ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია
23-08-2018
ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც მერკელი საქართველოს ეწვია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.

სტუმრის მისაღებად თვითმფრინავთან განთავსებული იყო საპატიო ყარაულის კორიდორი.

აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უმასპინძლებს. პრემიერი გერმანიის კანცლერთან ჯერ პირისპირ შეხვედრას, შემდეგ კი გაფართოებული ფორმატის აუდიენციას გამართავს.

პირისპირ
და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციიდან ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც კანცლერი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.

დღის ბოლოს კი, გერმანიის კანცლერი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.


რაც შეეხება ანგელა მერკელის ვიზიტის გაგრძელებას
24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს გამართავს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტების შემდეგ, მერკელი EUMM -ის პროგრამის ფარგლებში გამართავს შეხვედრას.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. კანცლერს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით