"უფრო მეტად სავარაუდოა, "ქართულმა ოცნებამ“ არც კანდიდატი დაასახელოს, არც რომელიმე სხვას დაუჭიროს მხარი" - კვირის პალიტრა

"უფრო მეტად სავარაუდოა, "ქართულმა ოცნებამ“ არც კანდიდატი დაასახელოს, არც რომელიმე სხვას დაუჭიროს მხარი"

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე "ქართული ოცნების“ მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას "ნაკლებად სავარაუდოს“ უწოდებს. როგორც ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უფრო მეტად სავარაუდოა, "ქართულმა ოცნებამ“ არც კანდიდატი დააყენოს და არც რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი და მეორე ტურს დაელოდოს.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებე საუბრისას მუდმივად იტოვებდა უკან დასახევ პოზიციას.

"როდესაც თქვეს, რომ არ ვაყენებთ კანდიდატურასო, ეს ნიშნავდა შესაბამისად, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ან ოპოზიცია გაიმარჯვებდა. ამ მხრივ მოულოდნელი მათთვის არაფერი უნდა ყოფილიყო. ვერ გეტყვით, რომ ცალსახად თქვეს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. ისინი ყოველთვის ამატებდნენ, რომ ფიქრობენ და არ უნდათ კანდიდატურის დასახელება, მაგრამ გუნდში არის სხვადასხვაობა. უკან დასახევ გზას "ქართული ოცნება“ ყოველთვის იტოვებდა, როგორც საკუთარი კანდიდატურის დასახელების, ისე იმ კუთხით, თუ ვის დაუჭერდა მხარს. ამიტომ, პრემიერის განცხადება დიდად მოულოდნელი ჩემთვის არ ყოფილა. მაინც მგონია, რომ "ქართულ ოცნებას“ დაძაბულობა და ცნობისმოყვარეობა შეაქვს პროცესში და მგონია, რომ არ დაასახელებს საკუთარ კანდიდატს. დაუჭერს თუ არა ვინმეს მხარს, იგივე ზურაბიშვილს, ცოტა რთული სათქმელია, რადგან ზურაბიშვილმა რაღაც შეცდომები დაუშვა ზოგადად ქართული პოლიტიკისთვის. მე ვფიქრობ, რომ თუ "ოცნება“ არავის დაუჭერს მხარს, გაიმართება მეორე ტური და უკვე მეორე ტურში დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, თუ მეორე ტურში გასული კანდიდატებიდან რომელიმე მათთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში დისკუსია მიმდინარეობს. კერძოდ, მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, რა სახით უნდა იყოს წარმოდგენილი "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე - უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ მიიღოს მონაწილეობა.