"არავინ მოითმენს, რომ არ იყვნენ ხუთოსნები - ვალდებულები ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები"
21-08-2018
"არავინ მოითმენს, რომ არ იყვნენ ხუთოსნები - ვალდებულები ვართ, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები"
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერის მრჩეველთან რეგიონალური განვითარების საკითხებში - სოზარ სუბართან ერთად, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ახალი გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.

ვიცე-პრემიერის თქმით, სამეგრელოს რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ზრუნავს.

"გარკვეული აქცენტები მინდა გავაკეთო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთი, როგორც რეგიონი, ერთმნიშვნელონად უნდა იყოს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წამყვანი. ამისთვის ამ რეგიონს აქვს ყველაფერი. ამ რეგიონს ჰყავს
რაც მთავარია, ძალზედ შრომისმოყვარე ხალხი, ძალზედ განათლებული ადამიანები და ყველაფერია იმისთვის რაც საჭიროა, რომ რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული. ამიტომ, შერჩევის პროცესში ეს იყო ძირითადი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ბატონი ალექსანდრე მოწერელიას შესახებ. ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რეგიონში სულ
უფრო და უფრო წინა პლანზე უნდა წამოიწიონ ახალგაზრდებმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მომავალი არიან ახალგაზრდები. ერთი რამე მინდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს რომ ამ ქვეყნის, საქართველოს წარმატება გაიზომება რამდენიმე კუთხიდან - განსაკუთრებით ქალაქების წარმატებული განვითარებით. რა თქმა უნდა, ეს არის თბილისი, ბათუმი და ეს უნდა იყოს და იქნება ზუგდიდი. შესაბამისად, ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ ამ დიდ შრომაში და ღვაწლში მიიღოს მონაწილეობა. ერთმნიშვნელოვნად მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ხალხს, რომლებმაც წლების განმავლობაში იზრუნეს და იშრომეს ამ კუთხის განვითარებაზე. უნდა ვიზრუნოთ და უნდა ვიშრომოთ ორჯერ მეტად. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან იქნება მიმართული სამეგრელოზე - განსაკუთრებით ზუგდიდზე.

არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეგიონის აუცილებლობა, რომ იყოს სამაგალითო, ასევე განპირობებულია იმ დროებითი საზღვრით, რომელიც არის გვერდზე და შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ვალდებულები ვართ, სხვა რომ არაფერი იყოს, აფხაზეთის სიახლოვეს ვიყოთ საუკეთესოები. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ, კოლეგებს, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული შრომისთვის. ასევე, გითხრათ ერთმნიშვნელოვნად, რომ კიდევ უფრო მეტი შრომა იქნება საჭირო. ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთი და იგივე. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი. ბოლოს და ბოლოს ამ რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე ზრუნავს. ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა ახალი გუბერნატორის მიმართ და ეს იქნება ძირითადი მოთხოვნა სახელმწიფოს თითოეული წარმომადგენლის მიმართ," - მიმართა გიორგი გახარიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრაზე.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით