მოვესწარით! - ქართული ბაყაყი ევროკავშირის ”წევრი გახდა” - კვირის პალიტრა

მოვესწარით! - ქართული ბაყაყი ევროკავშირის ”წევრი გახდა”

ევროპელები უცნაური ხალხია, - კავკასიაში, ორ ზღვას შორის იყოს ქვეყანა, რომელსაც უნიკალური მინერალური წყლები, ღვინო და სამზარეულო ჰქონდეს და შენ მაინცდამაინც მისი ბაყაყებით დაინტერესდე. თუ საქართველო ოდესმე ბაყაყების ექსპორტიორი გახდებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა 10 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე კოლეგებს ახარა, ევროკავშირი ქართული ბაყაყით დაინტერესდაო. მოვესწარით! ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან ქართული ბაყაყი იქნება პირველი, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ შევა.

საქართველოში, როგორც წესი, ნებისმიერ ამბავს დიდი ჰაი-ჰუი მოსდევს ხოლმე. გთავაზობთ“ბაყაყის საკითხთან დაკავშირებულ იმიტირებულ ჰაი-ჰუის.

მიხეილ სააკაშვილი (ტრიბუნა, უკანა ფონზე საქართველოს დროშის ფერებად შეღებილი ბაყაყები): - შევარდნაძის დროს ქართულ ბაყაყებს ყიყინის თავიც არ ჰქონდათ. დღეს ისინი ყიყინებენ კიდეც, იბერებიან და თავისი წვლილი შეაქვთ ევროინტეგრაციაში.

ვერა ქობალია, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრი: - ქართულ ბაყაყს დიდი პოტენცია აქვს, უკაცრავად, პოტენციალი. ეს პოტენცია პოტენციალურად უნდა გამოვიყენოთ.

"რუსთავი 2":”- ქართული ბაყაყები მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას.

"კავკასია", რომელიმე ექსპერტი რომელიღაც საკითხებში: - ნუ, ეს პიარია, ბაყაყები ჩვენ თვითონ არ გვყოფნის და ისინი პროტესტის ნიშნად ყიყინებენ.

რადიკალური ოპოზიცია: - ბაყაყები გამოუშვით, თქვე ფარჩაკებო.

ზურაბ ნოღაიდელი: - ქართული ბაყაყი საუკუნეების განმავლობაში რუსული "ჟაბას" მეგობარი იყო.

ედუარდ კოკოითი: - ეტი ფაშისტსკიე გრუზინსკიე ლიაგუშკი უსტროილი სოროკ სედმოი გენოციდ ოსეტინსკიხ რეპტილიი.

და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გამოეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: - ბაკაკი ცკალში კიკინებს.

ჩვენ ევროპასთან ერთად კოსმოსსაც ვითვისებთ, ოღონდ არა ბაყაყებით, არამედ ლოკოკინებით. ხუმრობის გარეშე: 2008 წელს ამერიკული NASA-ს სპეციალისტებმა საქართველოში ლოკოკინები შეაგროვეს და აშშ-ში წაიღეს. ქართულ ლოკოკინას სივრცის აღქმის უნიკალური თვისებები ჰქონია და NASA მათ საექსპერიმენტოდ იყენებს.

ოღონდ საქართველოს პრეზიდენტი  აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ მიწვევას ნუ იჩქარებს. ჯერ ქართული ლოკოკინები ერთ-ერთი ხელოვნური თანამგზავრით კოსმოსში დაფრინავენ და არავინ იცის, დაბრუნდებიან თუ არა მშვიდობიანად.

მოკლედ, ბაყაყები - ევროპელები, ქართული ლოკოკინები კი კოსმონავტები გახდნენ. ამ ლოგიკით ქართულ მაჩვს, ალბათ, მალე ნატოში მიიღებენ და შემდეგ ჩვენც ნელ-ნელა შევლაგდებით ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში.

გიორგი კვიტაშვილი