კავკასია გერმანიის ფიქრებში - ანგელა მერკელის ვიზიტი რუსეთის აჩრდილის ფონზე - კვირის პალიტრა

კავკასია გერმანიის ფიქრებში - ანგელა მერკელის ვიზიტი რუსეთის აჩრდილის ფონზე

კავკასია გერმანელების მოლოდინშია. დიდი მზადება მიდის სამივე რესპუბლიკაში: მობილიზებულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა, მათი საგარეოპოლიტიკური და უსაფრთხოების უწყებები, ჟურნალისტთა მთელი არმია თავიანთი სუპერთანამედროვე რადიოტელეკომუნიკაციური შეიარაღებით.

ევროკავშირის ფლაგმანი ქვეყნის - გერმანიის კანცლერი ჯერ საქართველოში ჩამოვა, ტიფლისში (როგორც გერმანელები თბილისს უწოდებენ), შემდეგ კი ერევანში გაემგზავრება და სამდღიან კავკასიურ ტურნეს ბაქოში დაასრულებს. რა თქმა უნდა, გერმანიას თითოეული კავკასიური სახელმწიფოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და ამიტომაც ბუნებრივია, რომ მიდგომებიც დიფერენცირებულია. ხატოვნად რომ ვთქვათ, ბერლინი ერთ გეოპოლიტიკურ "მარანში დაკიდებულ სამ მტევანს", თავისი ინტერესების შესაბამისად, პოლიტიკური სიმწიფის მიხედვითაც არჩევს და იმის გათვალისწინებითაც, თუ რომლიდან რა დაიწურება, თვითონ რა სარგებელს მიიღებს.

რა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ "მარანსაც" მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა ჭირდება. ასეთია ცივილიზებული ურთიერთობის პრინციპი. მართალია, გერმანული პრესა აღნიშნავს, კანცლერის სამხრეთკავკასიურ ტურნეში მთავარი ადგილი აზერბაიჯანს უკავიაო, მაგრამ რადგანაც იგი ჯერ თბილისში ჩამოდის, ამიტომაც ჩვენ მაინც საქართველოთი დავიწყოთ.

საქართველო: შეხვედრა ათი წლის შემდეგ ბოლო წლებში საქართველო არაა განებივრებული ევროპის ქვეყნების მაღალი დონის პოლიტიკოსთა სტუმრობით, მით უმეტეს - "მძიმეწონიან" სახელმწიფოთა ლიდერების ვიზიტებით. აქედან გამომდინარე, კანცლერ ანგელა მერკელის ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე იყო 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში რუსეთთან ომში დაჭრილ საქართველოში, მაინც ისტორიულად უნდა ჩაითვალოს (აქვე შევნიშნავ, რომ სხვადასხვა ქართული წყაროების თანახმად, გდრ-ში, აღმოსავლეთ გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი და გამთლიანებული გერმანიის მომავალი კანცლერი, საქართველოში 1970-იან წლებში, ახალგაზრდობის პერიოდშიც, ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა და მას მცხეთაში საკმაოდ ეგზოტიკური თავგადასავალი გადახდენია. სხვათა შორის, საბჭოთა საქართველოში ყოფნა ანგელა მერკელს 2008 წელსაც, თბილისში ვიზიტის დროსაც დაუდასტურებია. ასე რომ, შეიძლება ითქვას - დღევანდელი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში მისი მესამედ ყოფნაა). ანგელა მერკელი საქართველოში, 2008 წლის აგვისტო

სახელმწიფოთა ურთიერთობებში ათი წელი ბევრი არაა, მაგრამ არც ისე ცოტაა, რომ მას მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ნათელია, რომ თანამედროვე დინამიური და იმავდროულად პრობლემური მსოფლიო პოლიტიკის გამო ქვეყნების ინტერესებში ბევრი რამ იცვლება ხოლმე, რაც ადრე მუდმივი და უცვლელი ჩანდა. თუმცა გერმანიის დამოკიდებულებას და ინტერესებს საქართველოში, შეიძლება ითქვას, ეს პრინციპი არ ეხება: ანგელა მერკელი ისევ ის ანგელაა, რომელიც ათი წლის წინ ბუქარესტში, ნატოს სამიტზე იყო, რომლის დროსაც იგი წინ აღუდგა ჯორჯ ბუშს (და რომელზეც, ყურადღება მივაქციოთ, ვლადიმერ პუტინიც იყო მიწვეული და სიტყვითაც გამოვიდა).

ფაქტია, რომ ბუქარესტული გამბიტის შემდეგ კანცლერს ქართულ პროდასავლურ პოლიტიკურ წრეებში მაინცდამაინც პოზიტიური დამოკიდებულება არ ჩამოუყალიბდა. ამას, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ აცხადებდნენ, მაგრამ მისდამი წყენა პოლიტიკური "სამზარეულოს" საუბრებში და კულუარებში აშკარად შეიმჩნეოდა. ყველა ფიქრობდა, რომ საქართველოს ალიანსში მიღების საკითხში სწორედ გერმანია ასრულებდა ნატოს წევრ-ქვეყნებში ნეგატიური ტონის მიმცემი ქვეყნის როლს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ბოლო წლებში გერმანულ მასმედიაში რეგულარულად ქვეყნდებოდა საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების ქრონიკა, რაც გერმანიის კანონმორჩილ მოსახლეობაში გარკვეულ ანტიქართულ განწყობას ქმნიდა. ამიტომაც იყო, რომ სწორედ ისევ გერმანიამ შეიტანა ეჭვი საქართველოსთვის ლიბერალური სავიზო რეჟიმის დაწესებაში და მისი ინიციატივით იქნა მიღებული "შეჩერება-გაუქმების მექანიზმი"...

და ბოლოს, ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სწორედ ბერლინმა დაიწყო ამ მექანიზმის პრაქტიკულად გამოყენების მცდელობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში თბილისიდან რამდენიმე დელეგაცია ჩავიდა, მხარეებმა სიტუაციის გაუმჯობესების გზები დასახეს და მდგომარეობაც თანდათან უკეთესდება, თუმცა პრობლემა საბოლოოდ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის და საკითხი ისევ ღიად რჩება.

თბილისი შეშფოთებულია იმითაც, რომ ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის რამდენიმე დღის წინ გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების დროს საქართველოს თემა არ გაჟღერებულა. ქართული ოპოზიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ხელისუფლება საგარეოპოლიტიკურ კურსს ჯეროვნად ვერ ატარებს, ამიტომაც საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან ამოვარდა და, ადრინდელი პერიოდისაგან განსხვავებით, დღეს დასავლეთისთვის საინტერესო აღარ არისო. თავის მხრივ, სახელისუფლებო ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით მერკელ-პუტინის მიერ განხილული ყველა საკითხი ცნობილი არაა - ასეთი მძიმეწონიანი ლიდერები შეხვედრის დეტალებს უცებ არ ამხელენ ხოლმე - და ის, რომ კანცლერი თბილისში ჩამოდის, სწორედ საქართველოს მიმართ ბერლინის ინტერესის დადასტურებაა უმაღლეს დონეზე.

რა თქმა უნდა, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში მართლაც ბევრი რამ პოზიტიურიცაა და კეთილმეგობრულიც, გერმანია ბევრ სფეროში გვიწევს დახმარებას, მაგრამ "კრემლის აჩრდილი" მაინც თავისას შვრება: ბერლინი ტიფლისის მიმართ ფრთხილად მოქმედებს და მოსკოვთან საკუთარ ურთიერთობებს უფრთხილდება. არადა, იყო დრო ასი წლის წინათ, როცა გერმანია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე ზეწოლას ახდენდა და საქართველოსთვის უპირველეს მეგობრად და მშველელად მოიაზრებოდა, გერმანიის ელჩი ფრიდრიხ-ვერნერ ფონ დერ შულენბურგი კი იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. მაგრამ "დრონი იცვალენ": დღეს რეალ-პოლიტიკა ისეთია, რომ გერმანია იძულებულია რუსეთს ანგარიში გაუწიოს, რასაც ისტორიულ-პოლიტიკურ მიზეზებთან ერთად ეკონომიკურიც განაპირობებს (ალბათ ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად) - მის დინამიურად მზარდ და ევროკავშირში უძლიერეს ეკონომიკას სულ უფრო მეტად ჭირდება შედარებით იაფი რუსული გაზი. თუმცა ბერლინი ამერიკის საყვედურებსაც ისმენს (დონალდ ტრამპის გამოთქმა - "შენ რუსეთის ტყვე ხარ", - მართლაც დამცინავია!) და ამიტომ ცდილობს გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიცირება მოახდინოს (ამაზე ქვემოთ).

ოფიციალურად, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს აქცენტები იქნება დასმული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მეათე წლისთავსა და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე, საქართველოსთან დაკავშირებით ნატოს "ღია კარის პოლიტიკის" მხარდაჭერაზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე გერმანიასთან მიმართებით (4,5%-იანი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით), ლიბერალური სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მსოფლიოში ცნობილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობაზე (საპატიო სტუმრის სტატუსით), თუმცა აშკარაა, რომ ჩამოთვლილი საკითხებიდან ჩვენთვის მაინც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია გერმანიის პოზიციის ცვლილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში და რუსეთის როლის იგნორირება.

საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ძალებისათვის სამწუხაროდ, ანგელა მერკელი დღევანდელი ვიზიტით, როგორც ჩანს, თავის პოზიციას არ შეიცვლის. გერმანიის კანცლერი "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან", ანუ საოკუპაციო ხაზთანაც რომც მიიყვანონ (ევროკავშირი მას მხარეთა დაშორიშორების "ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზს", ანუ ABL - Administrative Boundary Line-ს უწოდებს), იგი მაინც თავისი აზრის ერთგული დარჩება. სხვათა შორის, ანგელა მერკელის გასვლის საკითხი "ფრონტის ხაზზე", სადაც, ტრადიციულად, ყველა დასავლელი პოლიტიკოსი და მაღალჩინოსანი მიდის ხოლმე, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

კანცლერისათვის მავთულხლართებთან მისვლა და რუსი მესაზღვრეების წინაშე გამოჩენა, ალბათ, მაინცდამაინც სასიამოვნო არ უნდა იყოს (ისინი აკვირდებიან!), მაგრამ დიპლომატიური თვალსაზრისით, მასპინძელი მხარისთვის, ანუ ჩვენთვის მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა სასურველია. ამიტომ, შესაძლოა, ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად ("რუსული აჩრდილის" გამო), "ფრონტის ხაზზე" ჟურნალისტების გარეშე მივიდეს. ყოველ შემთხვევაში, გერმანული მასმედია იტყობინება, რომ ანგელა მერკელის ვიზიტის პროგრამაში ეს საკითხი გათვალისწინებულია, მით უმეტეს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 11 გერმანელიც მსახურობს. ნატოს სამიტი, 2008 წელი

საინტერესოა, რომ საქართველოს მიმართ ბერლინის სკეპტიციზმი გერმანული პრესის მასალებშიც გამოსჭვივის. მაგალითად, პოპულარული და გავლენიანი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" წერს: "ერთი მხრივ, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის ევროინტეგრაციისაკენ, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ანგელა მერკელი ამუხრუჭებდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რუსეთთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო: 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სურვილს - დაწყებულიყო საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი - ანგელა მერკელმა "ცივი წყალი გადაასხა. თუმცა მან მაინც შეიტანა თავისი წვლილი 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტაში - ნიკოლა სარკოზის ვლადიმერ პუტინთან უშუამდგომლა".

აშკარაა, რომ ანგელა მერკელი ვიზიტის დროს შეეცდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს ნაკლები ყურადღება დაუთმოს (თუმცა კვლავ გაიმეორებს ბუქარესტულ "ოდესმე მიღების" თეზისს). სამაგიეროდ, ერთგვარი "კომპენსაციისა" და სოლიდარობის ნიშნად, იგი გვირგვინით შეამკობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დაღუპულ ქართველი მოსამსახურეების საფლავებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს".

მოკლედ, აშკარაა, რომ ბერლინ-თბილისის ურთიერთობაში რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდება: გერმანიის პოზიცია ჩვენთვის "მთავარი სანუკვარი მიზნის" მისაღწევ გზაზე კვლავ ბარიერად დარჩება. რას ვიზამთ, ასეთია გერმანიის "რეალ-პოლიტიკა" და ევროპული პოლიტიკის კონიუნქტურა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვსურს, ყველას თავისი ინტერესები აქვს. ბერლინის აზრით, საქართველოსთვის ამჟამად აუცილებელია არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს და მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგას, რაზედაც გერმანია, ამბობენ, მიხეილ სააკაშვილსაც აფრთხილებდა, მაგრამ მან არ შეისმინა. რაც შეეხება ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხებს, ბერლინი, ალბათ, თბილისთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ძველებურად გააგრძელებს და გააღრმავებს კიდეც, ვთქვათ, ტურიზმის სფეროში - ფაქტია, რომ გერმანულ პრესაში საქართველოს პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. შეძლებული გერმანელი ტურისტების ნაკადის ზრდა კი ჩვენთვის დამატებითი შემოსავლების წყაროა. ამ ეტაპზე ამით უნდა დავკმაყოფილდეთ.

პირველი ვიზიტი სომხეთის ახალ პრემიერთან ანგელა მერკელის ჩასვლას სომხეთში, ამასწინანდელი "ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ახალი პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ანგელა მერკელს ჯერ კიდევ ბრიუსელში შეხვდა, ივლისში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. როგორც რუსული "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, იმ დროს სომხეთის პრემიერმა ევროპელი ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელიც საკმაოდ მკვეთრი გამონათქვამით გააკვირვა, როცა განაცხადა - სანამ სომხეთზე რამეს იტყვით, დაფიქრდითო, ანუ თქვენი მოთხოვნა-პრეტენზიები იმ დახმარების შესაბამისი უნდა იყოს, რასაც სომხეთს უწევთო. მოგვიანებით ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ იგი ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, დემოკრატიის ერთგულია, მაგრამ ევროპელთა წინაშე მთხოვნელ-მხვეწნელის როლში არ დადგება. ალბათ, ანგელა მერკელი 24 აგვისტოს, ერევანში ყოფნის დროს, ამ ფონს გაითვალისწინებს. სხვათა შორის, ანგელა მერკელის სომხეთში ვიზიტს თურქებიც ყურადღებით აკვირდებიან (ანკარა-ბერლინის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე): გაზეთი Hurriyet-ი ირონიით აღნიშნავს: "ერევანში ანგელა მერკელი ციცერნაკაბერდის მემორიალს ეწვევა და მას გვირგვინებით შეამკობს. საინტერესოა, წარმოსთქვამს თუ არა სიტყვა "გენოციდს" გერმანიის კანცლერი?".

აზერბაიჯანი - გერმანიის სტრატეგიული პარტნიორი ბაქოში ანგელა მერკელის ვიზიტის კომენტირებისას, ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანიის კანცლერის ჩასვლა აზერბაიჯანში უპირველესად ენერგეტიკას უკავშირდება: "რუსული გაზსადენი "ჩრდილოეთი ნაკადი-2" ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ გერმანიას ალტერნატიული მიმწოდებელი - ანუ აზერბაიჯანის ენერგოშემცველებიც ჭირდება. ყველა შემთხვევაში, ანგელა მერკელის ვიზიტი ბაქოში, 25 აგვისტოს, მთელი რეგიონისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ სამხრეთ კავკასიაში გერმანიისთვის სწორედ აზერბაიჯანი ითვლება სტრატეგიულ როლის შემსრულებელ პარტნიორად", - ამბობს რუსულ "ნეზავისიმაია გაზეტასთან" საუბარში დიონის ჩენუშა, ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტი, რომლის ვარაუდით, გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ალბათ, მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხება, მაგრამ ბაქოს ამ მხრივ დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს. "საერთოდ კი, იმ დროს, როცა თურქეთი რუსეთს უახლოვდება, ირანი კი ამერიკას ეჯახება, გერმანიისთვის აზერბაიჯანთან დიალოგის გააქტიურება მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს", - ასკვნის ექსპერტი.

იხილეთ ასევე: ახალი "რკინის ლედი" და გერმანელთა "მუთი" - ახალგაზრდა ანგელა მერკელს ღამის გათევა მცხეთის მილიციაში მოუწია?

ფოტოგალერეა

სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)