"შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინოა - მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას" - კვირის პალიტრა

"შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება სამარცხვინოა - მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს - თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას"

შავი ზღვის უნივერსიტეტის განადგურება, ვითომ ფორმალური პროცედურების დაცვის გამო, სამარცხვინო გადაწყვეტილებაა და არანაირი გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

მისივე შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა.

"მთავრობა ცრუობს და არ ასახელებს მთავარ მიზეზს, კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას, რომელსაც სურს თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სხვა ქვეყანაში დასჯა. მე ძალიან ბევრი გავაკეთე თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის და მიმაჩნია, რომ მეზობელთან კარგი ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამავე დროს, ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას.

ვთვლი, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის განადგურება ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ივანიშვილი კიდევ ერთხელ ლახავს ჩვენს ეროვნულ ღირსებას. უამბიციო ქვეყნებს კი, არავინ სცემს პატივს. თუ თურქეთი გამოდის თავისი ინტერესებიდან, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მათი უფლებები განათლებაზე.

საქართველოს მომავალი ხელისუფლება, რომელიც აუცილებლად შეცვლის ივანიშვილს ოქტომბრის არჩევნებზე, არავის დაისვამს თავზე და არ გაათელინებს ჩვენს ღირსებას.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა უმაღლეს დაწესებულებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს, წინ აღუდგნენ ამ უსამართლობას უკვე დღესვე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.