"თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი" - კვირის პალიტრა

"თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი"

თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გუბერნატორების შეცვლაზე ოპოზიციის შენიშვნებთან დაკავშირებით უპასუხა.

„განსხვავებით მოსამართლეებისგან, პროკურორებისგან და ა.შ. გუბერნატორი კანონმდებლობის თანახმად არის პოლიტიკური თანამდებობის პირი.

ბუნებრივია, აქედან გამომდინარე გუბერნატორი პირველ რიგში პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით უნდა შეირჩეს გარდა იმ კვალიფიკაციისა, რომელიც მას მოეთხოვება. გუბერნატორი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, გუნდის წევრი, აქედან გამომდინარე უნდა შეირჩეს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნითაც. თუ ვინმე ამას რამეს უწუნებს, ნიშნავს იმას, რომ მას კანონმდებლობა არ აქვს წაკითხული. შემომწირველიც ამას ნიშნავს, რომ ლოიალური უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის მიმართ. პოლიტიკური ლოიალობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლითაც გუბერნატორი ინიშნება",- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ბახტაძემ შალვა კერესელიძე დანიშნა, ქვემო ქართლის რწმუნებულად შოთა რეხვიაშვილი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება. შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია გახდა, გურიის გუბერნატორის თანამდებობა კი ზურაბ ნასარაიამ ჩაიბარა. რაც შეეხება იმერეთს, აღნიშნული რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია.