალური მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს რუსებმა, რომ ე.წ. ნატოს ექსპანსიისთვის რაიმე მოეხერხებინათ - მათ უკვე მოუწიათ ბალტიისპირეთისა და დასავლეთ ბალკანეთის დათმობამ, 2008 წლის ზაფხულში კი ყველაფერი იღონეს, რომ ნატოს კავკასიური გაფართოების იდეა ჩაეხშოთ - 8 აგვისტო იყო დღე, როდესაც რუსეთმა მოახერხა ნატოს გაფართოების შეჩერება.

- როგორ შეაფასებთ ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპსხეფერის წელს გაკეთებულ განცხადებებს, რომ რუსეთის ქმედებები მისთვის "გასაგებია" და "დასავლეთმა რუსეთის წითელ ხაზებს პატივი უნდა სცეს"?
- ძალიან გულდასაწყვეტი განცხადებაა. ნატოს ყოველთვის ჰქონდა პოზიცია, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მოდელი, გარე ჩარევის გარეშე. ასე რომ,
მიუღებელია იმის თქმა, რომ რუსეთს მსგავს საკითხებში "ანგარიში უნდა გავუწიოთ". ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა და მოსკოვს არაფერი ესაქმება ამასთან.

- ქაღალდზე ნამდვილად ასეა - დასავლური ნარატივის მიხედვით, ნატოს ექსპანსია რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, როდესაც კრემლში აცხადებენ, რომ არა მარტო ნატოს წევრობა, არამედ ანტისარაკეტო სისტემების განლაგებაც მათგან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რა აზრი აქვს იმის მტკიცებას, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის?
- რა თქმა უნდა, რუსეთი ამბობს, რომ ნატო მისთვის საფრთხეა, რომ ისინი გარშემორტყმული არიან ბოროტი, გარყვნილი და ვერაგი ლიბერალურ-დემოკრატიული დასავლეთის იმპერიებით, რომლებსაც ერთი სული აქვთ, რუსეთი დაიპყრონ. ეს იმ სალაფავიდანაა, რომელსაც საკუთარ მოსახლეობას აჭმევენ. რუსები ფიქრობენ რომ უკრაინა ქვეყანა არ არის, რომ მათ გაათავისუფლეს ევროპა, მოკლედ, ათასი "საინტერესო" აზრი მოსდით თავში. სიმართლე კი ის არის, რომ დასავლეთის დამთმობი პოლიტიკის გამო რუსეთს თავს გაუვიდა, და ისეთ აგრესიულ ქმედებებზე დავხუჭეთ თვალი, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს მომავალში. ხშირად ვიხსენებ, რომ 1939 წლის აგვისტოში, ორი კვირით ადრე, სანამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ბრიტანელი და ფრანგი დიპლომატები მოუწოდებდნენ პოლონეთს არ დაეწყო სამხედრო მობილიზება, რადგან ეს ჰიტლერის პროვოცირებას გამოიწვევდა. ნარატივიც "არ გამოიწვიო პუტინი" ამ არაკებიდანაა.

- ჯერ კიდევ ისმის კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ვინ პროვოცირებდა ვის, სააკაშვილი პუტინს­ თუ პირიქით? დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ყოფილი პრეზიდენტი ბუში, აცხადებდნენ, რომ რუსეთი ცდილობდა სააკაშვილის პროვოცირებას და რომ იგი პროვოკაციებს არ უნდა აჰყოლოდა...
- ტაქტიკური გადმოსახედიდან მართალია, რომ რუსები ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას და საქართველოს მთავრობის რეაქციის გამოწვევას, მაგრამ ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები, როდესაც თავს ესხმიან, სადამდე შეიძლება იჯდე და უყურო, როგორ ბომბავენ შენს სოფლებს?

სტრატეგიული გადმოსახედიდან კი ნატოს­ მომხრე დემოკრატიული სახელმწიფოების უბრალო არსებობაც კი რუსეთის სამეზ­ობლოში კრემლის პროვოკაციის ტოლფასია. წარმატებული უკრაინა და საქართ­ველო პროვოკაციაა რუსეთისთვის, სწორედ ამიტომ ვერ ინელებს წარმატებულ ბალტიისპირეთსაც ოფიციალური მოსკოვი. ის, რომ ხარ დამოუკიდებელი და პროდასავლური და თან არსებობ რუსეთის მეზობლად, ნიშნავს, რომ რუსი საფრთხედ მიგიჩნევს და აუცილებლად მიიღებს ზომებს. ისმის კითხვა, რამდენად ღრმად აპირებენ შეტოპვას? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 2008 წელს რომ დასავლეთს უფრო ძალისმიერად ემოქმედა, ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. იმავდროულად, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ არავინ ელოდა ომს. ვიცოდით, რომ რუსეთი, ალბათ, როგორც ყოველთვის, რაღაცას გეგმავდა, საქართველო თვეების განმავლობაში უჩიჩინებდა დასავლეთს, მაგრამ არავის სჯეროდა, რომ რუსეთი მართლაც გააჩაღებდა ომს.

- საკუთარ მემუარებში პრეზიდენტი ბუში ამბობს, რომ მან პირადად გააფრთხილა არა მარტო სააკაშვილი, არამედ პუტინიც, სააკაშვილს ცხელი სისხლი აქვსო. ეს გაფრთხილებები ხომ არ გახდა მწვანე შუქი რუსეთისთვის,­ გაებედა ის, რასაც გეგმავდა?
- არ გამოვრიცხავ, სწორედ ასე იყოს. არ უნდა შეუჩხიკინო პუტინს ასე. მას, ალბათ, სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ბუში ცდებოდა. პუტინი ძალიან კარგად კითხულობს მსგავს სიტუაციებს, ის მხოლოდ მაშინ დგამს ნაბიჯებს, როცა იცის, რომ რასაც აწაპნის, ვეღარ წაართმევენ. მან იცოდა, რომ ვერ წაართმევდნენ ყირიმს, იცოდა, რომ საქართველოს არავინ გამოესარჩლებოდა სამხედრო კუთხით, თუ ის ომს დაიწყებდა, მაგრამ, იმავდროულად, არ უცდია თბილისის ხელში ჩაგდება, რადგან იცოდა, რომ ამას არ შეარჩენდნენ.
თავისი როლი ითამაშა დასავლეთის დიპლომატიურმა ზეწოლამაც, მაგრამ გულახდილად უნდა ითქვას, რომ დასავლეთის დიპლომატიური უვერტიურები ომის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

- მაშ, როგორი უნდა ყოფილიყო დასავლეთის პოზიცია? რა უნდა გაეკეთებინა ომამდე, ომის დროს და შემდგომ?
- მარტივად რომ ვთქვათ, იყო კი მზად დასავლეთი, ეომა საქართველოსთვის? იმ დროისთვის არა, არ იყო. გულდასაწყვეტია, მაგრამ ასეთია რეალობა. არ არსებობდა სახელშეკრულებო ვალდებულება სამხედრო ჩარევის თაობაზე - პრეზიდენტი ბუში არ იყო მზად ომისთვის. მაგრამ ის, რაც დასავლეთმა ომის შემდგომ გააკეთა, ბევრად უარესია - სულ რაღაც სამი თვის შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა განაახლა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. პუტინის მეთოდებმა გაამართლა - მას ყველაფერი შერჩა.

- 2008 წელს ასევე გაიხსნა ახალი ფრონტი, რომელიც შემდგომ რუსული ჰიბრიდული ომის განუყოფელ ნაწილად იქცა. ვგულისხმობ კიბერშეტევებს ქართულ ინფრასტრუქტურაზე. როგორც ვიცი, ამ საკითხებში უშუალოდ იყავით ჩართული.
- კიბერშეტევები უფრო ადრე დაიწყო. სიმართლე ითქვას, რუსები მაშინ ისე დახელოვნებული არ იყვნენ ამ ყველაფერში, როგორც ახლა, და არც ქართული ინფრასტრუქტურა იყო მორგებული კიბერგანზომილებებს. რუსებმა სცადეს ქართული მხარისთვის კომუნიკაციის პრობლემის შექმნა -"ტეხდნენ" ვებგვერდებს, საკავშირო ხაზებს, მათ შორის სამხედრო კომუნიკაციას. სწორედ მათი დამსახურებით იღებდნენ ბუნდოვან ბრძანებებს ქართული საჯარისო ნაწილები. დარწმუნებული ვარ, ტყდებოდა" და იკითხებოდა ელფოსტა და სატელეფონო ზარები თბილისიდან და ა.შ.

- პრობლემად იქცა რუსული პროპაგანდაც. მაგალითად, რუსული არხები გამუდმებით აჩვენებდნენ კადრს, სადაც სააკაშვილი ჰალსტუხს ღეჭავს. როგორ ფიქრობთ, მსგავსი ვიზუალური მასალა რამდენად დამაზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ომზე ქართული მხა­რის ნარატივისთვის?
- მსგავსი რამის გამოყენების შანსს რუსები არასდროს გაუშვებენ ხელიდან. ფირი ორწამიანი იყო, ისინი კი იმეორებდნენ და იმეორებდნენ, ხელოვნურად გაახანგრძლივეს. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ამ და მსგავსმა ინციდენტებმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენეს ქართულ მხარეს.

- მინდა იმ ფილმზეც გკითხოთ, რომელიც მთავრობამ ჰოლივუდში შეუკვეთა - "აგვისტოს ხუთი დღე" - ერთგვარი მცდელობა, მსოფლიოსთვის დრამატიზებული სახით გვეჩვენებინა, რა მოხდა ჩვენთან. თუმცა ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა. ვისი იდეა იყო ეს?
- სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ საშინელი ფილმია. ვიცოდი, რომ ამ ფილმს იღებდნენ, მაგრამ ჩემთვის ამ საკითხზე რჩევა არ უკითხავთ. ვფიქრობ, ეს სააკაშვილის იდეა იყო და იდეის დონეზე სულაც არ არის ცუდი - კარგი ჰოლივუდური ფილმი ძალიან ძლიერი ბერკეტია. გაიხსენეთ თუნდაც "მამაცი გული"" - ქართული "მამაცი გული" არა მარტო კარგი ფილმი, არამედ წარმატებული სტრატეგიული ნაბიჯი იქნებოდა. რა თქმა უნდა, "მამაცი გული" მელ გიბსონმა გადაიღო და ეს ფილმი კი რენე ჰარლინმა, მაგრამ თეორია მაინც სწორია.

- საქართველოს ახლანდელი მთავრობა და პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი 2008 წლის მოვლენებში ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ თქვენს ყოფილ უფროსს, პრეზიდენტ სააკაშვილს მიიჩნევენ. რას ფიქრობთ ამაზე?
- ბალტიისპირეთშიც გვყავს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას აბრალებენ, რომ 1940 წელს რუსეთმა ჩვენი ოკუპაცია მოახდინა. მსგავსი შიდაპოლიტიკური თამაშები კონსტრუქციულობას არ ემსახურება, არ ემსახურება არც ქვეყნის ინტერესებს, პირიქით, ვფიქრობ, ეს ბრიყვული პოლიტიკაა.
ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილმა დაუშვა შეცდომები, მაგრამ საკუთარი ქვეყნის სამხედრო ანექსია ნამდვილად არ უცდია.

- ათი წლის შემდეგ როგორია აგვისტოს ომის მემკვიდრეობა?
- სინანულით უნდა ვთქვა, რომ დასავლეთმა ბევრი რამ ისწავლა და მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გააძლიერა საკუთარი თავდაცვითი პოზიციები იმ სისხლის ფასად, რომელიც საქართველომ გაიღო - აგვისტოს ომი იყო ახალი პერიოდის დასაწყისი ევროპულ ისტორიაში და ის ჯერ არ დამთავრებულა.

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით