ორი ქალაქი, ორი რეალობა - კვირის პალიტრა

ორი ქალაქი, ორი რეალობა

ბათუმში კონცერტი კონცერტზე იმართება, თბილისში კი - აქცია აქციაზე

თბილისსა და ბათუმზე მინდა დავწერო. აგვისტოში ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთი ამ დროს იცლებოდა, მეორე კი ივსებოდა. ერთში მანქანების რაოდენობა მცირდებოდა, მეორეში იზრდებოდა, ერთში ხმაური იკლებდა, მეორეში მატულობდა. წელს კი ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან იმითაც განსხვავდება, რომ ორ სხვადასხვა რეალობას ასახავს.

მარტივად თუ ვიტყვით, ბათუმში ხდება ყველაფერი კარგი, ყოველდღე ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, იმართება კონცერტები, ჩვენებები, არის მხიარულება და სუფევს იდილია. რა ხდება ამ დროს თბილისში? - თბილისში ხდება ყველაფერი ცუდი. ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ბათუმში დაიგულა, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი, ღმერთმა იცის სად, ხელი მკაცრი ღონისძიებების გატარებას მიჰყო.

ჯერ იყო და, გარე მოვაჭრეებს დაერივნენ, შემდეგ კი დევნილებს მისდგნენ. თბილისში გარევაჭრობა აკრძალეს და ყველა გარემოვაჭრე აყარეს, ასევე დევნილების რამდენიმე ასეული ოჯახი საცხოვრებლიდან გამოასახლეს. გარე მოვაჭრეებსაც ჰპირდებიან ალტერნატიული ადგილებით დაკმაყოფილებას და დევნილებსაც - კომპენსაციებს, მაგრამ იმდენად მცირეს, რომ სახლს სადმე მიყრუებულ სოფელში ან იყიდი, ან ვერა, ხოლო გარე მოვაჭრეებისთვის ბაზრებში შეთავაზებული ადგილების რაოდენობა ძალიან ცოტაა, იქ არსებული გადასახადი კი იმდენად დიდია, რომ მუშაობას აზრი ეკარგება.

მაშინ როდესაც ბათუმში ყოველ საღამოს სხვადასხვა კონცერტი და გასართობი ღონისძიება ეწყობა, თბილისში იმართება აქციები, აქეთ - გარე მოვაჭრეებისა მერიასთან და იქით - დევნილების პრეზიდენტის რეზიდენციასთან. მოსახლეობის დიდ ნაწილს მათი აქციებისა და გასაჭირის შესახებ, ალბათ, არც გაუგია.

ბევრს ამისთვის არ სცალია, ბათუმში ისვენებს, ხოლო ვინც არ ისვენებს, ისინი ინფორმაციას ვერ იღებენ. ქართული ცენტრალური ტელეარხები მათ აქციებს არც კი იმჩნევენ. პარასკევს პირველმა არხმა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა მოსკოვში ოპოზიციის დარბევას.

ჟურნალისტმა გვაუწყა, ამ დარბევის ვიდეოკადრები რუსულ ტელევიზიებს არ უჩვენებიათო, მაგრამ, ბუნებრივია, არც კი გახსენებია, რომ იმ დღეს თბილისში დევნილები და გარე მოვაჭრეებიც მართავდნენ აქციას და არც ამ აქციების ამსახველი კადრები მოხვედრილა ქართული ცენტრალური ტელეარხების ეთერში. როგორც გითხარით, ქართული არხები, ძირითადად, ბათუმის გლამურული საღამოების ჩვენებით არიან დაკავებული.

ხელისუფლებამ რეპრესიების გასატარებლად მართლაც რომ მშვენიერი დრო შეარჩია. არჩევნები ჩავლილია და უახლოესი ორი წელი აღარ იქნება, ხალხი ქალაქში არ არის, ოპოზიციაც თითო-ოროლა პოლიტიკოსითაა წარმოდგენილი (ისინიც ისვენებენ). ტელევიზიები მათ ხელშია და რასაც ეტყვიან, ისინიც იმას აშუქებენ. უთხრეს, ახლა ბათუმის და იქ მოთუხთუხე ცხოვრების გაპიარებაა მთავარიო და ისინიც მონდომებით ასრულებენ დავალებას.

როდესაც ბათუმში დასასვენებლად წასული თბილისელები ჩამოვლენ, მათ გარევაჭრობისგან გათავისუფლებული ქალაქი დახვდებათ და ამით ძალიანაც კმაყოფილი დარჩებიან. ალბათ, არც გაახსენდებათ, რა მოუვიდათ იმ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც, ვიდრე ისინი დასასვენებლად წავიდოდნენ, აქ პურის ფულს აკეთებდნენ.

ვიცი, რომ გარევაჭრობა პრობლემაა, ქალაქი ბინძურდება, დარღვეულია სანიტარიული ნორმები და რადგან პრობლემაა, ის უნდა მოგვარდეს. უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს, - სრული აკრძალვითა და გაჭირვებული მოვაჭრეების ინტერესების უგულებელყოფით. გარევაჭრობა ყველა ქვეყანაში არსებობს და არავინ მოგატყუოთ, რომ ეს მარტო ჩვენთან ხდება, უბრალოდ იქ ეს საკითხი უფრო მოწესრიგებულია.

KvirisPalitra.Geაქ კი მოწესრიგებას ურჩევნიათ ხალხის აგვისტოში აყრა, დევნილების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას - მათი ბინებიდან ძალით გამოყრა და მიზერული კომპენსაციის გადახდა.

ბათუმში კონცერტებია და მხიარულება, თბილისში - აქციები და ისედაც გაჭირვებული ხალხის წვალება. რომელია ჩვენი რეალობა?!

პრეზიდენტი ისევ დაიკარგა

თუ გაიპარა?! ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს მიგვაჩვია: წავა მივლინებით რომელიმე სამხრეთამერიკულ ქვეყანაში და შემდეგ რამდენიმე დღით გაუჩინარდება, სადღაც გაიპარება და არავინ იცის, სად არის, მათ შორის არც მის პრესსამსახურში. ადრე ეს კოსტა-რიკის პრეზიდენტ მირანდა ჩინჩილიასთან სტუმრობის შემდეგ გააკეთა, ახლა კიდევ კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩასული გაუჩინარდა.

თავად განსაჯეთ: 6 აგვისტოს ჩავიდა კოლუმბიაში, 7-ში ინაუგურაციას დაესწრო და შემდეგ ინფორმაცია მისი ადგილსამყოფლის შესახებ ხელმიუწვდომელი გახდა. 10 აგვისტოს მისი პრესსამსახურის ახალ უფროსს კითხვაზე, სად არის პრეზიდენტი, პასუხი არ ჰქონდა. მხოლოდ 11 აგვისტოს საღამოს იკადრეს და გვაცნობეს, რომ თურმე პრეზიდენტი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით კარიბის ზღვის კუნძულ არუბას სწვევია და იქაურ პრემიერ-მინისტრს შეხვედრია.

არ გავრცელებულა ამ შეხვედრის ამსახველი არც ფოტო და არც ვიდეომასალა. კარგი, ტელევიზიები თან არ იახლა, მაგრამ თუ ოფიციალური ვიზიტი იყო, პირადი ოპერატორი მაინც არ წაიყვანა? რომელი საუკუნეა, მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას რომ ავრცელებენ? სიტყვაზე უნდა ვენდოთ? კარგი, ვენდობით. თუ არუბაზე ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა, სად იყო 7-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, გზაში? რა, ტივით გაემგზავრა არუბისკენ? დააკვირდებოდით, ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში არ არის მითითებული, პრეზიდენტი არუბაზე ერთდღიანი ვიზიტით რომელ რიცხვში იმყოფებოდა. იქნებ შარშან იყო და წელს გაგვიმხილეს?

პრეზიდენტიც ადამიანია და, ბუნებრივია, დასვენება სჭირდება. ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჩვენ ხშირად გვინახავს, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია როგორ აცხადებს წელიწადში ერთხელ, რომ პრეზიდენტი შვებულებაში გავიდა და აქა და აქ ოჯახთან ერთად ისვენებს. ეს არის ნორმალური, ცივილიზებული ფორმა. სააკაშვილი კი როგორ იქცევა? არც შვებულებაში გადის, მაგრამ არც დასვენებას იკლებს.

რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მას სურს მოსახლეობას თავი მოაჩვენოს, თითქოს არასოდეს ისვენებს და სულ შრომაშია? ან იმიტომ ხომ არა, რომ ბიუჯეტის, ანუ ჩვენი, გადასახადის გადამხდელების ხარჯზე დაისვენოს? როცა შვებულებაში გადიხარ, მივლინებას ვერ გააფორმებ. ახლა კი ბატონი პრეზიდენტი ოფიციალურად მივლინებაში ბრძანდება, ერთი-ორი დღის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს, დანარჩენი დღეები ისვენებს.

ფული საიდან იხარჯება? - ბუნებრივია, ბიუჯეტიდან. მაინტერესებს, არის თუ არა ეს კანონის დარღვევა? არის თუ არა ეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა? დაისვენოს, ვინ უშლის, მაგრამ ისე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება.