"საქართველომ უნდა დაარწმუნოს ანგელა მერკელი, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გერმანიის ინტერესებშია" - კვირის პალიტრა

"საქართველომ უნდა დაარწმუნოს ანგელა მერკელი, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გერმანიის ინტერესებშია"

სტრატეგიული კვლევების ცენტრის თავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტის დროს ორი მთავარი საკითხი, რომელიც უნდა დადგეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაა.

როგორც მენაღარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გარდა ამ საკითხებისა, უამრავი საკითხია, რომლის განხილვაც კანცლერის ვიზიტის დროს უნდა მოხდეს. ამასთან, მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ მერკელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ადგილზე უნდა ნახოს.

„იმის გათვალისწინებით, თუ რა როლი და წონა აქვს გერმანიას ევროპაში, ბუნებრივია, რომ ძალიან მაღალი და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დღეს სჭირდება დიალოგის გააქტიურება ევროპულ სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან. ჩვენ გარკვეული ჩამორჩენაც კი გვაქვს, გერმანია ტრადიციულად არის საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის მომხრე და აქტიური პარტნიორი საქართველოსი, ჩვენ კი სამწუხაროდ, ჩვენი მიდგომით ამ მოთხოვნის დონეზე არ ვართ და ეს ვიზიტი უნდა იქნას გამოყენებული იმ მიზნით, რომ ეს დიალოგი მართლაც გააქტიურდეს“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

მისივე განცხადებით, ამ ვიზიტის დროს საქართველომ უნდა დაარწმუნოს გერმანია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მის ინტერესებშია.

„საკითხების ჩამონათვალი ძალიან დიდია. ეს ეხება პოლიტიკას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ა.შ. აქ იგულისხმება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და უნდა შევძლოთ დავარწმუნოთ, რომ მის ინტერესებშია აქტიური მხარდამჭერი გახდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების. გერმანია წლების განმავლობაში სკეპტიკურად უყურებდა ამ თემას, წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ თავს იკავებდა გადამწყვეტი ნაბიჯების თაობაზე დისკუსიის დროს. ეს ვიზიტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს მიზნები ამ მიმართულებით იყოს მხარდაჭერილი. მეორე ძალიან დიდი თემა არის საქართველო-რუსეთის ურთიერთობა. მე არ ვიცი, ქალბატონი კანცლერის პროგრამა, მაგრამ მის პროგრამაში აუცილებლად უნდა იყოს სტუმრობა შიდა ქართლში და იმ უმსგავსო სიტუაციის დემონსტრირება, რომელიც რუსეთთან 2008 წლის ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. ეს უნდა მოხდეს არა იმიტომ, რომ ვიწუწუნოთ, არამედ იმიტომ, რომ მას კარგად ჰქონდეს წარმოდგენილი, რას ნიშნავს ადგილზე აგრესიული ქმედების შედეგი. იგი იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც 90-იანი წლების დასასრულს თვითონ ცდილობდა თავი დაეღწია საბჭოთა ოკუპაციის მძიმე შედეგებიდან“, - განაცხადა მენაღარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა.