"წვევამდელთა ნახევრისთვის ქვეყნის თავდაცვა, ფაქტობრივად, შარჟად იქცა" - რუსეთის ჰიბრიდული ომის მიზანიც და შედეგიც - კვირის პალიტრა

"წვევამდელთა ნახევრისთვის ქვეყნის თავდაცვა, ფაქტობრივად, შარჟად იქცა" - რუსეთის ჰიბრიდული ომის მიზანიც და შედეგიც

"რომელი ტერიტორიებდაკარგული ერი გახდის დღის წესრიგის მთავარ საკითხად იმას, მან დაუწყო თუ არა ომი ოკუპანტს საკუთარ ტერიტორიაზე?"

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 2008 წლის ომის მეათე წლისთავზეც ქართველი საზოგადოების მთავარ განსახილველ თემად იქცა, ვინ დაიწყო ომი - საქართველომ თუ რუსეთმა. საკითხის ამგვარად დაყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე შეიძლება ასხამდეს წყალს. ამას დიდწილად პოლიტიკოსთა განცხადებებმაც შეუწყო ხელი. მათ შორის სალომე ზურაბიშვილის, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატია, ვისაც შეიძლება "ქართულმა ოცნებამაც" დაუჭიროს მხარი.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი: - იმან, რაც რუსეთ-საქართველოს 10 წლის თავზე ხდებოდა, ბევრი პრობლემა ამოიტანა ზედაპირზე. რუსული ჰიბრიდული ომი რამდენიმე მიზანს ემსახურება, უპირველესად კი ქართველი საზოგადოების აბსოლუტურ დეზორგანიზაციას, დემორალიზაციასა და პრიორიტეტების აბსოლუტურ აღრევას.

რომელი ტერიტორიებდაკარგული ერი გახდის დღის წესრიგის მთავარ საკითხად იმას, მან დაუწყო თუ არა ომი ოკუპანტს საკუთარ ტერიტორიაზე? ეს ძალიან მძიმე დიაგნოზია ნებისმიერი ერისთვის, როდესაც ის იმაზე კი არ ზრუნავს, რომ ყველა ხერხით იფიქროს ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ აბსოლუტურად აღრეული აქვს პრიორიტეტები. ამას მოჰყვება დამარცხებულის კომპლექსი და ის, რომ ქვეყნის მსახურების იდეა ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, გაქრა.

სკოლებში, ჯარშიც კი, აღარ არის პატრიოტული აღზრდა. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ 2008 წლის ომის მეათე წლისთავზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელიც წვევამდელებს იწვევს ჯარში, გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის შემოდგომის გაწვევიდან დღემდე დაახლოებით 10 000 პირი გაიწვიეს, მათგან 5000-ზე ცოტა მეტმა განაცხადა თანხმობა, 4 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ კი წარადგინა ორგანიზაცია "გირჩის" გაცემული რაღაც "ბიბლიური თავისუფლების ღვთისმსახურის" მოწმობა, რათა თავი აერიდებინა ჯარში სამსახურისთვის. მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით, ღვთისმსახურები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლისგან თავისუფლდებიან. აი, ეს არის ჰიბრიდული ომის სამიზნეც და შედეგიც - დაწყებული საინფორმაციო ომით და დამთავრებული ქვეყნის ინტერესების დაცვის მოტივაციის გაქრობით, დემორალიზაციით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებით და იმით, რომ წვევამდელთა ნახევრისთვის ქვეყნის თავდაცვა, ფაქტობრივად, შარჟად იქცა, რადგან ეს ინიციატივა "გირჩმაც" გააშარჟა.

ამ ჰიბრიდული ომის მეორე ნაწილი ძალიან ეფექტიანად მუშაობს დასავლეთში, როდესაც შენი ორი საპრეზიდენტო კანდიდატი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებს განცხადებით, რომ თურმე ომი საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე გამოუცხადა რუსეთს, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოძახილს პოვებს უცხოურ პრესაში. ამ ბოლო დღეებში გერმანულ (არა მხოლოდ) პრესაში გაჩნდა სტატიები, რომელთა სულისკვეთება იყო სწორედ ის, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. ესეც ცხადყოფს, როგორ კომპლექსურად მუშაობს რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოშიც და დასავლეთშიც.

მესამე, ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის საერთაშორისო სასამართლოში ამ დავის ჩვენს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა და მოწმედ, თეორიულად, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის გამოძახება. გაგრძელება