"ქართულ ოცნებაში“ მცოცავად იხევენ უკან, პანიკაში არიან და ცდილობენ ივანიშვილის გამოღვიძებას" - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში“ მცოცავად იხევენ უკან, პანიკაში არიან და ცდილობენ ივანიშვილის გამოღვიძებას"

როგორც ჩანს, მარცხის რეალური საფრთხე გააცნობიერა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც უკან დახევის მანიშნებელია ანუ მცოცავად იხევენ უკან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ ჰყავთ რეალური კონკურენტუნარიანი კანდიდატი.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არ ექვემდებარება რევიზიას, "ქართული ოცნების“ დეპუტატები და დანიშნული ლიდერები მიხვდნენ, რომ არჩევნებს აგებენ, არიან პანიკაში და ცდილობენ ივანიშვილის გამოღვიძებას. ამიტომ გაჩნდა კრიტიკული შენიშვნები მათი საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართ. არავინ დაიჯერებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. ეს გამოიხატა ცალკეული დეპუტატების ბრიფინგებში, გამონათქვამებსა და ბუნებრივია, ამას არ გააკეთებდნენ ეს რომ არ იყოს აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. როგორც ჩანს, მარცხის რეალური საფრთხე გააცნობიერა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც უკან დახევის მანიშნებელია ანუ მცოცავად იხევენ უკან. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ ჰყავთ რეალურად კონკურენტუნარიანი კანდიდატი და რთულ მდგომარეობაში არიან. ამ ცაიტნოტში რა მოხდება არავინ იცის, მათ შორის არც ივანიშვილმა“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.

"ქართულ ოცნებაში“ არის ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც ბევრი პრობლემის გარეშე ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს ნებისმიერ არჩევნებზე. ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ დისკუსიაც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით - "ქართული ოცნების" ფილოსოფია არის საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები: ის, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შესაძლოა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა, თუმცა ამასთან მეორე მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე",- განაცხადა ბახტაძემ.