"საქართველოს საკითხი გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე არ განხილულა, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის" - კვირის პალიტრა

"საქართველოს საკითხი გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე არ განხილულა, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის"

ის, რომ საქართველოს საკითხი გერმანიის კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე არ განხილულა, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად გააგრძელოს ძალადობრივი პოლიტიკა.

„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა ის, რომ მსგავს შეხვედრებზე არ არის საუბარი საქართველოზე. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტს არც გერმანიის კანცლერი, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ესაუბრება საქართველოზე, რუსეთს მიაჩნია, რომ შეუძლია საუსჯელად გააგრძელოს ის ძალადობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს. დაუსჯელად გააგრძელოს საზღვრის გადმოწევა, ჩვენი მოქალაქეების გატაცება, მკვლელობა იმიტომ, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა ამისთვის რუსეთს არ უწევს, რადგან საქართველო ფაქტობრივად აღარ არის წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში, დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობებში. ეს არის ამ ქვეყნისთვის სახიფათო",- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანია და მასთან შეხვედრისას ოპოზიცია პრობლემური საკითხების განხილვას აპირებს.

"რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გერმანიის კანცლერმა გადაწყვიტა რეგიონს და მათ შორის საქართველოს ეწვიოს. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ქალბატონ კანცლერს შევხვდეთ. შეხვედრისას განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რომელიც დგას ქვეყნია წინაშე როგორც უსაფრთხოების, ასევე შიდა დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით. გერმანიის კანცლერის, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ამოცანების განსახორციელებლად ევროპაში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით და დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დაბრუნების თვალსაზრისითაც. დემოკრატიული სისტემის გარეშე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არანაირი მომავალი არ აქვს, რაც ესმის ჩვენს მოკავშირე ყველა სახელმწიფოს",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ასევე: პუტინის შეხვედრა მერკელთან და ცეკვა ავსტრიელ მინისტრთან - საერთაშორისო სანქციები შერბილდა?