"თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება" - კვირის პალიტრა

"თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება"

მარგველაშვილმა და ივანიშვილმა ხუთწლიანი "ცივი ომის“ უკანასკნელ დღეებში მაინც უნდა შეძლონ ერთობლივი სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე პროფესიონალის არჩევა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ამ მიმართულებით პრეზიდენტის ცალმხრივი მცდელობა არაფრის მომტანია.

"აუცილებელია მმართველი პარტიის მონდომებაც, რასაც მხოლოდ მისი თავმჯდომარის მონდომება განაპირობებს. ამიტომ, თუ საჭიროა, მარგველაშვილმა უნდა გაიხსენოს ივანიშვილის ტელეფონის ნომერი და, თუ საჭიროა, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს დასვენება პროცესის ხელშესაწყობად.

რა ჩემი საქმეა, რა უნდა ქნან მარგველაშვილმა და ივანიშვილმა? ეს ყველას საქმეა და ჩემი საქმეცაა! მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების გზაზე დაყენების შანსის გამოსაყენებლად უმაღლესი სახელმწიფო ძალაუფლებით აღჭურვილი პირებისგან, დიახაც, მოვითხოვთ უმაღლეს პასუხისმგებლობას, ნებისყოფას და გამჭრიახობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე, 2018 წლის ნოემბრამდე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პროფესიონალთა ფართო წრიდან შეარჩევს პრეზიდენტი და მისი წარდგინებით აირჩევს პარლამენტის უმრავლესობა. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, 2018 წლის ნოემბრის შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს იუსტიციის საბჭო და მისი წარდგინებით აირჩევს პარლამენტის უმრავლესობა.

საზაგადოების უდიდესი ნაწილის აღქმით, ერთი და იგივე "კარგი“ იურისტი თუ არსებული წესით შეირჩა ამ თანამდებობზე, იგი საქმეს შეუდგება, როგორც "ძალიან კარგი“ თავმჯდომარე; ხოლო თუ იგი მოგვიანებით, ახალი წესით შეირჩა, იგი საქმეს დაიწყებს, როგორც "ცუდი“ თავმჯდომარე. გასაგებია, რატომ - პირველ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარის ლეგიტიმაცია ერთმანეთისგან პოლიტიკურად გამიჯნულ ორ ინსტიტუტს დაეფუძნება, ხოლო მეორე შემთხვევაში იგი მმართველი გუნდის ფავორიტის მანტიაში გაეხვევა.

ამიტომ, მიმავალი პრეზიდენტის და მისი "მიმავალი“ კომპეტენციის გამოყენებით სწორედაც რომ მმართველი პარტია უნდა იყოს დაინტერესებული,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.