"ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავის ტკივილს უკავშირდება" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა თავის ტკივილს უკავშირდება"

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ დარწმუნდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა გარკვეულ რისკებს და სერიოზულ თავის ტკივილს უკავშირდება და ახლა ცდილობს, რაღაც ალტერნატიული ვარიანტები შეიმუშავოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატით მონაწილეობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, რომ ძალაუფლების გადანაწილების სურათი შეექმნა, უხარისხო გამოდგა.

"გამომდინარე იქედან, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომლის მხარდაჭერაც კომფორტული იქნებოდა ხელისუფლებისთვის, მათი გაგებით არ არსებობს, ბუნებრივია, დღის წესრიგში დაბრუნდა საკითხი, რომ დემოკრატიულობანას თამაში იქნებ გვერდზე გადადონ და წარადგინონ თავისი კანდიდატი. საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოჩნდება. ფაქტია, რომ ის, რასაც ხელისუფლება ცდილობდა, რომ ხელისუფლების ნებაყოფლობით გადანაწილების სურათი შეექმნა, უხარისხოდ გამოუვიდა და ცდილობს ამის შეცვლას“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილიც მოიგებდა ალბათ, არჩევნებს ხელისუფლების მხარდაჭერით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ "ექსტრავაგანტული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ეს იწვევს ზუსტად დაძაბულობას და დისკუსიას "ქართულ ოცნებაში“.

"ერთი პრობლემაა, როგორ გახადონ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ამ პროცესში შესაძლოა, ბევრი სიურპრიზი დაახვედროს თავად ზურაბიშვილმა და ამას უფრთხის ხელისუფლება, ხოლო თუ გახდა პრეზიდენტი, სხვაგვარი თავის ტკივილი იქნება. ეს რა თქმა უნდა, უნდა გამხდარიყო დისკუსიის საგანი "ქართულ ოცნებაში“. დღეს "ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არის თავად "ქართული ოცნება“. თავის თავში უნდა ეძებონ ურჩხული, თითქოს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.