"საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი დადებითი შედეგით დაასრულოს" - კვირის პალიტრა

"საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი დადებითი შედეგით დაასრულოს"

ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დადებითი შედეგით დაასრულოს.

როგორც არეშიძე "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, გამორიცხული არ არის, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილოს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"საქმე, როგორც ხდება ხოლმე, შეიძლება გაიწელოს დიდხანს, თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთია, რომ არც იმას გამოვრიცხავ დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საქმის განხილვა. თავისთავად, თუ ვიმსჯელებთ იმ ტენდენციებზე რაც არსებობს და თუ გავითვალისწინებთ იმ შუალედურ შედეგებს, რომელიც გვქონდა სტრასბურგში 2008 წლის ომის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვესწრებოდი, შემიძლია გითხრათ, რომ უაღრესად კარგი მხრივ გამოჩნდა ქართული მხარე, არამხოლოდ ფაქტების თვალსაზრისით, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც. ახლა, არ ვიცი ვადების თვალსაზრისით რამდენად გაიწელება ეს პროცესი, მაგრამ თუ დროზე მოხდა ამ საკითხის განხილვა, საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კარგი, დადებითი შედეგი მიიღოს“, - აცხადებს არეშიძე.

ექსპერტი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის გამტყუნება ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მხრიდან.

"სტრასბურგის სასამართლო აკეთებს იურიდიულ შეფასებას და ამაზეა შემდეგ დაფუძნებული პოლიტიკური შეფასება. მთავარია აქ პოლიტიკური მხარე და ამ თვალსაზრისით, რუსეთის გამტყუნება არის ერთ-ერთი ზემოქმედების ბერკეტი, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“,- განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ სხვა ტიპის პოლიტიკაც უნდა ჰქონდეს და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

არეშიძის განცხადებით, საქართველომ, შესაძლებელია, რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ინიციატივების იმპლემენტაციაც მოახდინოს, რისი რესურსიც არსებობს.

ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს არ აქვს ორიგინალური პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის არ ჰყავს ლობისტური ძალები რუსეთში.

"საქართველოს სხვა ტიპის პოლიტიკაც უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თვითონ რუსეთთან ურთიერთობებში ახალი ინიციატივების იმპლემენტაცია. არ შეიძლება ჩამოკიდებული ვიყოთ დასავლურ ტექსტებზე მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დასავლეთი ჩვენს ნაცვლად გაკეთებს საქმეს. ესე იგი, ჩვენ არ გვაქვს ორიგინალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობებში, არ გვყავს ლობისტური ძალები რუსეთში, გავლენების სისტემა ვერ შევქმენით. ეს იმიტომ კი არ არის, რომ არ შეგვიძლია, შეგვიძლია და რესურსიც არის. ახლა ჩვენ შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ, რომ კარგი იქნება თუ სტრასბურგი მიიღებს რუსეთის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ხომ არ არის პრობლემის გადაჭრა “,- განაცხადა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.

საქართველოს სახელმწიფოს ამ დრომდე ორი სახელმწიფოთაშორისი დავა ჰქონდა რუსეთთან. მათ შორის, პირველ დავაზე, რომელიც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას ეხებოდა, გადაწყვეტილება უკვე ცნობილია და ეს საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე დავას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დასკვნით სხდომაზე (2018 წლის 23 მაისს) წარდგა და ახლა გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდება.